ჩელენჯ თასი | რეკორდული დასწრება და დიდი ზეიმი “მიხეილ მესხზე”

‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის სადებიუტო სეზონში ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეოთხე შეხვედრა გამართა. ერთი თვის ინტერვალში თბილისს მეორე სარაგბო გრანდი, ფრანგული ‘კლერმონი’ ეწვია და გულშემატკივარმა მაღალი დონის შემსრულებლების ცქერით ისიამოვნა.

ეს იყო დიდი ზეიმი, სარაგბო ახალი წელი, შესაბამისი განწყობითა და არაერთი სიურპრიზით, უშუალოდ მოედანზე კი 113 წლის ‘კლერმონი’ 3 წლის ‘შავ ლომთან’ დომინირებდა, 5 ლელო გაიტანა და ბონუს-ქულით დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა – 36:3.

სასიამოვნოა, რომ ‘კლერმონი’ თბილისს უძლიერესი შემადგენლობით ეწვია და თან რამდენიმე ასეული გულშემატკივარი იახლა. თავის მხრივ, კარგმა ამინდმა და საზეიმო განწყობამ ტრიბუნებზე ქართველი ქომაგიც მრავლად მიიზიდა და ტრიბუნებზე ჯამში 20-ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რითაც ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე რეკორდი დამყარდა.

„მიხეილ მესხზე“ სტუმართა შორის იყო ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის თავმჯდომარე დომინიკ მაკქეი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა თუ როგორ შეუძლია მაღალი დონის თამაშების ორგანიზება ქართულ მხარეს.

უშუალოდ სპორტულ ნაწილს რაც შეეხება, ორი თვის განმავლობაში ჩატარებული ოთხი მაღალი დონის თამაშით, ‘შავი ლომის’ მორაგბეებმა ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს. პირველმა ორმა თამაშმა ინგლისურ ‘გლოსტერთან’ თბილისში (10:15) და ‘სქარლეთსთან’ გამარჯვებამ უელსში (23:7) ცხადყო, რომ ‘შავ ლომს’ უმაღლეს დონეზე თამაშის პოტენციალი გააჩნია და გაჩნდა შანსი, რომ ის სადებიუტო სეზონშივე შეძლებდა ფლეი ოფის საგზურის მოპოვებას.

ამის ფონზე ფრანგული გრანდები – ‘კასტრი’ (6:28) და ‘კლერმონი’ (3:36) ჩვენთან თამაშს განსაკუთრებული პატივისცემით მიუდგნენ, ფაქტობრივად უძლიერესი შემადგენლობები დაგვიპირისპირეს და ფლეი ოფში გასვლის შესაძლებლობა არ მოგვცეს.

მთლიანობაში, ეს იყო გაკვეთილი, რომელმაც ქართული რაგბი ახალ სიმაღლეზე უნდა აიყვანოს, უკვე ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით, რომელიც გუნდს ჩელენჯ თასის ახალ, 2024/25 წლების სეზონში გაუძღვება.

არ გამოვიდა

„მიხეილ მესხზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ‘კლერმონი’ ინიციატივას თავიდანვე დაეუფლა, თუმცა უცნობ მეტოქესთან არ გარისკა და ანტონი ბელუმ ანგარიში ჯარიმით მე-4 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა, მაგრამ მეტოქის ნახევარზე ჩვენი დერეფნები დავთმეთ, რიგ შემთხვევებში სწრაფი შეტევები წინ-პასების გამო შეგვიჩერდა და ქულების აღების შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით.

25-ე წუთზე ფეხით მოკლეზე გადაკიდებული ბურთი მიწიდან ჩვენთვის არასასურველი ტრაექტორიით ახტა, ორი შემტევი ერთი მცველის წინაშე დარჩა და ბაუტისტა დელგიმ პირველი ლელო გაიტანა, ბელუმ კი გარდასახა. თამაში რომ განახლდა სანდრო თოდუამ პირველი ბურთი მოხსნა და კარგად იარა. ‘კლერმონი’ დაჯარიმდა და 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ავაგორეთ, თუმცა სტუმრებმა შეძლეს თავის დაცვა და სწრაფი პასუხის გაცემა არ დაგვანებეს.

