იოსებ ტყემალაძის სამძიმარი მალხაზ კოროშინაძის ოჯახს და სარაგბო თემს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, მალხაზ კოროშინაძის გარდაცვალებას უსამძიმრებს მის ოჯახს და სრულიად სარაგბო თემს:

„დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ შესანიშნავი პიროვნება და ქართული რაგბის დიდი მოამაგე მალხაზ კოროშინაძე, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს, სიცოცხლის ბოლო წუთამდე დაუღალავად ემსახურებოდა ქართულ რაგბს. მოთამაშის წარმატებული კარიერის დასრულების შემდეგ, მას კიდევ უფრო დიდი მიღწევები ჰქონდა როგორც მწვრთნელს და როგორც მსაჯს, რამაც იმ პერიოდში ქართული რაგბი კიდევ უფრო წინ წაწია“.

„უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მალხაზ კოროშინაძე  ხელმძღვანელობდა რაგბის კავშირის ჭაბუკთა ლიგების საშეჯიბრო კომიტეტს და დიდი წვლილი მიუძღვის არა მხოლოდ ჭაბუკთა ლიგების განვითარებაში, არამედ ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებაში. ის იყო ადამიანი, რომელიც სუნთქავდა და ცხოვრობდა რაგბით“.

„მხვდა პატივი, პირადად გამეცნო და მემეგობრა მალხაზ კოროშინაძესთან, რისი ერთ-ერთი საფუძველი, რაგბის სიყვარულთან ერთად ისიც გახდა, რომ დედაჩემი გურიიდანაა, რაც დაგვეხმარა სწრაფად გამოგვენახა საერთო ენა. სწორედ ასეთ ერთგულ პიროვნებებზე დგას ქართული რაგბი. ჩვენი ვალია გავაგრძელოთ მათი გზა და ასეთივე სიყვარულით ვემსახუროთ სპორტის იმ სახეობას, რომელმაც ქვეყანას არაერთი წარმატებული, სამაგალითო ადამიანი აღუზარდა. ვუსამძიმრებ მალხაზ კოროშინაძის ოჯახსა და სრულიად ქართულ სარაგბო თემს ამ უდიდეს დანაკლისს“.