პირველი ლიგა | ‘დინოზავრი’ ცხრილის სათავეში რჩება

მართალია, ‘დინოზავრი’ 57 ქულით ლიდერად დარჩა, თუმცა მდევარმა ‘ტაომ’ იმერლებთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. მორიგ ტურში განსაკუთრებულ ინტერესს ლიდერთა დაპირისპირება იწვევს, რომელიც „აია არენაზე“ გაიმართება. ‘გორმა’ 44 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა და მოწინავე კვარტეტში მყოფ ‘არმიას’ 4 ქულით უსწრებს. „არმიელები“ თავის მხრივ მეხუთე ადგილზე მყოფ ‘ვეფხვებს’ 7 ქულით აღემატებიან. პლეი ოფის დასკვნით, მე-6 ადგილზე დამკვიდრებულმა ‘ლოკომოტივმა’ გარე კახელებთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.

‘იუნკერებმა’ 22 ქულით მე-7 ადგილზე აინაცვლეს და ‘მათეს’ 3 ქულით გაუსწრეს. ზემო იმერლები ცხრილის ბოლო 2 საფეხურზე მყოფ ‘არმაზსა’ და ‘ბაგრატს’ 4 ქულით უსწრებენ. ‘ბაგრატმა’ მე-15 საცხრილო ქულა მოიპოვა და ‘არმაზს’ გაუტოლდა, თუმცა უარესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო ცხრილის ბოლო საფეხურზე რიონისპირელები რჩებიან. ‘ბაგრატს’ ასევე მარაგში ‘არმიასთან’ გადადებული შეხვედრაც რჩება.

მე-14 ტური, ქუთაისში იმერული დერბით დაიწყო. „აია არენაზე“ ერთმანეთს წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ჭიათურის ‘მათე’ დაუპირისპირდნენ. გუნდებმა პირველივე წუთებიდან აქცენტი სწრაფ, შემტევ თამაშზე გააკეთეს და ჯამში 13 ლელოს გატანა მოახერხეს. მატჩის დებიუტში ‘დინოზავრი’ მარბიელი კაპიტნის ბადრი დანგაძის ლელოთი დაწინაურდა და შეხვედრის მიწურულს დანგაძემ „დუბლიც“ შეასრულა. ზაზა ჩირგაძის შეგირდთაგან ასევე აღსანიშნავია დავით გობეჯიშვილის შედეგიანი თამაში. ‘დინოზავრის’ მგეზავმა გატანილ ლელოს, 6 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო.

‘მათემ’ მეტოქეზე 1-ით ნაკლები, 6 ლელოს გატანა მოახერხა. მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში მყოფ ზემო იმერელთა ფიჯელმა მგეზავმა ნიკო იალოსოლომ „დუბლი“ გაიფორმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც კუნძულელი მორაგბის გარდასახული ლელოთი დაფიქსირდა. თვალსასეირო და უხვქულიანი შეხვედრა ‘დინოზავრმა’ – 47:38  მოიგო.

სამცხე-ჯავახეთში უამინდობის გამო, ‘ტაო’ მარნეულის ‘არმაზს’ ‘ლოკომოტივის’ ბაზაზე დაუხვდა. პირველ ნახევარში ქვემო ქართლელები უკეთ გამოიყურებოდნენ და თან მესხების მდგომარეობა, მაღალი ბოჭისთვის ფიჯელი ნაიბუკა ლადინისავას წითელი ბარათით გაძევებამ დაამძიმა. 2 გარდასახული ლელოსა და 3 გატანილი ჯარიმის ხარჯზე, ‘არმაზი’ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით წავიდა. ‘ტაოს’ კვაჭმა გივი მაწკეპლაძემ „დუბლი“ გაიფორმა, რამაც მესხებს საერთო წარმატების შანსი შეუნარჩუნა.

