ბორჯღალოსნები | უკეთესი მეორე ტაიმით და ბონუსით ესპანეთთან

ბორჯღალოსნებმა ესპანეთის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხეს, შესვენების შემდეგ 5 უპასუხო ლელო გაიტანეს და ბონუსით, 38:3 გაიმარჯვეს.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 14 ქულა მოაგროვა და ა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც თასის ნახევარფინალში საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა და 2, ან 3 მარტს რუმინეთს დაუხვდება, რომელიც ბუქარესტში პორტუგალიასთან 24:49 დამარცხდა ბ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

ეს იყო ამ გუნდების 25-ე დაპირისპირება და საქართველომ ესპანეთი 21-ედ დაამარცხა (1 ფრე) – მიჯრით მე-13-ედ. ესპანეთთან 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა თედო აბჟანდაძემ, თენგიზ პერანიძემ კი ბორჯღალოსნების 35-წლიან ისტორიაში მე-800-ე ლელო გაიტანა.

ორი განსხვავებული ტაიმი

ესპანეთთან ჩვენმა გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. ისე, როგორც განვლილ ორ შეხვედრაში, პირველ ტაიმში თამაშის დალაგება გაგვიჭირდა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი და უნებლიე შეცდომები, რამაც 37-ე წუთამდე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა არ მოგვცა.

მეტოქის 22-ში გატარებული დიდი დროის მიუხედავად, სტუმრებმა დებიუტში მოახერხეს თავის დაცვა, ტაიმის შუაში კი მათ რთული პოზიციიდან ჯარიმა კარში დაარტყეს და ანგარიში გახსნეს. რეალურად, ესპანეთს ამის მეტი ქულების აღების შესაძლებლობა არც ქონია.

გაშვებული ჯარიმის შემდეგ ბორჯღალოსნები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდ გაჭრეს ხაზი. მათ ჯარიმით წონასწორობის აღდგენაზე უარი თქვეს, 37-ე წუთზე დერეფნიდან მოლი დააყენეს, რასაც გიორგი კვესელაძის, ბექა გიგაშვილის და მიხეილ ბაბუნაშვილის დარტყმები მოყვა, თენგიზ პერანიძემ ლელოდან 5 მეტრში რაქის გვერდით შეუტია და ლელო გაიტანა, ლუკა მატკავამ კი გარდასახვის შემდეგ პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა – 7:3.

მეორე ტაიმში საქართველო უფრო მრავალფეროვნად უტევდა და ეს ეტაპობრივად ანგარიშზეც აისახა. მეორე ლელო 48-ე წუთზე გავიდა. დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ მაღალ ტემპში შევუტიეთ, სპანდერაშვილს ხაზის გაჭრამდე სულ ცოტა დააკლდა, რასაც აკა ტაბუცაძეზე გრძელი გადაცემა მოყვა. მან მცველს ერთი-ერთზე აჯობა და თავისი 32-ე სანაკრებო ლელო გაიტანა.

53-ე წუთზე 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგი მოლი ავაგორეთ, რომელიც მეტოქემ წესების დარღვევით შეაჩერა და საჯარიმო ლელოსთან ერთად, სინბინითაც დაისაჯა. ორიოდე წუთში ყვითელი ბარათი კიდევ ერთმა ესპანელმა მიიღო და მთელი 8 წუთი ფაქტობრივად სტუმართა 22-ში გავატარეთ, მაგრამ ლელო ვერ გავიტანეთ.

65-ე წუთზე უპირატესობა გიორგი კვესელაძემ გაზარდა. ცენტრში კონტრშეტევა ილია სპანდერაშვილმა წამოიწყო. მირიან მოდებაძემ იერიში გრძელი გადაცემით მარცხენა ფრთაზე გააგრძელა, სადაც კვესელაძის პასის შემდეგ კიდესთან სანდრო თოდუა გაიქცა, რომელმაც ბურთი გიორგის დაუბრუნა. ოფოუდის შემდეგ კვესელაძემ ოვალს ფეხი წაკრა და ლელოში დაახტა.

შეხვედრის მიწურულს კიდევ ორი ლელო გავიტანეთ. პირველ ეპიზოდში მოლს საჭირო დროს მიხეილ ბაბუნაშვილი მოწყდა, ბოლოს კი ირაკლი აფციაურმა ითამაშა კარგად, რაქიდან გამოვარდნილ ბურთს ჯერ ფეხი წაკრა, მერე დემე თაფლაძეს ოფლოუდი გაუხერხა და მან ძელებსშუამდე ირბინა. თედო აბჟანდაძემ ორივე გარდასახა – 38:3.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ილია სპანდერაშვილი გახდა.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. მესამე ტური

17 თებერვალი. თბილისი. ავჭალა. 3500 მაყურებელი

საქართველო – ესპანეთი 38:3 (7:3)

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

6 ლელო: პერანიძე, ტაბუცაძე, საჯარიმო, კვესელაძე, ბაბუნაშვილი, თაფლაძე

3 გარდასახვა: მატკავა, აბჟანდაძე (2)