ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | რეგულარულ სეზონში ‘ლელომ’ იპირველა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის რეგულარული სეზონი ‘ლელოს’ გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონმა ბოლო 2 ტურში უშუალო ორივე კონკურენტთან (‘ბათუმი’ და ‘აია’) პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის დამაჯერებელი რევანში პრემიალური ქულების თანხლებით აიღო და პლეი ოფშიც პირველ ნომრად შევიდა. ‘ლელომ’ საცხრილო 62 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე დაბრუნებულ ‘ბათუმს’ 4 ქულით გაუსწრო. მესამე პოზიციაზე დაქვეითებული ‘აია’ კი ლიდერს 6 ქულით ჩამორჩა.

მოწინავე სამეულს მიღმა მყოფი გუნდებისთვის დასკვნითი ტური აღარაფერს ცვლიდა. ჯგუფური ეტაპი მეოთხე პოზიციაზე ‘არმიამ’ ჩაამთავრა. პლეი ოფში მე-5 და მე-6 ნომრად ქვემო ქართლური გუნდები: რუსთავის ‘ხარები’ და ბოლნისის ‘ყოჩები’ მოხვდნენ. მე-7 ადგილოსანი ‘აკადემია’ და უქულოდ მყოფი აუტსაიდერი ‘აია’-1 კი „ვერცხლის“ ლიგაში დაქვეითდნენ. ხსენებული ლიგიდან საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილეებს ‘ხვამლი’ და ‘ლოკომოტივი’ შეურთდნენ.

ჯგუფური ეტაპის დასკვნითი, მე-14 ტურის საკულტო შეხვედრა დიდ დიღომში გაიმართა. ჩემპიონმა ‘ლელომ’ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარის ინტერესი გაითვალისწინა და პრინციპულ მეტოქე ‘აიას’ საკუთარი კლუბის მთავარ არენაზე უმასპინძლა. შეხვედრა დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა. გუნდებმა ქომაგი მაღალი სათამაშო დისციპლინითა და  ხარისხიანი თამაშით მოხიბლეს. ‘ლელო’ ტაქტიკურად უზადოდ მოქმედებდა და მეტ სწორ გადაწყვეტილებასაც იღებდა. შუამარბ იკა კვარაცხელიასა და მარბიელ ლუკა დოლბაიას გარდაუსახავი ლელოებით ჩემპიონმა ტაიმი – 10:0 მოიგო.

მეორე ნახევარში ‘ლელო’ უპირატესობას მეთოდურად ავითარებდა, რაც ფრთა ნიკოლოზ ხალვაშის, ფულბეკ გიორგი ბოლქვაძისა და მარქაფადან ჩართული ჰავბეკის გოჩა ხურციძის მიჯრით გატანილ ლელოებში აისახა. ‘აია’ ბოლომდე იბრძოდა და მასპინძელთა „ჩაბეტონებული“ დაცვის გარღვევა ბოლო წუთზე მოახერხა. რიონისპირელთაგან პრესტიჟის ლელო კვაჭმა ილია ჯანგავაძემ გაიტანა – 29:10.

„რაგბი ჭალაში“, მეტად მოტივირებულმა ‘ბათუმმა’ მასპინძელ ‘არმიასთან’ შეხვედრა აღმავლობით წარმართა. აჭარლებმა პირველ ნახევარი მღლეტელ თამაზ დუმბაძის გარდასახული ლელოთი მოიგეს, მეორე ტაიმში კი მონაგარს კიდევ 4 ლელო წაუმატეს. ბათუმელთა მარბიელი კაპიტნის გიორგი ირემაძის გატანილი ლელოს შემდეგ სტუმართა უპირატესობამ 33 ქულას უწია. შეხვედრის ბოლო წუთზე კი ფულბეკ რაულ ჩორგოლაშვილის დადებული ლელოთი ‘არმიამ’ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მოახერხა – 33:7.

‘აია’-1-მა მეტოქისთვის გარკვეული წინააღმდეგობის გაწევა ვერც დასკვნით ტურში მოახერხა. ბოლნისის ‘ყოჩები’ რიონისპირელთა მეორე გუნდთთან გასვლით შეხვედრაში უპირობო უპირატესობას ფლობდა, რაც ქვემო ქართლელთა მხრიდან დადებულ 14 უპასუხო ლელოში აისახა. ‘ყოჩთა’ რიგებში „დუბლით“- ფრთა საბა ცენტერაძე, მგეზავი ლუკა კორძახია და მარბიელი ბექა ჯინჭველაძე გამოირჩნენ. გიორგი ჭინჭარაულის ბიჭებმა აუტსაიდერს სეზონის მეორე მატჩიც „მშრალი“ ანგარიშით მოუგეს – 90:0.

‘ხარები’-‘აკადემიას’ შეხვედრა რუსთავის ნაცვლად, მხარეთა შეთანხმების შედეგად „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. „მხატვრებმა“ მეტოქეს გარკვეული წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, ფრთა გიო ქარჩხაძემ ლელოს გატანაც მოახერხა, რამაც გიორგი ზირაქაშვილის ბიჭები 10 ქულიან უპირატესობას დააჯერა. ‘ხარების’ რიგებში გამორჩეულმა მარბიელმა ცოტნე ჭანტურიამ კი შესვენებამდე წყვილი ლელოს დადება მოახერხა, რასაც მეორე ნახევარში ამდენივე ლელო წაუმატა და მთლიანობაში ფასეული „პოკერიც“ შეასრულა. მეორე ტაიმში, რომელიც ‘ხარების’ სრული უპირატესობით წარიმართა, „დუბლის“ შესრულება ქვემო ქართლელთა ფრთა ლუკა წიკლაურმაც შეძლო, ვისმა მეორე გატანილმა ლელომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ‘ხარებმა’ – 50:7 იმარჯვა.

საჩემპიონო პლეი ოფში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

‘ლელო’ (1) – ‘ლოკომოტივი’ (8)

‘ბათუმი’ (2) – ‘ხვამლი’ (7)

‘აია’ (3) – ‘ყოჩები’ (6)

‘არმია’ (4) – ‘ხარები’ (5)

მეოთხედი და ნახევარფინალები 2 მატჩისგან შედგება. 2-რაუნდიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრები უარეს-ნომრიანი გუნდების არენებზე გაიმართება.