ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ ცხრილის სათავეს დაუბრუნდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის წინ სატურნირო ცხრილის სათავეს ‘ლელო’ დაუბრუნდა. ჩემპიონი 3-თვიანი პაუზის შემდეგ გალიდერდა და მდევარ ‘აიას’ კვლავინდებურად 1 ქულით უსწრებს. რეგულარული სეზონის გამარჯვებულს დასკვნით ტურში დიდ დიღმელთა და რიონისპირელთა დაპირისპირება გაარკვევს. სეზონში პირველი მარცხისა და უშუალო კონკურენტებთან დაკარგული ქულების შემდეგ ‘ბათუმი’ მესამე პოზიციაზე დაქვეითდა და ‘ლიდერ ‘ლელოს’ 4-ით, ‘აიას’ კი 3 ქულით ჩამორჩა.

‘არმია’ ჯგუფურ ეტაპს მე-4 პოზიციაზე ასრულებს. მიჯრით 3 მოგების შემდეგ მეხუთე ადგილი რუსთავის ‘ხარებმა’ დაიბევა. ბოლნისის ‘ყოჩები’ კი ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ პლეი ოფში მხოლოდ მე-6 ადგილით გავიდა. ‘აკადემიამ’, უქულოდ მყოფ ღრმა აუტსაიდერ ‘აია’-1-ის ხვედრი გაიზიარა და მომავალ სეზონს რანგით მეორე, „ვერცხლის“ ლიგაში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ „ოქროს“ პლეი ოფში ხსენებულ ექვსეულს, „ვერცხლის“ ლიგის 2 მოწინავე გუნდი: ‘ხვამლი’ და ‘ლოკომოტივი’ შეუერთდებიან.

მე-13 ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ‘ბათუმისა’ და ‘ლელოს’ შეხვედრა იწვევდა. აჭარლები ჩემპიონთან საკულტო შეხვედრას ლიდერის როლში და თან დაუმარცხებელი შეხვდნენ. ‘ლელო’ თავის მხრივ ორმაგად მოტივირებული გახლდათ. ჩემპიონი პირველი წრის საშინაო შეხვედრაში განცდილი მარცხისთვის (მაშინ ‘ლელოს’ პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით მოუხდა თამაში) რევანშის აღებასა და ლიდერის პოზიციის დაბრუნებას ეშურებოდა. მეტოქეებს ცხრილში სულ 1 ქულა აშორებდათ.

იმის მიუხედავად, რომ ‘ლელოს’ აჭარის დედაქალაქში 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე (მიშო შიოშვილი, ანდრო დვალი და ნუგი ქევხიშვილი) აკლდა, ჩემპიონის უპირატესობა მატჩის პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა. ფრთების: ნიკოლოზ ხალვაშისა და იოანე ბასილაიას, ასევე კვაჭ შოთა ხელაძის გატანილი ლელოთა წყალობით ჩემპიონი ტაიმის მიწურულს 18 ქულით დაწინაურდა. ‘ბათუმმა’ გაიბრძოლა და შესვენების წინ ანგარიშში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა. მასპინძელთა მარბიელმა კაპიტანმა გიორგი ირემაძემ და ფრთა მათე თავდგირიძემ 2 საპასუხო ლელოს დადება მოახერხეს.

მეორე ნახევარში დიდ დიღმელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ზურა ხორბალაძის ბიჭებმა მონაგარს კიდევ 4 ლელო შემატეს და მთლიანობაში 34 უპასუხო სამატჩო ქულა აიღეს. შოთა ხელაძემ „დუბლი“ გაიფორმა, თანაგუნდელთა პრემიალური ქულით გამარჯვება კი ბოლო წუთზე ‘ლელოს’ ჰავბეკ გიორგი სპანდერაშვილის გატანილმა ლელომ დააფიქსირა – 55:15.

„აია არენაზე“, 2 ‘აიას’ შეხვედრამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაიარა. ქუთაისელთა მთავარმა გუნდმა ასაკით უმცროს თანაქალაქელ ‘აია’-1-ს 16 უპასუხო ლელო დაუდო და 13 გარდასახვაც გამოიყენა. ‘აიას’ რიგებში „ჰეთ-თრიკით“ ფრთა საბა შარვაშიძე და მგეზავი ბაჩო ძოძუაშვილი გამოირჩნენ. ‘აიამ’ სამნიშნა ციფრით სეზონში პირველად მოიგო – 106:0.

ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე „რაგბი პლატომ“ ტურის 2 დარჩენილ შეხვედრას უმასპინძლა. ‘ყოჩები’-‘ხარების’ ქვემო ქართლური დერბი პრაქტიკულად მე-5 ადგილოსანს არკვევდა. შუამარბ ლუკა წიკლაურის გატანილი ლელოთი ‘ხარებმა’ ტაიმი 5 ქულიანი სხვაობით მოიგეს. მეორე ტაიმში გიორგი ზირაქაშვილის ბიჭები უპირატესობა რუსთაველთა მარბიელ ნიკა ბაქანიძის შესრულებულმა „დუბლმა“ გაამყარა. ‘ყოჩები’ ბოლომდე იბრძოდა მატჩის მიწურულს მარქაფადან ჩართული დათა ღვალაძის გატანილი პრესტიჟის ლელოთი თანარეგიონელებს პრემიალური ქულის აღება არ დაანება. ‘ხარებმა’ მატჩი – 22:13  მოიგო.

‘აკადემია’ „კარის გაჯახუნებას“ ‘არმიასთან’ შეხვედრაში ეცადა. მართალია, სპორტული კუთხით შეხვედრა მეტოქეთათვის აღარაფერს ცვლიდა, თუმცა გუნდებმა დიდი ბრძოლა გააჩაღეს. პირველ ტაიმში „მხატვართა“ ფრთა გიორგი ქარჩხაძის დადებულ ლელოს, „არმიელებმა“ კაპიტან და კვაჭ თემურ რუხაიას საპასუხო ლელო შეაგებეს და გატანილი ეული ჯარიმის ხარჯზე შესვენებაზე 3 ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში ‘არმიამ’ უპირატესობა მღლეტელ დათა ბაციკაძისა და მგეზავ აკაკი დევაძის გატანილი ლელოებით გაამყარა. მატჩის მიწურულს კი მარბიელ სანდრო გორდეზიანის დადებულმა ლელომ ‘აკადემიას’ ანგარიშში სხვაობა 12 ქულამდე შეამცირებინა – 24:12.