მალხაზ კოროშინაძის სამძიმარი

ქართულმა სარაგბო თემმა დიდი დანაკლი განიცადა. 76 წლის ასაკში გამოჩენილი მორაგბე, მწვრთნელი და მსაჯი მალხაზ კოროშინაძე („მახოვლიჩი“) გარდაიცვალა.

მალხაზ კოროშინაძე ჭაბუკობის ჟამს მეტად ნიჭიერ ხელბურთელად ითვლებოდა, თუმცა განუყრელი მეგობრის ბათუ (ვასილ) კევლიშვილის ძალისხმევით, გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მთელი ცხოვრება ოვალურ ბურთს დაუთმო.

ახოვანი, სხარტი აზროვნების მქონე და ლაღად მოჩაუქე მალხაზ კოროშინაძე თბილისის „სპარტაკის“ ერთ-ერთი გამორჩეულ მორაგბედ იქცა და თან საბჭოეთის სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ ნაკრების კვართიც არაერთხელ მოირგო, რომლის შემადგენლობაში 1974 წელს ვარშავის საერთაშორისო პრესტიჟული ტურნირის ბრინჯაოსმედალოსანი გახდა.

მორაგბის უნივერსალური თვისებების მქონე „მახოვლიჩმა“ მწვრთნელობასაც ალღო კარგად აუღო და ბათუ კევლიშვილთან ერთად შექმნილ „ტონოს“ (თბილისის სახალხო განათლების მოსწავლეთა გუნდი) ჯერ სსრკ-ს ჭაბუკთა ჩემპიონატი მოაგებინა, მოგვიანებით კი ხსენებული „ტონო“ უკვე 7-კაცაში საკავშირო ჩემპიონატის გამარჯვებულად აქცია.

მწვრთნელობის პარალელურად მალხაზ კოროშინაძემ ხელი მსაჯობასაც მიჰყო და ლეგენდარულ გოჩა აბაშიძის მხარდამხარ, საბჭოეთის ექსტრა-კლასის არბიტრად იქცა. „მახოვლიჩი“ სსრკ-ს სეზონის საუკეთესო 10 არბიტრს შორის ზედიზედ 2-ჯერ დასახელდა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სოც.ინდუსტრიის საერთაშორისო ტურნირი, სადაც „მახოვლიჩს“ ა.შ.შ-რუმინეთის მატჩის მთავარი არბიტრობა ანდეს.

11-წლიანი განშორების შემდეგ მალხაზ კოროშინაძე ქართულ სარაგბო სამყაროს ბათუ კევლიშვილის ძალისხმევით დაუბრუნდა და სწორედ „დიმიტრიჩის“ რეკომენდაციით 2002 წლიდან მოყოლებული მალხაზ კოროშინაძე სრკ-ს ჭაბუკთა ლიგების საშეჯიბრო კომიტეტს უნარიანად თავკაცობდა. ბოლო პერიოდში კი უშუალოდ ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის კურატორის ფუნქციას ასრულებდა და უმცროსი ასაკის ჭაბუკთა პირველობების განვითარებისა და სრულყოფის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.

ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს მალხაზ კოროშინაძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს „მახოვლიჩის“ ოჯახს და სამძიმარს უცხადებს.