დიდი 10 | აია 56:20 არწივები

ქუთაისის ‘აიამ’ ოზურგეთის ‘არწივებს’ 56:20 სძლია, ბონუს ქულაც ჩაიწერა და სატურნირო ცხრილში 5 ქულით დაწინაურდა.

მე-13 ტურის პირველ შეხვედრას „აია არენამ“ უმასპინძლა. მასპინძლები მთელი თამაში დომინირებდნენ და 8 გარდასახული ლელო გაიტანეს. დებიუტანტმა ‘არწივებმა’ იბრძოლა და შესვენების შემდეგ სამი ლელო მიითვალა, მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა.

ანგარიში მე-5 წუთზე ოზურგეთელებმა, მარვინ ფრედერიქსის ჯარიმით გახსნეს. ‘აია’ გააქტიურდა და 14 წუთის ინტერვალში (მე-11-ედან 25-ემდე) 4 ლელო გაიტანა. თავი ილია გაბისონიამ, ამირან შვანგირაძემ, საბა ხონელიძემ და გიორგი ფრუიძემ გამოიჩინეს, გიორგი ბაბუნაშვილმა კი ოთხივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა – 28:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჯოსევანი ნდრავამ მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, რაზეც ‘არწივებმა’ ჯამბა ულენგოს ლელოთი და ფრედერიქსის გარდასახვით უპასუხა. ამას ქუთაისელთა საჯარიმო ლელო მოყვა, 63-ე წუთზე კი ლელო ნოდარ დოლიძემ მიითვალა. დასკვნით 10 წუთში ოზურგეთელებმა ორი ლელო გაიტანეს (გიგი გიგინეიშვილი და ჯაბულანი მკულვანი), მათ შორის კი ნდრავამ თავისი მეორე ლელო მიითვალა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 56:20.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე შოთა არეშიძე გახდა. ‘აიას’ 13 თამაშის შემდეგ 49 ქულა აქვს და 5-ით უსწრებს ‘ლელოს’, რომელიც მე-13 ტურში ბოლნისის ‘ყოჩებს’ 4 თებერვალს მასპინძლობს. ‘არწივები’ 16 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ 9 ქულით ჩამორჩება, თბილისის ‘აკადემიას’ კი 16-ით უსწრებს.