მომდევნო 10 წუთი უმეტესად მეტოქის ნახევარზე გავატარეთ, მაგრამ ფრანგები თავს კარგად იცავდნენ და უკან გვახევინებდნენ. ამ პერიოდში ორჯერ გამოვიმუშავეთ კარში დასარტყმელი ჯარიმა, პირველი ახლოდან მიზანს ასცდა, მეორე კი ლუკა მატკავამ 3 ქულად აქცია და ჩამორჩენა შეამცირა. იქვე ალექს ნიუსომ თავისი ნახევრიდან შეუტია, დაცვის ორივე ხაზი ხელის დაუდებლად გაჭრა და ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა, რომელიც ბელუმ გარდასახა – 3:17.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში კიდევ სამი ლელო მივიღეთ. მორკინალების მიძალების შემდეგ დელგიმ თავისი მეორე ლელო ფრთაზე გაიტანა, მერე ცენტრში გაიჭრა ხაზი და ის ლეონ დარიკარერეს ლელოთი დასრულდა, ბოლოს კი ფეხით მოკლეზე გადაკიდებული მეტოქის ნადავლი გახდა და ჯორჯ მოალა ლელოში შესრიალდა. ბელუმ ორი გარდასახა – 3:36.

დასკვნით მეოთხედში ‘შავმა ლომმა’ ბურთზე კონტროლი დაამყარა და ინიციატივას დაეუფლა. მასპინძლებმა პრესტიჟის ლელოს გასატანად დიდი მონდომებით იბრძოლეს, რამდენჯერმე შეძლეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, მეტოქის დაჯარიმება და მატკავას გრძელი პასის შემდეგ სანდრო თოდუა ლელოში შევიდა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ ეპიზოდი გადაამოწმა, წინ-პასი დააფიქსირა და 5 ქულა გაგვიუქმა – 3:36.

‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპი 5 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა. მან უკან მოიტოვა უელსური ‘სქარლეთსი’, ფლეი ოფში კი ‘გლოსთერი’, ‘კლერმონი’, ‘ედინბურგი’ და ‘კასტრი’ გავიდნენ.

შესვენებისას გულშემატკივრისთვის ავტომობილი, მატჩის დასრულების შემდეგ კი ველოსიპედები და სკუტერები გათამაშდა და რამდენიმე მათგანი შინ განსაკუთრებით ბედნიერი დაბრუნდა.

პრესკონფერენცია

‘კლერმონთან’ მატჩი ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო იყო ლევან მაისაშვილისთვის:

„ეს არ არის ის დასასრული რასაც ვისურვებდი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რომ ასეთ შეხვედრაში მცირედ შეცდომებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ვწუხვარ, რომ ამდენი მაყურებლის წინაშე დავმარცხდით. პირველად იყო ამდენი მაყურებელი ‘შავი ლომის’ თამაშზე და ვერ შევძელით იმის გაკეთება რაც ჩავიფიქრეთ. თუმცა ფაქტია, უამრავი პრობლემის მიუხედავად, დღეს ქართული რაგბი სრულიად სხვა სიმაღლეზეა ასული და მჯერა ეს წინსვლა მომავალშიც გაგრძელდება“.

მერაბ შარიქაძე: „‘კლერმონი’ უძლიერესი გუნდია, მაღალი დონის რაგბი ითამაშა და გასაქანი არ მოგვცა. არ გვინდოდა ამ თამაშის დათმობა და ლევან მაისაშვილს ბოდიშს ვუხდი ასე რომ გამოვიდა. მას თავი არ დაუზოგავს და მინდა გუნდის სახელით მადლობა ვუთხრა გაწეული შრომისთვის. მისი მწვრთნელობის პერიოდში ისეთი მოგონებები შეიქმნა, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში დარჩება. როცა რაღაც არ გამოგდის ეს გამოცდილებაა, ცხოვრება ასეა მოწყობილი. რაც დრო გადის, მეტად ვრწმუმდები, რომ მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია და კარგი გუნდები მცირედ შეცდომებსაც არ გპატიობენ“.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი

მესამე ჯგუფი. მეოთხე რაუნდი

თბილისი. მიხეილ მესხი. 20 იანვარი

შავი ლომი (საქართველო) – კლერმონი (საფრანგეთი) 3:36

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

1 ჯარიმა: მატკავა