ჩელენჯ თასი | ‘შავმა ლომმა’ ‘კასტრი’ ვერ გატეხა

ფრანგულმა ‘კასტრმა’ ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობით ისარგებლა და ‘შავ ლომს’ 28:6 სძლია.

„პიერ ფაბრეს“ 12-ათასიან ტრიბუნაზე ‘შავი ლომის’ მხარდასაჭერად 1000-მდე ქართველი შეიკრიბა, რომლის ნაწილი საფრანგეთში ჩარტერული რეისით ჩავიდა. მათ დაემატნენ ემიგრანტები და ის ბორჯღალოსნები, რომლებიც საფრანგეთში თამაშობენ, მაგრამ ‘კასტრი’ 10-ათასამდე ქომაგის წინაშე მოედანზე სრული მობილიზებით გავიდა და ბოლო წუთზე ბონუს-ქულის მომტანი მე-4 ლელოც გაიტანა.

მასპინძლები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ. ‘შავი ლომი’ დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა ფიზიკურად ძლიერი მოწინააღმდეგის შეჩერებას, თუმცა შეტევაში პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდა, რადგან დაცვა კედელივით გაუვალი იყო. ერთადერთი, რაშიც სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ შერკინება იყო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩის დებიუტში ‘შავმა ლომმა’ მეტოქის 22-ში ორჯერ მოიპოვა აუტის მოწოდების უფლება, მაგრამ ბურთი ორივეჯერ დაკარგა. ანგარიში მაინც სტუმრებმა გახსნეს, მე-12 წუთზე ლუკა მატკავამ ჯარიმა გაიტანა. ‘კასტრი’ გააქტიურდა, ტემპს უმატა, მე-18 წუთზე რაისუნგემ ხაზი სუფთად გაჭრა და მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა. შესვენებამდე ‘შავი ლომის’ დაცვამ ამოცანას თავი კარგად გაართვა და ტაიმი 7:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზარანტონელომ მეორე ლელო მიითვალა, რაზეც მატკავამ ჯარიმით უპასუხა. მუდმივად დაცვაში თამაშის შედეგად შეხვედრის მიწურულს სტუმრებს დაღლა დაეტყოთ, ‘კასტრმა’ 61-ე და 79-ე წუთებზე კიდევ ორი ლელო მიითვალა და 28:6 მოგებით ბონუს-ქულაც დაიბევა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ ‘შავი ლომი’ 5 ქულით მე-5 ადგილზე დაქვეითდა. 20 იანვარს 17 საათზე ის კიდევ ერთ ფრანგულ გრანდ ‘კლერმონს’ დაუხვდება და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფში გასვლის შანსი ექნება, თუმცა რამდენად რეალური იქნება ეს შანსი 19 იანვარს გამოჩნდება, როდესაც მესამე ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართება – ‘სქარლეთსი’ უელსში ‘ედინბურგს’ მასპინძლობს, ხოლო ‘გლოსთერი’ ‘კასტრს’ ინგლისში დაუხვდება.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი

მესამე ჯგუფი. მესამე რაუნდი

კასტრი. პიერ ფაბრე. 13 იანვარი

კასტრი (საფრანგეთი) – შავი ლომი (საქართველო) 28:6

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

2 ჯარიმა: მატკავა

 

კლერმონი – სქარლეთსი 38:17

ედინბურგი – გლოსთერი 20:21