მეორე ტაიმი კი სრულად მესხების კარნახით წარიმართა. ‘ტაო’ მწყობრად, სწრაფად ამოქმედდა და თან დაცვაში ორგანიზებული, ხისტი თამაშის ხარჯზე მეტოქეს გასაქანი არ მისცა. რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებმა მიჯრით 5 ლელო გაიტანეს / საჯარიმო ლელო, ბურჯი ანდრეა გელენავა, ფრთა ლუკა კვენეტაძე, შუამარბი ლაისიასა ბოგიდრაუ, ფულბეკი კახი მანველიშვილი/ და შეხვედრა პრემიალური ქულის თანხლებით მოიგეს/ ლელოთა საერთო შეფარდება: 7-3/. მატჩის საბოლოო ანგარიში კი მარქაფადან ჩართული ‘არმაზის’ მარბიელ ლუკა ბაკურაძის გატანილმა ლელომ დააფიქსირა – 45:28.

‘ლოკომოტივის’ ბაზაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ქვეყნის 10-გზის ჩემპიონმა ‘ლოკომოტივმა’ ლიდერთა მდევარ ‘გორს’ უმასპინძლა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. შიდა ქართლელთა მარბიელმა ნიკოლოზ წივწივაძემ „დუბლი“ შეასრულა. წივწივაძის პირველი გატანილი ლელოთი ‘გორმა’ ტაიმი 2 ქულიანი სხვაობით მოიგო. გორელთა მარბიელის ბოლო წუთზე დადებულმა მეორე ლელომ კი სტუმრებს მხოლოდ ნუგეშ-ქულა არგუნა.

„რკინიგზელთა“ მხრიდან ლელო პირველ ტაიმში კვაჭმა ვაჟა რუაძემ გაიტანა, მეორე ნახევარში კი თავი მასპინძელთა მარბიელმა კაპიტანმა რამაზ ბენდელიანმა გამოიჩინა. ‘ლოკომოტივის’ მგეზავ ონისე ნიკოლაძის სამმა გატანილმა ჯარიმამ და ზუსტმა გარდასახვამ დავით ჩავლეიშვილის ბიჭებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა – 21:17.

ცხრილში მეზობლად მყოფ ‘არმია’-‘ვეფხვების’ შეხვედრას „რაგბი პლატომ“ უმასპინძლა. „არმიელები“ შეხვედრას პირველივე წუთებიდან აკონტროლებდნენ,  პრეტენზიას ბონუს-ქულის მოპოვებაზეც აცხადებდნენ და მთლიანობაში მეტოქეზე 3-ით მეტი, 5 ლელოს გატანა მოახერხეს.

მართალია, მატჩის დასკვნით ნაწილში ‘არმიას’ შუამარბ სანდრო მესხიძის დადებულმა ლელომ მასპინძლები საწადელს მიუახლოვა, თუმცა გარე კახელთა საპასუხო რეპლიკამაც არ დაახანა. მარქაფადან ჩართული მგეზავის შოთა შალვაშვილის ძალისხმევით ‘ვეფხვებმა’ ლელოს გატანა მეორედ მოახერხა. ‘არმია’ ბოლომდე შეუპოვრად იბრძოდა და ბოლო წუთზე მარქაფადან ჩართული მარბიელის ნიკა კუჭავას გატანილი ლელოთი, შეხვედრა სასურველი პრემიალური ქულით მოიგო – 33:15.

ტურის დასკვნითი შეხვედრაც „რაგბი პლატოზე“ გაიმართა. ერთმანეთს დარჩენაზე მებრძოლნი თეთრი წყაროს ‘იუნკერები’ და ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბული და მწირქულიანი გამოდგა. გარისელთა ფულბეკ არჩილ იაშაღაშვილის გატანილ ჯარიმას, რიონისპირელთა მხრიდან გიგლა კუხიანიძისა და ზვიად ოდიშარიას გატანილი ჯარიმები მოჰყვა. ‘ბაგრატი’ 3 ქულიან უპირატესობას კარგა ხნის მანძილზე ინარჩუნებდა, თუმცა მატჩის დასკვნით 10 წუთში მასპინძელთა იერიშებმა შედეგი გამოიღო. ‘იუნკერთა’ მარბიელმა არჩილ შენგელიამ რიონისპირელებს ლელო დაუდო და ‘ბაგრატი’ ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა. მატჩი გარისელებმა – 10:6 მოიგეს.