ნინო ელოშვილი ქალთა რაგბი ევროპის ჩემპიონატში

ქართველი ქალი მსაჯი ნინო ელოშვილი პროფესიულ საქმიანობაში წინსვლას განაგრძობს და კარიერის განმავლობაში უმაღლესი დონის დანიშვნა მიიღო.

თავდაპირველად მას რაგბი ევროპის 7-ქალას ტურნირებში იწვევდნენ, მერე კი 15-კაცა (სუპერ თასზე თანამსაჯად) და 15-ქალას ორი (მოედნის მსაჯი) თამაში ანდეს. ქალთა რაგბი ევროპის ალაფაზე წარმატებული მსაჯობის კვალდაკვალ, რაგბი ევროპამ ის წელს ჩემპიონატზე დააწინაურა, სადაც ორ თამაშს განსჯის.

ქალთა ჩემპიონატში სულ ოთხი გუნდი თამაშობს – ნოდერლანდები, შვედეთი, პორტუგალია და ესპანეთი. ტურნირი 3 თებერვალს ნიდერლანდებისა და შვედეთის მატჩით იხსნება და ნინო მოედნის მსაჯია. სასიხარულოა, რომ მას ასისტენტებად ასევე ქართველები – კახა გელოზია და მარიამ გოგუაძე ეყოლება.

13 აპრილს იგივე შემადგენლობა უკვე ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას იმსაჯებს, რომელშიც შვედეთი ესპანეთს მასპინძლობს.

„2024 წელი სასიხარულო ინფორმაციით დაიწყო, რადგან მომივიდა დანიშვნა 15-ქალას რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორ თამაშზე. შარშან რაგბი ევროპის ალაფაზე ორი შეხვედრა ვიმსაჯე, როგორც ჩანს კარგი შთაბეჭდილება დავტოვე, ნდობა დავიმსახურე და ერთი საფეხურით მაღლა, რაგბი ევროპის ელიტურ ჩემპიონატში დამიძახეს. ეს დიდი სტიმული და პასუხისმგებლობაა, რადგან ამ დონეზე პირველად ვიქნები წარმოდგენილი“.

„ჩემთან ერთად მოდიან კახა გელოზია და მარიამ გოგუაძე, მოედანზე თავს მარტოდ არ ვიგრძნობ, რაც დიდი კომფორტია. ამ დონეზე გუნდები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული, გამოირჩევიან სარაგბო ინტელექტით და თანამსაჯების დახმარება ნამდვილად დამჭირდება. დარწმუნებული ვარ ამოცანას თავს კარგად გავართმევთ და ვიმედოვნებ ქართული სამსაჯო კორპუსის წინსვლა მომავალშიც გაგრძელდება“.