სამედიცინო სწავლების სუპერ-კვირა თბილისში

გუშინ თბილისში, დიდი დიღმის „ლელო სარასენსის“ ბაზაზე სამედიცინო სწავლების სუპერ-კვირა დაიწყო, რომელიც 6 დღე გაგრძელდება და ქართულ რაგბიში ჩართულ სამედიცინო პერსონალს თითქმის სრულად მოიცავს.

სუპერ-კვირის ფარგლებში საქართველოს მსოფლიო რაგბის სამედიცინო ედუკატორების მენეჯერი ჯოზეფ კალანზი ეწვია, რომელიც ევროპას კურირებს. კალანზი, რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელ ნუცა შამათავასთან ერთად მართავს ტრენინგებს ქართველი ედუკატორებისთვის. პარალელურად, გაიმართება პირველი და მეორე დონის სამედიცინო სემინარები.

საქართველოში იმყოფებიან ფიზიო-ჰოლანდის წარმომადგენლები (რომელთანაც ქართული რაგბი მესამე წელია თანამშრომლობს) დევიდ შერმანი და ფილიპ მოე, ასევე ‘მანჩესტერ სიტის’ აკადემიის მთავარი ფიზიო ბენ სეი, რომლებიც ფიზიო-თერაპევტებს გადაამზადებენ.

„ჩვენი მიზანია, რომ ქართულ რაგბიში ჩართულ ყველა მოთამაშეს ქონდეს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და მათი ჯანმრთელობა კვალიფიციური პერსონალის ხელში იყოს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტრავმირებული მოთამაშე მიიღებს ხარისხიან პირველად დახმარებას მოედანზე და შემდგომ რეაბილიტაციას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ტრეინერ-ედუკატორი, რათა სამედიცინო პერსონალმა ადგილზე, ენის ბარიერის და სხვა სირთულეების გარეშე მიიღოს მსოფლიო რაგბის სტანდარტის შესაბამისი განათლება“ – აღნიშნავს ნუცა შამათავა, 2022 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტული ექიმი, რომელიც ერთადერთი სამედიცინო ტრეინერ-ედუკატორია ქართულ რაგბიში:

„გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ მსოფლიო რაგბის სამედიცინო განათლების მენეჯერს, რომელთან ერთადაც ვუძღვები სემინარებს. სუპერ-კვირის დასრულების შემდეგ ჩვენ გვეყოლება ახალი ედუკატორები, რაც ადგილზე მეტი სემინარის ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს; ასევე ქართული კლუბების სამედიცინო პერსონალი გაივლის მეორე და პირველი დონის სამედიცინო სემინარს. სასიხარულოა, რომ პირველადი დახმარების კურსს რაგბში ჩართული სხვა ადამიანებიც გაივლიან (მსაჯები, მენეჯერები, მორაგბეები)“.

ნონო ანდღულაძე (რაგბის კეთილდღეობის დირექტორი): „ჩვენთან სტუმრად არიან მსოფლიო რაგბისა და ფიზიო-ჰოლანდის მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულების სამედიცინო სწავლებებს ატარებენ. პირველ დღეს მსოფლიო რაგბის სამედიცინო მენეჯერმა ჯოზეფ კალანზიმ ქართველი ედუკატორებისთვის გამართა ტრენინგი, თუ როგორ უნდა ჩაატარონ სემინარი. ახლა ის და ნუცა შამათავა მათ მიერ ჩატარებულ სემინარებს დააკვირდებიან“.

რობი კოტოვი (მოთამაშეთა კეთილდღეობის ადმინისტრატორი): „დაახლოებით ისეთივე სუპერ-კვირა გვაქვს, როგორიც შარშან გვქონდა ქუთაისში, ოღონდ ახლა სწავლება მხოლოდ სამედიცინო მიმართულებით ტარდება. მისი დასრულების შემდეგ გვეყოლება პირველადი დახმარების ედუკატორები, დიდი 10-ის კლუბებს კი მეორე დონის ლიცენზირებული სამედიცინო პერსონალი, რაც გაზრდის მოთამაშეთა მომსახურების ხარისხს. სასიხარულოა, რომ სანაკრებო სივრცის, კლუბებისა და საფესტივალო რაგბის სამედიცინო პერსონალის გარდა, პირველადი დახმარების კურსს რაგბში ჩართული სხვა პერსონალიც გადის, რაც მოთამაშეთა კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია“.