ლევან თედიაშვილის სამძიმარი

სრულიად ქართული სარაგბო თემი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის, თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიური, ოთხგზის მსოფლიო და სამგზის ევროპის ჩემპიონის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ფილასა და ღირსების ორდენის კავალერის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო.

იოსებ ტყემალაძე: „ლევან თედიაშვილის სახით ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი სპორტსმენი და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დაკარგა. მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის მებრძოლი ხასიათი. უამრავ უცხოელ სპეციალისტს დღემდე ახსოვს მისი განუმეორებელი ჭიდაობის სტილი და ქართული ძალა, რომელმაც არაერთ დიდ გამარჯვებამდე მიიყვანა“.

„ბატონმა ლევანმა შვილებიც ქვეყნის სიყვარულით გაზარდა. აფხაზეთის ომში შვილის გმირულად დაღუპვით გამოწვეული უდიდესი ტკივილი, მას მრავალი წლის განმავლობაში თან ახლდა, მაგრამ ვერც ამ ტრაგედიამ შეცვალა და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა სამაგალითო ადამიანად“.

„ლევან თედიაშვილს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მეგობარი ყავდა, რომლებიც პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. ის იყო და მუდამ დარჩება ჩვენი ქვეყნის დიდ და ნათელ სახედ. ქართული რაგბის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი ლევანის ოჯახს, მის ახლობლებს და მთელს ქვეყანას ამ უდიდეს დანაკლისს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“.

ლევან თედიაშვილი სამჯერ (1971, 1973, 1974) დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.