დიდი 10 | ლელო 23:19 აია

ლიდერთა ჯახში თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’ ქუთაისის ‘აიას’ დაძაბულ ბრძოლაში 23:19 სძლია და ერთპიროვნულად გალიდერდა.

მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩს „ლელო არენამ“ უმასპინძლა და ის სანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი აქცენტს სწრაფ, ხელდახელ თამაშზე აკეთებდა და მაყურებელმა ლამაზი ლელოები იხილა. სტუმრებმა მასპინძლებზე ერთით მეტი, 3 ლელო გაიტანეს, მაგრამ დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ და ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა.

დებიუტი ქუთაისელების იყო. ნიკა ღლონტს გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა ‘აია’ მე-8 წუთზე მაინც დაწინაურდა. მათ ხელდახელ შეტევა საკუთარი 22-იდან წამოიწყეს და ყველა ჯერზე შეძლეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, უკვე მეტოქის 22-თან გიორგი ფრუიძემ შეუტია, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში ამირან შვანგირაძე დაგეზა, ღლონტმა კი გარდასახა.

‘ლელომ’ კარგი შეტევით უპასუხა, 22-ში ჯარიმა გამოიმუშავა და ირაკლი ყიასაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო ტაიმის შუაში მათი ლელოს ჯერი დადგა. მასპინძლებმა ბურთი მარცხენა ფრთაზე სწრაფად ჩაათამაშეს, დაცვამ გადაწყობა ვერ მოასწრო და კიდით ხაზთან გაგა ქევხიშვილი გაიქცა. 29-ე წუთზე თბილისელთა მორიგი სწრაფი შეტევის შემდეგ, კარის წინ 5 მეტრში რაქიდან გამოვარდნილი ბურთი სოსო ჭყოიძემ აიტაცა, თავად შეუტია და ძელებსშუა დაამიწა. ყიასაშვილმა ორივე გარდასახა – 17:7.

‘აია’ გააქტიურდა და შესვენებამდე ვერა, მაგრამ მატჩის განახლებიდან 2 წუთში მეორე ლელო გაიტანა – მძლავრი მოლი ჯიუტა მბატირერენგამ 5 ქულით დაასრულა. თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. სალელოვე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მიზანს კი ‘აიამ’ 65-ე წუთზე უწია. ამ ეპიზოდში კარგად ითამაშა გამოცდილმა გიორგი ფრუიძემ, ყიასაშვილის გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 55 მეტრი ირბინა.

გუჯა მახარეიშვილმა გარდასახვით სტუმრები დააწინაურა, თუმცა დასკვნით 10 წუთში ‘აია’ საკუთარ 22-ში ორჯერ დაჯარიმდა, ყიასაშვილმა ორივე გაიტანა და ისევე როგორც პირველ წრეში (28:24), ‘ლელომ’ 4 ქულის სხვაობით გაიმარჯვა – 23:19.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ირაკლი ყიასაშვილი გახდა. ‘ლელოს’ ამ მოგების შემდეგ 53 ქულა მოუგროვდა, პირველ ადგილზეა და ‘აიას’ 3 ქულით უსწრებს, რომელსაც ‘ბათუმი’ 6 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში ‘აია’ სწორედ ზღვისპირელებს მასპინძლობს, მე-16 ტურში კი ბათუმს უკვე ‘ლელო’ ეწვევა.