სამედიცინო სწავლების სუპერ-კვირის შედეგები

გასულ კვირაში რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურმა, მსოფლიო რაგბისა და ფიზიო-ჰოლანდის მოწვეული სპეციალისტების ჩართულობით სწავლა-განათლების სუპერ-კვირა გამართა.

მსოფლიო რაგბის სამედიცინო ედუკატორების მენეჯერმა ჯოზეფ კალანზიმ, რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნუცა შამათავამ, ფიზიო-ჰოლანდის წარმომადგენლებმა დევიდ შერმანმა და ფილიპ მოემ, ასევე ‘მანჩესტერ სიტის’ აკადემიის მთავარმა ფიზიო ბენ სეიმ, ჯამში 30 ქართველი სპეციალისტი გადაამზადეს.

სემინარებში ყოველ დღე სხვადასხვა მიმართულებით ტარდებოდა. აღსანიშნავია, რომ ედუკატორებისთვის საქართველოში პირველად ჩატარდა მსოფლიო რაგბის დონის გადამზადება და გაიცა სერთიფიკატები. სემინარებში ოთხ ქართველ სპეციალისტთან ერთად ერთი სლოვენიელიც იყო ჩართული.

სამედიცინო სუპერ-კვირის ბოლო დღეს, გადამზადებულმა სპეციალისტებმა თავად ჩაატარეს პირველადი დახმარების სამედიცინო სემინარი. პირველი დონის ედუკატორის ლიცენზია მიიღეს უმცროსი ბორჯღალოსნების (20 წ.) ფიზიომ რომა სახოკიამ, 7-ქალას ექიმმა ოთარ თაბაგარმა, 7-კაცას ექიმმა გიორგი გვაზავამ და 7-ქალას წევრმა და მსაჯმა მარიამ გოგუაძემ, რომელიც ბოლო წლებში აქტიურადაა ჩართული სამედიცინო მიმართულების სწავლებაში.

სწავლებაში ჩართულები იყვნენ სანაკრებო სივრცის, დიდი 10-ის და სხვა ქართული კლუბების ექიმები და ფიზიოები, ასევე საფესტივალო რაგბის ექიმები.

„სამედიცინო განათლების კუთხით მნიშვნელოვანი კვირა გვქონდა. ახლა ჩვენ გვყავს უფრო მეტი სერთიფიცირებული ედუკატორი, რაც საშუალებას მოგვცემს ადგილზევე გადავამზადოთ მეტი სპეციალისტი. ჩვენი მიზანია, რომ წლის განმავლობაში გვყავდეს 30 მეორე და 100 პირველი დონის სპეციალისტი, რათა ყველა კლუბი მოვიცვათ და თამაში ჩვენი მორაგბეებისთვის უფრო უსაფრთხო გახდეს“ – აღნიშნა ნონო ანდღულაძემ, რაგბის კეთილდღეობის დირექტორმა.