7-კაცა | რთული ჯგუფი მონტევიდეოში

საქართველოს 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე ა ჯგუფში კენიის, ტონგასა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მეორე ეტაპს 8-10 მარტს ურუგვაი, მონტევიდეო უმასპინძლებს. პირველი ეტაპი დუბაიში გაიმართა და საქართველო მე-8 ადგილს დასჯერდა, რისთვისაც საერთო ჩათვლაში 6 ქულა ჩაიწერა. შეგახსენებთ, სამი ეტაპის ჯამში ოთხი საუკეთესო გუნდი გრანდ-ფინალის ფლეი ოფში გავა, სადაც მათ მსოფლიო სერიის მე-9-მე-12 ადგილოსნები დაემატებიან და ეს 8 გუნდი 2025 წლის მსოფლიო სერიის საგზურს გაითამაშებს.

პირველი ეტაპი კენიამ მოიგო, რომელმაც ფინალში ჩილე დაამარცხა და საერთო ცხრილს 20 ქულით ლიდერობს. მონტევიდეოში საქართველოს დანარჩენმა მოწინააღმდეგეებმა ტონგამ (10 ქულა) და პორტუგალიამ (3 ქულა), შესაბამისად, მე-6 და მე-10 ადგილები დაიკავეს.

ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე ბ ჯგუფში ჩილე, იაპონია, ჰონკონგი და მექსიკა მოხვდნენ. გ ჯგუფში ურუგვაი, გერმანია, უგანდა და პაპუა ახალი გვინეა ითამაშებენ.