დიდი 10 | ბათუმი 26:15 ყოჩები

‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მე-14 ტურში ბოლნისის ‘ყოჩებს’ 26:15 სძლია და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.

ზღვისპირელებს ბოლო წუთზე ლელო რომ არ მიეღოთ, ბონუს ქულასაც მიითვლიდნენ, ასე კი 44 ქულა მოუგროვდათ და ლიდერებს (‘ლელო’ და ‘აია’), რომლებიც ხვალ ერთმანეთს ეთამაშებიან 5 ქულით ჩამორჩებიან. შეგახსენებთ, რეგულარული გათამაშების პირველ ორ ადგილზე დასრულება ფლეი ოფში დიდ პრივილეგიას იძლევა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო ორ ტურში ‘ბათუმი’ სწორედ ‘აიას’ (ქუთაისში) და ‘ლელოს’ (ბათუმში) ეთამაშება.

ფლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობას იძლევა მესამე-მეოთხე ადგილი და ამ თვალსაზრისით ‘ბათუმს’ მესამე პოზიცია თითქმის განაღდებული აქვს, რადგან მდევარ ‘ხვამლსა’ და ‘ხარებს’ 8-8 ქულა აშორებს.

ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ, დღის ბოლოს საფლეიოფო ექვსეულში ადგილი დაკარგა ‘ყოჩებმა’, რომელიც 32 ქულით მე-7 პოზიციაზე დაქვეითდა. ის ‘არესს’ ორი, ხოლო ‘ხვამლსა’ და ‘ხარებს’ 4 ქულით ჩამორჩება.

ანგარიში მე-4 წუთზე მასპინძელთა ლამაზი შეტევის შედეგად გაიხსნა. დერეფნის შემდეგ ვანო ფუტკარაძემ შეუტია, მის ოფლოუდს პენი მაკას ოფლოუდი და გიორგი თხილაიშვილის ლელო მოყვა, მამუკა ნინიძემ კი გარდასახა. ‘ყოჩები’ გააქტიურდა, რასაც გიორგი წიკლაურის (ბათუმი) სინბინი და ლაშა მალაღურაძის ჯარიმა მოყვა. მერე მალაღურაძეს არეკნი გაუცუდდა, ერთ ეპიზოდში ‘ბათუმი’ აშკარა ლელოს გადაურჩა, 34-ე წუთზე კი მოედნის ცენტრში გიორგი მჭედლიშვილმა ჩაჭრა გადაცემა, ორი მბოჭავი ჩამოიცილა და ლელომდე ირბინა.

მალაღურაძემ გარდასახვა გაიტანა, თუმცა ტაიმი მაინც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ‘ბათუმმა’ გაწითლებულ დროზე მძლავრი მოლით შეუტია და ის გიორგი მენაბდის ლელოთი დასრულდა – 12:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ყოჩები’ საკუთარი 22-ის მისადგომთან გადაცემებისას ზედიზედ ორჯერ შეცდა, რითაც კარგად ისარგებლა ნუკრი ფერსელიძემ და კონტრშეტევაზე ლელო გაიტანა. ზღვისპირელები ხელდახელ კარგად უტევდნენ და უპირატესობა 70-ე წუთზე კიდევ უფრო გაზარდეს. აგორებულ მოლს ამჯერად პენი მაკა მოწყდა და 5 ქულა მიითვალა.

ნინიძემ ორივე გარდასახა და მის გუნდს ერთის წინააღმდეგ გატანილი 4 ლელოსთვის ბონუსიც ერგებოდა, მაგრამ გაწითლებულ დროზე ლელო გაუშვა. მართალია მასპინძლებმა მოლში თავი დაიცვეს, მაგრამ მესამე ფაზაში ლელოს ხაზი გიორგი მაზმიშვილმა გადაკვეთა და ‘ბათუმს’ ერთი საცხრილო ქულა გაუქვითა – 26:15.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი თხილაიშვილი გახდა.