დიდი 10 | არესი 20:10 ბათუმი

ქუთაისის ‘არესმა’ ‘ბათუმის’ შეცდომებით ისარგებლა, 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და დიდი 10-ის მე-13 ტურში 20:10 იმარჯვა.

თამაში ქუთაისში, „აია არენაზე“ წვიმის ფონზე გაიმართა და პირველ ტაიმში სტუმრები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. მასპინძლები თავს იცავდნენ, მოწინააღმდეგის ნახევარზე ფეხით გადადიოდნენ და იქ მეტოქის შეცდომებს ელოდნენ, რამაც გაამართლა კიდეც.

ანგარიში ზღვისპირელებმა მე-14 წუთზე ლამაზი ლელოთი გახსნეს. ზურა ფირცხალაიშვილმა ქუთაისელთა 22-ში ბურთი მარცხენა ფრთაზე გადაკიდა, მას ნიკა ნინიძე დაეუფლა, ლელოში რამდენიმე მცველს გასცდა და ფირცხალაიშვილს გარდასახვა არ გაჭირვებია. ‘ბათუმის’ მგეზავმა 22-ე წუთზე გასატანი პოზიციიდან ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ ამის შემდეგ სტუმრების თამაში აირია.

ამით კარგად ისარგებლა ‘არესმა’ და 5 წუთში პირველი საპასუხო ლელო გაიტანა. გიორგი თავაძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი მეტოქის ლელოდან 25 მეტრში თავადვე აიტაცა, დაიძრა და წითელ ზონაში შევიდა. სანამ მცველები მოეწყობოდნენ მარცხენა ფრთაზე ორი გადაცემა გაკეთდა და იაგო ხილაძემ ლელო მიითვალა. 32-ე წუთზე ფირცხალაიშვილს ზურა ოდიკაძემ 22-ში დაუფარა და ზურა ძნელაძის მცდელობის მიუხედავად ლელო ძელებსშუა გაიტანა.

გიორგი თევდორაძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 14:10 დასრულდა. მეორე ნახევარში ‘ბათუმი’ კიდევ უფრო მოიშალა, ხოლო ‘არესმა’ თავისი შანსები დასკვნით 20 წუთში გამოიყენა. თევდორაძემ ჯარიმა 62-ე წუთზე გაიტანა, ბონდო აბაშიძემ კი ზუსტი დარტყმა 71-ეზე შეასრულა და სტუმრები ნუგეშის გარეშე დატოვა – 20:10.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არესის’ ცენტრი გივი კაშია გახდა. მის გუნდს კი 30 ქულა მოუგროვდა სანამ ‘ხვამლი’-‘აკადემიას’ შეხვედრა დასრულდება, მე-6 პოზიცია შეინარჩუნა. ‘ბათუმს’ 40 ქულა დარჩა და მე-3 ადგილზეა.