ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ბათუმმა’ ლიდერობა შეინარჩუნა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში პირველობა მე-12 ტურის შეხვედრებით განახლდა. მართალია, ‘ბათუმმა’ ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა მეორე ადგილზე ანაცვლებულ ‘ლელოს’ აჭარლები ცხრილში სულ 1 ქულით აღემატებიან. ‘აიამ’ მესამე პოზიციაზე ჩაინაცვლა და ‘ბათუმს’ კვლავინდებურად 2 ქულით ჩამორჩება. ‘არმიამ’ სეზონში მე-6 გამარჯვებით ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარა. მორიგ, სეზონის ბოლოსწინა ტურში განსაკუთრებულ ინტერესს აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმისა’ და ‘ლელოს’ დაპირისპირება იწვევს.

რუსთავის ‘ხარებმა’ 20 ქულით მეხუთე პოზიციაზე აინაცვლა და თანარეგიონელ ბოლნისის ‘ყოჩებს’ 2 ქულით გადაასწრო. მე-6 ადგილზე დაქვეითებული ‘ყოჩები’ გასავარდნ ზონაში მყოფ ‘აკადემიას’ 7 ქულით უსწრებს და დასკვნით ტურში უქულოდ მყოფ ღრმა აუტსაიდერ ‘აია’-1-ს ეთამაშება. ‘აკადემიას’ კი პლეი ოფში მოსახვედრად რეგულარული სეზონის დარჩენილი ორივე შეხვედრის ბონუსით მოგება მართებს და თან პარალელურად ‘ხარები’ სამატჩო ქულების გარეშე უნდა დარჩეს, რაც „მხატვართა“ ელიტაში დარჩენილ შანსს მინიმუმამდე ამცირებს.

ტურის გამორჩეულ შეხვედრაში, ‘აიამ’ პირველობის ლიდერ ‘ბათუმს’ „აია არენაზე“ უმასპინძლა. მატჩი მოსალოდნელისამებრ უაღრესად დაძაბული გამოდგა. მგეზავ ბუბა ნოზაძის გატანილი ეული ჯარიმით ტაიმი ‘ბათუმმა’ 3 ქულის სხვაობით მოიგო.

მეორე ტაიმში ‘აია’ გააქტიურდა. რიონისპირელთა ფრთა საბა შარვაშიძემ ლელოს დადება მოახერხა. ზუსტ გარდასახვას, მასპინძელთა მგეზავმა თემურ ძოძუაშვილმა გატანილი ჯარიმაც დაურთო და ბოლო 10 წუთში ‘აია’ 7-ქულიანი უპირატესობით შევიდა. მატჩის ბოლო წუთებმა აჭარელთა გააფთრებულ იერიშებში ჩაიარა. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ბათუმელთა მარბიელმა და კაპიტანმა გიორგი ირემაძემ მხსნელი ლელო გაიტანა, რომელიც სტუმართა ფულბეკმა გიორგი ბერაძემ გარდასახა. საბოლოოდ ფრე-10:10, მიმდინარე სეზონში პირველი საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა.

მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიას’ მესამე მასივში დაუხვდა, 18 უპასუხო ლელო დაუდო და-110:0  იმარჯვა. ზურა ხორბალაძის ბიჭებმა ‘აკადემიას’ სეზონის მეორე მატჩიც „მშრალი“ ანგარიშით და ამჯერზე უფრო სოლიდური სხვაობით მოუგეს. ჩემპიონმა მიმდინარე სეზონში მეტოქეები სამატჩო ქულების გარეშე 6 შეხვედრაში დატოვა, ხოლო სამნიშნა ციფრით კი უკვე 5 მატჩში იმარჯვა. განვლილ შეხვედრაში ‘ლელოს’ ფულბეკმა გიორგი ბოლქვაძემ  6 ლელოს გატანა მოახერხა, მარბიელმა მიშო შიოშვილმა კი „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა.

„აია არენაზე“ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. უქულოდ მყოფმა პირველობის ღრმა აუტსაიდერმა „აია“-1-მა სეზონში ლელოს გატანა მეორედ მოახერხა. რუსთავის ‘ხარებთან’ მატჩის პირველ ტაიმში რიონისპირელთა ფრთა ლაშა ლაღაძე გამოირჩა. ქვემო ქართლელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და მასპინძლებს მთლიანობაში 9 ლელო დაუდეს. ‘ხარების’ მარბიელმა ლუკა წიკლაურმა რიონისპირელთა მეორე გუნდს 6 ლელო გაუტანა და სწორედ მისმა დასკვნითმა ლელომ გიორგი ზირაქაშვილის შეგირდთა დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა-53:5.

‘არმია’ „რაგბი ჭალაში“ ბოლნისის ‘ყოჩებს’ დაუპირისპირდა. ‘ყოჩები’ მატჩის დებიუტში მგეზავ ლუკა კორძახიას გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ, რის შემდგომ კარგა ხნის მანძილზე უპირატესობას „არმიელები“ ფლობდნენ. შუამარბ სანდრო სესიაშვილის, ფულბეკ ლუკა კეშელევასა და მგეზავ დემურ ბლიაძის დადებული ლელოთა წყალობით ‘არმია’ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმის შუაწელს „არმიელთა“ უპირატესობა შუამარბ ლაშა გოგოლაძის გატანილმა ლელომ გაამყარა. ‘ყოჩები’ მარცხს არ ეგუებოდა და სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე ქვემო ქართლელებმა 3 ძალისმიერი ლელოს გატანა მოახერხეს. მოლის ჩაქცევისთვის დანიშნულ საჯარიმო ლელოს, მარქაფადან ჩართული სტუმართა კვაჭის ნიკა მარტიაშვილის შესრულებული „დუბლი“ მოჰყვა, რამაც ‘ყოჩებს’ ნუგეშ-ქულა მოუტანა. ‘არმიამ’ მატჩი-24:20 მოიგო.