დიდი 10 | ყოჩები 19:14 ხარები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ რუსთავის ‘ხარებს’ მეორე ტაიმში 13 უპასუხო ქულა გაუკეთა და დიდი 10-ის მე-15 ტურის დასკვნით შეხვედრაში 19:14 გაიმარჯვა.

ამ მოგების შედეგად ‘ყოჩებს’ 36 ქულა მოუგროვდა და მართალია მე-7 ადგილზე რჩება, თუმცა საფლეიოფო ექვსეულში შესვლის კარგ შანსს ინარჩუნებს. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ნუგეშის ქულა აიღო, რის ხარჯზეც მეტოქეს 1 ქულით გადაასწრო და მე-6 პოზიციაზეა. ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლნისელებს მე-4 ადგილზე მყოფ ‘ხვამლთან’ სულ რაღაც 4 ქულა აშორებს, რაც დასკვნით ტურებში დაძაბულ ბრძოლებს გვპირდება.

„რაგბი პლატოზე“ ანგარიში ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით გახსნა, რაზეც ‘ხარებმა’ მე-9 წუთზე უპასუხა – დერეფნიდან აგორებულ მოლს ირაკლი ქვათაძე მოწყდა და მისი ლელო გიორგი ელოშვილმა გარდასახა. მალაღურაძემ მე-13 წუთზე თავისი მეორე ჯარიმა გაიტანა, 25-ეზე მისი დარტყმული ძელს მოხვდა, 28-ეზე კი ლაშა სინბინით დაისაჯა. რუსთაველებმა მეტობით 33-ე წუთზე ისარგებლეს. მოლისა და ფორვარდებით რამდენიმე მიძალების შემდეგ, ბურთი სანდრო ილურიძეზე გავიდა, რომელმაც 5-მეტრიან მონაკვეთში სამი მბოჭავი აირიდა და ლელო გაიტანა. ელოშვილმა გარდასახა და ‘ხარები’ 14:6 დაწინაურდა.

მეორე ტაიმიც სტუმრების შეტევით დაიწყო, მაგრამ ‘ყოჩებმა’ შეძლო თავის დაცვა. 50-ე წუთზე მალაღურაძემ საკუთარ 22-თან ფეხით ითამაშა, ის თემურ ჭიჭინაძემ აიტაცა და მარჯვენა ფრთაზე გრძელი გადაცემა ალექსანდრე ტატიშვილს გაუკეთა, რომელმაც სიჩქარე აკრიფა და მას ვეღარავინ დაეწია. მალაღურაძემ გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.

რუსთაველებმა ჯარიმით 3 ქულის აღებაზე უარი თქვეს, ვერც ლელო გაიტანეს და ამის გამო მატჩის მიწურულს დაისაჯნენ. ‘ხარები’ მალაღურაძეზე ფეხით თამაშის შემდეგ გვიანი ბოჭვისთვის დაჯარიმდა და ლაშამ 35 მეტრიდან მასპინძლები დააწინაურა, 75-ეზე კი 42 მეტრიდან მეოთხე ზუსტი დარტყმა შეასრულა. 79-ე წუთზე ‘ხარებმა’ შეძლო მეტოქის ლელოში შესვლა, მაგრამ დამიწებამდე ბურთზე კონტროლი დაიკარგა და ‘ყოჩებმა’ უმნიშვნელოვანეს მატჩში 19:14 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბოლნისელთა მეორეხაზელი გიორგი მოსულიშვილი გახდა.