დიდი 10 | ბათუმი 12:22 ლელო

თბილისის ‘ლელო სარასენსმა’ ‘ბათუმს’ სტუმრად 22:12 სძლია და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

16 თამაშის შემდეგ დიდ დიღმელებს 62 ქულა აქვთ და 8-ით უსწრებენ უახლოეს მდევარ ქუთაისის ‘აიას’, რომელიც ტურის მატჩს 3 მარტს რუსთავში, ‘ხარებთან’ გამართავს. ‘ბათუმი’ 44 ქულით მესამე ადგილზე რჩება.

აღსანიშნავია, რომ ‘ლელომ’ მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი ‘ბათუმისგან’ იწვნია (0:22), რითაც მაშინ „სარბიელის სინი“ დაკარგა და ახლა იმ მარცხისთვის რევანში აიღო.

ირაკლი ყიასაშვილმა სტუმრები მე-3 წუთზე ჯარიმით დააწინაურა. მე-14 წუთზე ლუკა სახელაშვილს ფეხით თამაშისას ლაშა ფოფხაძემ დაუფარა და ლელო გაიტანა. მამუკა ნინიძემ გარდასახა. სტუმრებმა ძალისმიერ თამაშში უპირატესობა მოიპოვეს და 26-ე წუთზე ლელო გაიტანეს. მოლს ფორვარდების ორი მიძალება მოყვა და მიზანს დავით აბდუშელიშვილმა უწია.

ტაიმის ბოლოს ‘ლელოს’ შერკინებამ ჯერ ჯარიმა გამოიმუშავა, მერე კარგი მოლი ააგორა და ის სანდრო ქოიავას ლელოთი დასრულდა. ყიასაშვილმა გარდასახა და სტუმრებს ტაიმი 15:7 მოაგებინა.

მეორე ტაიმი 7 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ‘ლელოს’ მოლმა დაახლოებით 10 მეტრი იარა და აბდუშელიშვილმა დუბლი გაიფორმა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა. ‘ბათუმმა’ ბოლოსღა შეძლო პასუხის გაცემა. ნიკა სვიმონიშვილმა ყვითელი ბარათის შემდეგ მსაჯთან კამათისთვის წითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებმა იქვე მოლი ააგორეს და თორნიკე გაბელაიამ ლელო გაიტანა, მაგრამ ‘ბათუმმა’ მეტი შედეგიანი შეტევის განხორციელება ვეღარ მოახერხა – 12:22.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დავით აბდუშელიშვილი გახდა.