ბორჯღალოსნები | მძიმე მოგება გერმანიაში

ბორჯღალოსნებმა 2024 წლის პირველ მატჩში გერმანია დესაუში 28:17 დაამარცხეს. ქარსა და წვიმაში, საქართველომ მასპინძლებს 4 ლელო გაუტანა, მაგრამ თავად ორი მიიღო და ბონუს-ქულა ვერ აიღო, რაც გერმანიისთვის დიდი მიღწევაა.

ეს იყო ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის და მისი ასისტენტების – შონ სოვერბისა და კონორ მაკფილიპსის სადებიუტო შეხვედრა. ასევე დებიუტი ქონდა ხუთ მოთამაშეს – გიორგი ახალაძე და ლუკა ცირეკიძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქართველიშვილი და დავით ხუროშვილი კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვნენ.

ბორჯღალოსნების 35-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ნაკრების კვართი 301-მა მორაგბემ მოირგო. მამაიაშვილი გახდა მე-300-ე მოთამაშე, რომელსაც ეს პატივი ერგო. დებიუტანტების გარდა განაცხადში 10 ისეთი მორაგბე იყო, რომელთა ანგარიშზე 10-ზე ნაკლები კეპია.

მძიმე სათამაშო პირობებთან ერთად, ალბათ ამის ბრალიც იყო თამაში სანახაობრივი რომ ვერ გამოვიდა. სტუმრებმა მხოლოდ ეპიზოდებში შეძლეს ხელდახელ ბურთის ჩათამაშება და ორი ლამაზი ლელოს გატანა, რომელთაგან ერთ-ერთი კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ანგარიშზეა, რომელმაც მე-100 კეპი მოიხვეჭა და გახდა მე-7 ქართველი ცენტურიონი.

ეს იყო ამ გუნდების მე-10 დაპირისპირება და 10-ივე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა სულ პირველი, 1995 წლის დაპირისპირების შემდეგ (14:3), პირველად დაფიქსირდა ყველაზე მცირე, 11-ქულიანი სხვაობა, რაც გერმანიისთვის მისაღები შედეგია და ტრიბუნაზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი, რომელთა შორის ქართველი ქომაგებიც იყვნენ, კმაყოფილი დარჩნენ.

ორ-ორი ლელო ტაიმში

მძიმე, ატალახებულ გრუნტზე, ფავორიტმა ვერ შეძლო სათანადო უპირატესობის მოპოვება, რისი მიზეზიც ერთის მხრივ დაშვებული შეცდომები, მეორეს მხრივ კი მასპინძლების თავდადებული თამაში იყო.

ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. საქართველომ მეტოქე 5-მეტრიან შერკინებაში დაჯაბნა და საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, დაშვებულმა შეცდომებმა ტაიმის შუაში გერმანელებს ჩვენს 22-ში ფეხის მოკიდების შესაძლებლობა მისცა და ფორვარდების მიძალება 22-ე წუთზე საპასუხო ლელოთი დასრულდა. სტელამ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, 32-ეზე კი ჯარიმა გაიტანა და თავისიანები დააწინაურა.

ტაიმი მაინც ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. შერკინებაში უპირატესობა საქართველომ ზედ შესვენების წინ გამოიყენა, მეტოქეს 5-მეტრიანი წყვეტილიდან უკან დაახევინა და ილია სპანდერაშვილმა ბურთი ლელოში დაამიწა, მატკავამ კი გარდასახა.

მეორე ტაიმში ხელდახელ თამაში უკეთ გამოგვდიოდა და 52-ე წუთზე ლამაზი ლელო გავიდა. ლუკა მატკავამ თავის ნახევარზე, რთულ სიტუაციაში მიიღო ბურთი, მაგრამ გამოსავალი იპოვნა და მარჯვენა ფრთაზე კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც გიორგი კვესელაძემ და ვანო კარკაძემ გააგრძელეს, მერე ოვალი მარცხნივ ჩათამაშდა, მირიან მოდებაძემ შეუტია და კიდესთან ლუკა ივანიშვილი მოძებნა, რომელმაც შარიქაძეს ოფლოუდი ამოუგდო. კაპიტანმა მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა, ხაზი გაჭრა და მე-100 კეპი ლელოთი აღნიშნა. ეს მისი მე-19 სანაკრებო ლელოა.

