ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო

საკლასიფიკაციო ეტაპის შემდეგ, ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგაში პირველობა „ოქროს“, „ვერცხლისა“ და „ბრინჯაოს“ ჯგუფებში გაგრძელდა. 2-წრიანი შეჯიბრების შემდეგ, ელიტას რვავე ბინადარს, „ვერცხლის“ ჯგუფის ამერ-იმერის 4-4 წარმატებული გუნდი შეუერთდება და საჩემპიონო პლეი ოფში, ტიტულისა და პოდიუმისთვის ბრძოლა 1/8-ფინალური ეტაპიდან გაგრძელდება.

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის შეჯიბრება „რაგბი ჭალაში“, ‘წიქარასა’ და რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრით დაიწყო. ‘წიქარამ’ საკლასიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფში ვიცე-ჩემპიონ ‘ხვამლს’ აჯობა და ელიტაში თამაშის უფლებაც მოიპოვა. რეზო ქოქოლაძის ბიჭებმა ქვემო ქართლელებთანაც აღმავლობით წარმართეს შეხვედრა და გამარჯვება პრემიალური ქულის თანხლებით მოიპოვეს.

წიქარას’ წარმატებას სათავე პირველ ნახევარში მარბიელ რამაზ კიკილაშვილის შესრულებულმა „დუბლმა“ დაუდო, რასაც შემდგომში მასპინძელთა მხრიდან  კიდევ 3 დადებული ლელო მოჰყვა. ‘ხარებმა’ ტაიმებში მხოლოდ თითო ლელოს გატანა შეძლეს (მარბიელი კაპიტანი გიორგი ზაზაძე და შუამარბი დიმიტრი გიორგაძე) და საცხრილო ქულის გარეშე დარჩნენ – 34:12. მორიგ ტურში ‘წიქარას’ ჩემპიონ ‘ლელოსთან’ ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

„ოქროს“ ჯგუფის დებიუტანტმა ‘ტაომ’ საშინაო შეხვედრა ‘აკადემიასთან’ ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე ჩაატარა. „მხატვრები“ განუზომელ უპირატესობას ფლობდნენ, რაც 16 უპასუხო გატანილ ლელოში ასახეს. ნიკა ჩიტალაძის შეგირდთაგან, ფულბეკმა სანდრო რობაქიძემ „პოკერი“ შეასრულა, ხოლო შუამარბმა დემე დევდარიანმა კი „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა – 98:0.

პირველი ტურის გამორჩეული შეხვედრები დასავლეთში გაიმართა. „აია არენაზე“, ‘აიამ’ ბრინჯაოსმედალოსან ‘არმიას’ უმასპინძლა. გასულ სეზონში რიონისპირელები პოდიუმს მიღმა დარჩნენ, რასაც გუნდის ხელნმძღვანელობაში ცვლილებები მოჰყვა. ‘აიას’ უმცროსი ასაკის ჭაბუკებს აშკარად წაადგათ მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ნიჭიერი სპეციალისტის ნიკოლოზ ლაღაძის დანიშვნა. ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგად მომზადებული „ურაგანას“ ბიჭები მიმდინარე სეზონში დიდ ფინალში გასვლას გეგმავენ.

‘არმიასთან’ შეხვედრის პირველ ტაიმში ‘აია’ უმეტესად აქცენტს დაცვაზე აკეთებდა და მეტოქეს სამატჩო ქულა არ ააღებინა. საკუთრივ კი მოლის ჩაქცევისთვის გამომუშავებულ საჯარიმო ლელოს, მასპინძელთა შუამარბ დუტა დაშნიანის გატანილი ჯარიმაც დაერთო და შესვენებაზე ‘აია’ 10-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა შეტევებმა უფრო ხშირი და მწვავე ხასიათი მიიღო. „არმიელთა“ მხტომელ ნოდარ ჩოხელის გატანილ ეულ ლელოს, რიონისპირელებმა 3 დადებული ლელო დაუპირისპირეს. თავი ჯერ მხტომელმა გიორგი მარგველაშვილმა და მარბიელმა საბა ფხაკაძემ გამოიჩინეს, შეხვედრის ბოლო წუთზე კი კომბინაციურ სტილში ფრთა გიორგი მუშკუდიანის სისწრაფეზე გატანილმა ლელომ ‘აიას’ მატჩი პრემიალური ქულით მოაგებინა – 25:7.

პირველი ტურის დასკვნითი შეხვედრა აჭარის დედაქალაქში გაიმართა. ‘ბათუმმა“ მოქმედ ჩემპიონ ‘ლელოს’ უმასპინძლა. ბოლო 4 პირველობის გამარჯვებული სეზონის მეორე ეტაპს ჩინებულ ფორმაში შეხვდა. პაატა მაისურაძის ბიჭები მწყობრად და სწრაფად კომბინირებდნენ, მეტოქეს სათამაშო სივრცე მაქსიმალურად შეუზღუდეს და თან მასპინძლებს სტატიკაშიც აღემატებოდნენ.

‘ლელომ’ მატჩი ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. ჩემპიონმა 5 ლელო გაიტანა და 33 უპასუხო სამატჩო ქულაც მიითვალა. დიდ დიღმელთაგან პირველ ნახევარში ლელოს გატანა კვაჭმა მერაბ მანჯავიძემ, მარბიელმა გიორგი ბერძენიშვილმა, ჰავბეკმა ნიკოლოზ გვრიტიშვილმა და ფულბეკმა ირაკლი ჯიჯელავამ მოახერხეს. ჯიჯელავამ „დუბლიც“ გაიფორმა და ქულათა პირად მონაგარს 4 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც შემატა. ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვება მღლეტელ ნიკოლოზ გულადიშვილის მეორე ტაიმში გატანილმა ლელომ დააფიქსირა – 40:0.