დიდი 10 | ხარები 34:38 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ რუსთავში ‘ხარებთან’ მეორე ტაიმის დასაწყისში მოპოვებული 17-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და 38:34 მოგებით, „სარბიელის სინი“ ისტორიაში პირველად მოიპოვა.

‘არესი’ მეხუთე გუნდია, რომელიც წელს სინს დაეუფლა. ‘ლელო’ მას 6 ტურის განმავლობაში ფლობდა, რის შემდეგაც ‘ბათუმმა’ 5 ტურით გადაიბარა, ‘ყაზბეგთან’ და ‘ხარებთან’ კი თითო კვირით დარჩა და გეზი ქუთაისისკენ აიღო.

‘არესმა’ სტუმრად მოუგებელი თამაშების ტრადიცია მიმდინარე სეზონში საფუძვლიანად დაარღვია. ქუთაისელებმა 7 გასვლითი თამაშიდან 4 მოიგეს, ამდენივე საშინაო მატჩიდან კი მხოლოდ 3-ში იმარჯვეს. წელს ჩატარებული სამი შეხვედრიდან ორი მათი გამარჯვებით დასრულდა, ერთში ნუგეშის ქულა აიღეს, რამაც მოწინავე ექვსეულში შესვლის შესაძლებლობა მისცა. ქუთაისელებს ახლა 34 ქულა აქვთ და ორით უსწრებენ ‘ყოჩებს’, თუმცა წინ კიდევ ოთხი ტურია. 36 ქულით მე-5 პოზიციაზეა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ‘ხარები’ და ფლეი ოფის საგზურისთვის მასაც გვარიანი ბრძოლა მოუწევს.

„ხარები არენაზე“ ანგარიში სტუმრებმა მე-2 წუთზე გახსნეს. პირველივე შეტევისას გლენ თაკაუტინი ფრთაზე ორ მცველს გაექცა და მისი ლელო გიორგი თევდორაძემ გარდასახა. ფარნა გასვიანს სულ ორი წუთი დაჭირდა მოლის შემდეგ საპასუხო ლელოს გასატანად. გიორგი ელოშვილმა გარდასახვით წონასწორობა აღადგინა და ტაიმის შუაში ჯარიმაც გაიტანა, 28-ე წუთზე კი გიორგი ბასილაიას ფეხით გადაკიდებული ბურთი ქუთაისელებმა საკუთარ 22-ში ვერ აიღეს, მას ირაკლი ქვათაძე დაეუფლა და მასპინძლების უპირატესობა 8 ქულამდე გაიზარდა (15:7).

შესვენებამდე ‘არესმა’ შეძლო წონასწორობის აღდგენა. 34-ე წუთზე მოლი ლელოთი მურთაზ ცხადაძემ დაასრულა. თევდორაძეს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა ბოლო წუთზე ჯარიმიდან 3 ქულა აიღო. აღსანიშნავია, რომ შესვენებამდე რუსთაველთა მეორეხაზელმა გიორგი შარვაშიძემ ტაიმის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში 14 უპასუხო ქულაში ასახეს.

44-ე წუთზე ქუთაისელების მოლი ზაალ ცქიფურიშვილის ლელოთი დასრულდა. თამაში რომ განახლდა ‘ხარები’ ბურთს არ გაუფრთხილდა, ის პენი ტუმბუნამ აიტაცა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა, თევდორაძემ პირველი, ბონდო აბაშიძემ კი მეორე გარდასახვა გაიტანა და 51-ე წუთზე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა – 15:32.

57-ე წუთზე ყვითელი ბარათი უკვე ‘არესის’ მეორეხაზელმა პიტა იავიმ მიიღო და ახლა ‘ხარებმა’ ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით. გიორგი გოგუაძემ 58-ე და 63-ე წუთებზე მოლის შემდეგ წყვილი ლელო გაიტანა და ელოშვილმა ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ამაზე აბაშიძემ ჯარიმით უპასუხა, ერთ წუთში კი ვაჟა ხუციშვილმა რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა, მცველი ხელის კვრით მოიშორა და ლელო ძელებსშუა გაიტანა. ელოშვილმა გარდასახვით სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა.

71-ე წუთზე ნგლენ თაკაუტინმა უხეში ბოჭვისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და ‘არესი’ ერთხელაც დარჩა კაცნაკლული, მაგრამ ამჯერად შეძლო თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა, ჯარიმის შესრულების უფლება ორჯერ მოიპოვა, მეორე 3 ქულად ცოტნე კვესელაძემ აქცია და სტუმრებს 38:34 მოაგებინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მურთაზ ცხადაძე გახდა.