62-ე წუთზე კიდევ ერთი კარგი, თანმიმდევრული ხელდახელ შეტევა წამოვიწყეთ, ყველა ჯერზე შევძელით უპირატესობის ხაზის გადალახვა და ვანო კარკაძის ოფლოუდის შემდეგ მირიან მოდებაძემ მეოთხე ლელო გაიტანა. მატკავა გარდასახვიდან ზუსტი იყო და უპირატესობა 18 ქულამდე გაიზარდა.

გაჩნდა მოლოდინი, რომ დასკვნით 20 წუთში უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდებოდა და ანგარიში გაიზრდებოდა, მაგრამ 65-ე წუთზე დაშვებული შეცდომა მასპინძლებმა არ გვაპატიეს, კონტრშეტევაზე კლივინჰაუსმა მოშიშვლებულ ზურგში ბურთი ფეხით შეიცურა, ის თავად აიტაცა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

მეხუთე ლელოს გასატანად და ბონუს-ქულის ასაღებად დრო საკმარისი იყო, მაგრამ შეცდომებმა შედეგიანი შეტევის განხორციელების შესაძლებლობა არ მოგვცა და საქართველომ წლის პირველ მატჩში 28:17 იმარჯვა.

რაგბი ევროპის სენსაციური დასაწყისი

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოულოდნელი შედეგებით დაიწყო. ვერცერთმა ფავორიტმა ბონუს-ქულით გამარჯვება ვერ მოახერხა, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი პორტუგალია კი სულაც ბელგიაში დამარცხდა.

ა ჯგუფში საქართველოს მომავალმა კონკურენტებმა ამსტერდამში ითამაშეს. პირველ ტაიმში ესპანეთმა ორი გარდასახული ლელო და ორი ჯარიმა გაიტანა, რაზეც მასპინძლებმა ორი ჯარიმით უპასუხეს – 6:20. შესვენების შემდეგ სტუმრებმა ქულის აღება ვეღარ მოახერხეს. ნიდერლანდებმა მე-60-ე და 77-ე წუთებზე ლელოები გაიტანეს, მაგრამ მხოლოდ მეორე გარდასახეს და ნუგეშ-ქულას გამორჩნენ.

მეორე ტურში საქართველო 10 თებერვალს თბილისში, „ავჭალაზე“ ნიდერლანდებს მასპინძლობს. შეხვედრა ჩვენი დროით 14 საათზე დაიწყება.

ბ ჯგუფის პირველ მატჩში ბელგიამ პორტუგალიას უმასპინძლა და დებიუტშივე ჯარიმა გაუშვა, თუმვა მერე ლელო, გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა და 10:3 დაწინაურდა. სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა 31-ე წუთზე შეამცირეს, დარჩენილი დრო უქულოდ მიილია და ბელგიამ 10:6 იმარჯვა, პორტუგალია კი ნუგეშს დასჯერდა. მატჩის მთავარი მსაჯი საბა აბულაშვილი იყო. მას კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა მახარაძე ეხმარებოდნენ.

მეორე შეხვედრაში რუმინეთი პოლონეთს ეწვია და პირველი ტაიმის შემდეგ 17:3 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ სტუმრებმა მონაგარს მხოლოდ ერთი ჯარიმა შემატეს, პოლონელებმა ლელო გაიტანეს და თამაში 8:20 დასრულდა.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. პირველი ტური

4 თებერვალი. დესაუ (გერმანია). Paul Greifzu Stadion. 5 400 მაყურებელი

გერმანია – საქართველო 17:28 (14:10)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. დავით ხუროშვილი (კლერმონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

4 ლელო: საჯარიმო, სპანდერაშვილი, შარიქაძე, მოდებაძე

3 გარდასახვა: მატკავა

1 სინბინი: ქართველიშვილი

 

ნიდერლანდები – ესპანეთი 18:20

ბ ჯგუფი

ბელგია – პორტუგალია 10:6

პოლონეთი – რუმინეთი 8:20