დიდი 10 | არესი 27:24 ყაზბეგი

ქუთაისის ‘არესმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 27:24 სძლია და საჩემპიონო ფლეი ოფში თამაში დაიბევა. ამასთან, ‘არესმა’ მეოთხედ დაიცვა „სარბიელის სინი“.

„აია არენაზე“ თამაში მასპინძლების შეტევებით დაიწყო და 23 წუთში 21-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ბაქარ ბურჯალიანმა ორი მოლი ლელოებით დაასრულა, მერე კი ქუთაისელებმა კარგი ხელდახელ შეტევა განახორციელეს და ლელო ლაშა ხურცილავამ გაიტანა. გიორგი თევდორაძემ სამივე გარდასახვა გამოიყენა.

‘ყაზბეგი’ არ გატყდა და თამაშში მალევე დაბრუნდა. 28-ე წუთზე მიხეილ ახობაძემ შერკინების შემდეგ კარის წინ გაჭრა ხაზი, გრძელი გადაცემით ლუკა ალიბეგაშვილი მოძებნა და მან პირველი საპასუხო ლელო გაიტანა, შესვენების წინ კი ფრთაზე თავად ახობაძე გაიქცა. ლაშა გედეხაურმა ორივე გარდასახა – 21:14.

მეორე ტაიმის დასაწყისში გედეხაურმა და თევდორაძემ ჯარიმები გაცვალეს. ტაიმის შუაში თევდორაძემ ორი ჯარიმიდან კიდევ ერთი გაიტანა და ‘არესი’ 10 ქულით დააწინაურა. ბოლო წუთზე ახობაძემ საკუთარი 22-იდან წამოიწყო კონტრშეტევა და მეტოქის 22-მდე ირბინა, ლელო კი ნიკა ბაგაშვილმა გაიტანა. გედეხაურმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 27:24.

‘არესს’ 47 ქულა მოუგროვდა, მე-4 ადგილზე აღზევდა და თუ ბოლო ტურში მისი შენარჩუნება მოახერხა, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს. ‘ყაზბეგს’ 34 ქულა აქვს და მიმდინარე სეზონს მე-8 ადგილზე დაასრულებს.