დიდი 10 | ბათუმი 49:17 არწივები

დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურში, ‘ბათუმმა’ ოზურგეთის ‘არწივების’ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსით, 49:17 გაიმარჯვა.

ზღვისპირელები 49 ქულით მე-3 ადგილზე არიან და თუ ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ. ‘არწივები’ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება და დიდი 10-ში დასარჩენი ფლეი ოფისთვის ემზადება.

ბათუმში თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და საწყის 10 წუთში 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მამუკა ნინიძემ ანგარიში ჯარიმით გახსნა, მერე კობა ბუჯიაშვილმა გაჭრა ხაზი მეტოქის 22-ში და მარჯვენა ფრთაზე მარტოდ დარჩენილმა პენი მაკამ ლელო გაიტანა, მე-9 წუთზე კი ფეხით გადაკიდებული ბურთი ნინიძეს ჩაუვარდა ხელში, ედვის სასმა კარგად ირბინა, ხოლო ლელო ჯაბა შათირიშვილმა მიითვალა და ნინიძემ გარდასახა.

ამის შემდეგ ‘არწივებმა’ შეძლო ბურთზე კონტროლის დამყარება, გააფთრებით შეუტია და ლუკა კოხიამ ძელებსშუა საპასუხო ლელო გაიტანა. სტუმრებმა შეტევები გააგრძელეს, მეტოქის 22-ში დიდი დრო გაატარეს და 27-ე წუთზე კონსტანტინე გაზაშვილმა 5-მეტრიანი შერკინების შემდეგ მეორე ლელო გაიტანა. მარვინ ფრედერიქსმა ორივე გარდასახა – 15:14.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ნინიძემ და ფრედერიქსმა ჯარიმები გაცვალეს, რის შემდეგაც ‘ბათუმი’ სრულად დაეუფლა უპირატესობას და 5 უპასუხო ლელო გაიტანა: 54-ე და 65-ე წუთებზე 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლები გიორგი მენაბდიშვილმა ლელოებად აქცია; 68-ეზე სწრაფი ხელდახელ კონტრშეტევა კობა ბუჯიაშვილის ლელოთი დასრულდა; 73-ეზე თავი აუსტინ პრინსმა, ხოლო ბოლო წუთზე მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლეშა ფოფხაძემ გამოიჩინეს. ნინიძემ სამი გარდასახა – 49:17.