დიდი 10 | აკადემია 13:31 ყოჩები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 31:13 სძლია, ბონუსიც აიღო და სატურნირო ცხრილში ერთბაშად მე-4 საფეხურამდე აღზევდა.

„მხატვრებმა“ მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენეს და ყველაზე მცირე სხვაობით დამარცხდნენ, მაგრამ საცხრილო ქულა ვერც ამ ჯერზე აიღეს.

„რაგბი პლატოზე“ თავიდან ‘აკადემია’ დაწინაურდა. ერეკლე თათარაშვილმა დებიუტში ორიდან ერთი ჯარიმა გაიტანა. ‘ყოჩებმა’ მე-9 წუთზე უპასუხა. 10-მეტრიან წყვეტილთან დანიშნული შერკინებიდან ბურთი მარჯვენა ფრთაზე  ჩათამაშდა, სადაც კოტე მარჯანიშვილმა სიჩქარე აკრიფა და ლელომდე ირბინა.

თათარაშვილს 22-ე წუთზე ჯარიმით შეეძლო თავისიანების დაწინაურება, მაგრამ სადგამიდან ბურთი ორჯერ ჩამოუვარდა, არეკნი კი არაზუსტი აღმოჩნდა. 24-ე წუთზე ლევან გოგოლაშვილმა თავისი ნახევრიდან წამოიწყო შეტევა, ის მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა და აკაკი მარშანიას ლელოთი დასრულდა. 32-ე წუთზე ‘ყოჩებმა’ ფორვარდებით შეუტია და გიორგი მაზმიშვილმა თავისი გუნდის მესამე ლელო გაიტანა.

ლაშა მალაღურაძემ ბოლო ორი გარდასახვა გაიტანა. ‘აკადემიამ’ ტაიმის მიწურულს 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შუტია და გუგა ჯინჯოლავამ ერთი ლელო გაქვითა – 8:19.

47-ე წუთზე გოჩა თავართქილაძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი ცენტრში მოხსნა, თავად შეუტია, ხაზი სუფთად გაჭრა და ძელებსშუა ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. მალაღურაძემ გარდასახა. 50-ე წუთზე ‘ყოჩები’ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ (სინბინი – გიორგი მაზმიშვილი), ერთ წუთში გიორგი  კილაძე მოლს მოწყდა და მეორე საპასუხო ლელო გაიტანა, გარდასახვა კი არაზუსტი იყო.

‘აკადემია’ ინიციატივას დაეუფლა, მაგრამ ქულის აღება ვეღარ შეძლო. ‘ყოჩებმა’ მეტოქე კონტრშეტევაზე 71-ე წუთზე გამოიჭირა და არჩილ თურქიამ ალამთან გატანილი ლელოთი საკუთარ გუნდს ბონუს-ქულაც მოუპოვა – 31:13 ბოლნისელების სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე აკაკი მარშანია გახდა.

ამ მოგების შემდეგ ‘ყოჩებს’ 41 ქულა მოუგროვდათ და მე-4 ადგილზე აღზევდნენ, თუმცა დიდი 10-ის მე-16 ტურის ორი მატჩია ჩასატარებელი და ეს მოცემულობა შეიცვლება.