დიდი 10 | ხვამლი 93:0 აკადემია

დედაქალაქურ დერბიში ‘ხვამლმა’ ‘აკადემიას’ 15 უპასუხო ლელო გაუტანა და 93:0 დაამარცხა, რითაც დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშების რეკორდი გამეორდა.

„მხატვრები“ ასეთივე ანგარიშით მე-8 ტურში ‘ლელოსთან’ დამარცხდნენ. ‘ხვამლს’ ‘აკადემია’ პირველ წრეში 89:0 ყავდა დამარცხებული და მეტოქე არც ამჯერად დაინდო.

„ხვამლი არენაზე“ სტუმრებს 5 ლელო საბა ინალიშვილმა გაუტანა, საბა არაგველმა, ზურა ქობელაშვილმა და ირაკლი სულეიმანაშვილმა „დუბლი“ გაიფორმეს, ლუკა გელაშვილმა, ზვიად ორმოცაძემ, გიორგი კურტანიძემ და დავით სეფიაშვილმა კი 5-5 ქულა მიითვალეს. 8 გარდასახვა ნიკა ცინცაძემ, ხოლო ერთი არაგველმა შეასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზურა ქობელაშვილი გახდა. ‘ხვამლმა’ ბონუსიც ჩაიწერა, ჯამში 31 ქულა მოუგროვდა, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე აინაცვლა. ის რუსთავის ‘ხარებს’, რომელიც მე-13 ტურის შეხვედრას ხვალ გორში, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგის’ წინააღმდეგ გამართავს, დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

უქულო ‘აკადემია’ ბოლო ადგილზე რჩება და საფლეიოფო ზონას 16 ქულა აშორებს. ამრიგად, თუ მათ მომდევნო ორ ტურში ქულა კვლავ ვერ აიღეს, პირველ ლიგაში დაქვეითებას ოფიციალურად გაიფორმებენ.