ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘აია’ დაწინაურდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის სატურნირო ცხრილს 2 ტურის შემდეგ მაქსიმალური შედეგით, 10 ქულით სათავეში ‘აია’ ჩაუდგა. 9 ქულით მეორე ადგილზე, ასევე 2 მოგების მქონე ჩემპიონი ‘ლელო’ იმყოფება. ‘წიქარა’, ‘აკადემია’ და ‘ხარები’ 5-5 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ. ‘ხარების’ მსგავსად, პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-6 პოზიციაზე 4 ქულით ‘ბათუმი’ განთავსდა.

‘არმიამ’ პირველობა მძიმედ დაიწყო. გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანმა 2 გასვლით რთულ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლო და ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. ელიტის დებიუტანტი ‘ტაო’ კი ჯერჯერობით მეტოქეებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ უწევს და როგორც საცხრილო, ასევე სამატჩო ქულების გარეშე მყოფი მესხები პირველობის აუტსაიდერად იქცნენ.

მოქმედმა ჩემპიონმა ‘ლელომ’ დედაქალაქურ დერბიში ‘წიქარას’ მესამე მასივში უმასპინძლა. რეზო ქოქოლაძის ბიჭებმა ფავორიტს დიდი ბრძოლა გაუმართეს. მასპინძელთა მგეზავ ლევან ბუცხრიკიძის გატანილ ჯარიმას, მარბიელ გიორგი ბერძენიშვილის ალამთან დადებული გარდაუსახავი ლელო მოჰყვა, რამაც ჩემპიონს ტაიმი 8 ქულიანი სხვაობით მოაგებინა.

მეორე ტაიმში ‘წიქარა’ გააქტიურდა, რამდენიმე მწვავე იერიშიც განახორციელა და ერთ-ერთი მათგანი გარდასახული ლელოთი მხტომელმა გიორგი ზაქაიძემ დააგვირგვინა. სხვაობის მინიმუმამდე შემცირებამ ‘ლელო’ დროულად გამოაფხიზლა. დიდ დიღმელებმა ტემპს უმატეს და კომბინაციურ სტილში, კარგად გაშლილი ოვალი ლელოდ ფრთა ანდრია კუნჭულიამ აქცია. ‘ლელოს’ ფულბეკ ირაკლი ჯიჯელავას მახვილი კუთხიდან ზუსტად შესრულებულმა გარდასახვამ ‘წიქარა’ სამატჩო ქულის გარეშე დატოვა. ჩემპიონმა – 15:7  მოიგო.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-‘აიას’ შეხვედრის დიდმა ნაწილმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. მართალია, დებიუტში რიონისპირელები მგეზავ გოგა უშვერიძის გარდაუსახავი ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა მარბიელ საბა გიორგიძის საპასუხო ლელოთი, რომლის ზუსტ გარდასახვას, მასპინძელთა შუამარბმა დემე დევდარიანმა გატანილი ჯარიმაც დაურთო, „მხატვრები“ შესვენებაზე 5 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში დევდარიანმა მორიგი გატანილი ჯარიმით მცირე ხნით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ‘აიამ’ კი მეორე ნახევარში მოპოვებული უპირატესობა მაქსიმალურად გამოიყენა და 3 გატანილი ლელოთი / მხტომელი გიორგი მარგველაშვილი, შუამარბი შოთა მაღლაკელიძე, კვაჭი საბა კლდიაშვილი/ მატჩი ბონუს-ქულის თანხლებით მოიგო – 27:13.

„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-‘ტაოს’ შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. მამუკა მინდორაშვილის შეგირდები სწრაფად, ლაღად მოქმედებდნენ და მეტოქეს კომბინაციურ სტილში 11 უპასუხო ლელო დაუდეს. ‘ხარების’ წარმატებას სათავე შუამარბ ცოტნე გოგოლაძის ლელომ დაუდო. გოგოლაძემ მეორე ნახევარში „დუბლი“ გაიფორმა. მასპინძელთა რიგებში კი გამორჩეული ნიკოლოზ კვერნაძე გახლდათ. ‘ხარების’ ფრთამ ჰეთ-თრიკის“ შესრულება მოახერხა. მესხების „მშრალი“ ანგარიშით მარცხს წერტილი მარქაფადან ჩართული კვაჭის გიორგი ბაციკაძის ლელომ დაუსვა – 67:0.

აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმი’-‘არმიას’ შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. მეტოქეები პრიორიტეტს დაცვაში თამაშს ანიჭებდნენ და წარმატებაზე მხოლოდ ტაქტიკური და პრაგმატული ქმედებებით ზრუნავდნენ. პირველ ნახევარში „არმია“ ფულბეკ კახა ზურაბიშვილის გატანილი ჯარიმით დაწინაურდა, რასაც ბათუმელთა მგეზავი კაპიტნის მათე მახარაძის გატანილი საპასუხო ჯარიმა მოჰყვა და გუნდები შესვენებაზე თანაბარ ანგარიშსზე წავიდნენ. მეორე ნახევარში მატჩის სურათი პრაქტიკულად არ შეცვლილა. მასპინძელთა კაპიტანმა მათე მახარაძემ თავისი მეორე ზუსტად შესრულებული ჯარიმით ‘ბათუმს’ ულელოო შეხვედრაში რთული და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა – 6:3.