რაგბის კავშირის პასუხი „მთავარ არხს“

2024 წლის 27 იანვარს „მთავარი არხით“ გადაიცა სიუჟეტი, რომლითაც „შავი ლომის“ და მისი ასობით გულშემატკივრის მიზანმიმართული დისკრედიტაცია განხორციელდა. სიუჟეტის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ საფრანგეთში “შავი ლომის” მატჩზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის ახლობლები და ნათესავები გაემგზავრნენ, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა – ეს სრული სიცრუე და ცილისწამებაა.

სინამდვილეში რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ჩარტერული რეისები თავად “შავ ლომს”, სარაგბო კლუბების წარმომადგენლებს, ქალთა სარაგბო ნაკრებს, საფესტივალო ასაკის მორაგბეებს, საორგანიზაციო ჯგუფს და რაგბის კავშირის პარტნიორებს მოემსახურა, და, მთლიანად რაგბის კავშირის საკუთარი შემოსავლებით დაფინანსდა. ეს და სხვა ინფორმაცია “მთავარმა არხმა” სიუჟეტის ეთერში გასვლის წინ გამოითხოვა, თუმცა პასუხისთვის კანონით დადგენილ ვადას არ დაელოდა და გამიზნულად გაავრცელა ცილისწამება და დეზინფორმაცია.

საფრანგეთის ქალაქ კასტრში “შავი ლომისა” და გულშემატკივრისთვის ორგანიზებული ჩარტერული ფრენები რაგბის კავშირის ახალი სტრატეგიის ნაწილია, რაც კომერციულ რეისთან შედარებით მკვეთრად ამცირებს ხარჯსაც და გადაჯდომით მგზავრობით გამოწვეულ გადაღლასაც არიდებს სპორტსმენებს, იმავდროულად კი უზრუნველყოფს გასვლით მატჩებზე ქართველ მორაგბეთა ქომაგობას, – შესაბამისად ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ფინანსური ეკონომიის გარდა, ქართულმა რაგბიმ საერთაშორისო მედიის უდიდესი პოზიტიური გამოხმაურება მიიღო:  „შავი ლომის“ ახალ სეზონზე, ისტორიაში პირველად ასობით ქართველი ქომაგის გამოჩენა გასვლით მატჩზე შეფასდა, როგორც ინდიკატორი რომ საქართველო სარაგბო ქვეყანაა და 6 ერის ელიტური ტურნირის ღირსეული კანდიდატია.

“მთავარ არხს” რომ ელემენტარული პროფესიული პასუხისმგებლობა გამოეჩინა და გადაემოწმებინა ინფორმაცია, ეცოდინებოდა, რომ მასშტაბის ეკონომიის შედეგად ჩარტერულმა რეისებმა 40 ათასი ევროს ეკონომია მოიტანა იმასთან შედარებით, “შავი ლომის” შემადგენლობას კომერციული რეისით და გადაჯდომით რომ ემგზავრა.

“შავი ლომის” გარდა, ჩარტერული რეისით საქართველოს რაგბის კავშირის კლუბების 80-მდე წარმომადგენელმა იმგზავრა, რაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის და კავშირის პარტნიორი კომპანიების მიერ დაფინანსდა. მატჩზე დასწრების გარდა, მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ მატჩისთვის სტადიონის ორგანიზების საუკეთესო პრაქტიკას, შეხვედროდნენ კოლეგებს, ასევე ფრანგ ექსპერტებს, რომლებთანაც რაგბის კავშირი მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოში სტადიონების ასაშენებლად, მათ შორის იმ კლუბებისთვის, რომელთა წარმომადგენლებიც საფრანგეთში ჩავიდნენ.

ჟურნალს Rugby World-ს ქართული ბიუროს დაფინანსებით ჩარტერული რეისებით საფრანგეთში საფესტივალო ასაკის 20-მდე მორაგბე ბავშვიც გაემგზავრა; საფრანგეთში არ უმოგზაურია იმ პირთა ნაწილს, რომლებიც ცილისმწამებლურ სიუჟეტში დადასტურებულად მოიხსენიეს, მაგალითად რაგბის კავშირის კადრების განყოფილების ხელმძღვანელს და სხვებს.

ჩარტერული რეისის მგზავრებზე ინფორმაცია “მთავარ არხს”, მარტივი პროფესიული ძალისხმევის შემთხვევაში, რაგბის კავშირის ინტერნეტ პლატფორმებზეც შეეძლო მოეძებნა, იქვე წაიკითხავდა სტატიას იმის შესახებ, რომ საფრანგეთში რაგბის კავშირის წლის საანგარიშო შეხვედრაც შედგა, რომელსაც იქ ჩასული კავშირის წევრი კლუბების ხელმძღვანელები, ასევე გამგეობის წევრები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, შეაჯამეს განვლილი წელი და 2024-ის სამოქმედო სტრატეგიაც დაგეგმეს. ამის გარდა, ნახავდა ინფორმაციასაც მატჩის შემდეგ გულშემატკივრების დაჯილდოების შესახებ, შეიტყობდა ვინ დაჯილდოვდა ოქროს გულსამაგრით და ვინ გადაიხადა ამ პრიზების საფასური. ყოველივე ეს ოპერატიულად გააშუქეს ტელეკომპანიებმაც, რომელთა რამდენიმე გადამღები ჯგუფი ასევე იმყოფებოდა ჩვენთან ერთად საფრანგეთში და საკმარისი იყო მათ გვერდებზე ან თუნდაც საინფორმაციო სააგენტოებში მოეძებნა “მთავარ არხს” ინფორმაცია და მაყურებელს შეცდომაში აღარ შეიყვანდა.

რაგბის კავშირმა უკვე გამოაცხადა, რომ წელს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას მოიწვევს ორგანიზაციის სრული ფინანსური აუდიტისთვის, რაც ხელმისაწვდომი იქნება სარაგბო კლუბებისა და რაგბის კავშირის გამგეობისთვის; ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ და გამოვასწოროთ ყველა ხარვეზი, უფრო ხარჯ-ეფექტური გავხადოთ რაგბის კავშირის ოპერირება.

სამწუხაროა, რომ “მთავარმა არხმა” კიდევ ერთხელ მოახდინა თვითლუსტრაცია როგორც სიცრუის ინსტრუმენტმა და ქვეყანაში ყოველივე სასიკეთოს  მოწინააღმდეგემ. რაგბის კავშირი ემსახურება ქართული რაგბის სამართლიან და გამჭვირვალე განვითრებას; ჩვენ ვერ მივცემთ სიყალბეზე ორიენტირებულ მედიას ჩრდილი მიაყენოს ქართული რაგბის განვითარებას და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება – ამიტომ ამ წერილს ვაქვეყნებთ საჯაროდ.