დიდი 10 ხვალ განახლდება

2023/24 წლების დიდი 10-ის სეზონი ხვალ განახლდება. მე-12 ტურის ერთი თამაში პარასკევს, ორ-ორი კი შაბათ-კვირას გაიმართება.

პირველ მატჩში, 26 იანვარს ‘ბათუმი’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’ აჭარის დედაქალაქში უმასპინძლებს. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება. ამ თამაშში გუნდები „სარბიელის სინისთვის“ შეებმებიან, რომელსაც ‘ბათუმი’ 3 ნოემბრიდან, აგერ უკვე 5 ტურია ფლობს.

2024 წლის პირველ თამაშს ზღვისპირელები 39 ქულით და მესამე ადგილით ხვდებიან. ისინი ლიდერ ‘ლელო-სარასენსს’ 1 ქულით, ხოლო ‘აიას’ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩებიან და მინიმუმ ერთი დღით პირველ ადგილზე აღზევების შანსი აქვთ. ‘ყაზბეგი’ 21 ქულით მე-8 ადგილზეა, საფლეიოფო ექვსეულს 4 ქულა აშორებს და გამარჯვება მისთვისაც საშური საქმეა. პირველ წრეში ‘ბათუმმა’ ‘ყაზბეგს’ „ავჭალაზე“ 32:21 სძლია.

27 იანვარს პირველ თამაშს ფოთის „პარკი არენა“ 14 საათზე უმასპინძლებს და მასში ერთმანეთს აუტსაიდერები ერკინებიან. დებიუტანტმა ოზურგეთის ‘არწივებმა’ განვლილი 11 შეხვედრიდან ორი მოიგო, ჯამში 11 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. თბილისის ‘აკადემიას’ კი რთული პერიოდი უდგას, გასული წელი უქულოდ დაასრულა და გასავარდნ მე-10 პოზიციაზეა.

უშუალო კონკურენტთან გამარჯვების შემთხვევაში „მხატვრები“ ლიგაში დარჩენის შანსს შეინარჩუნებენ, მარცხი კი მათ მიზანს უკიდურესად დააშორებს. თავის მხრივ, ‘არწივებისთვის’ ამ თამაშს ლიგაში დარჩენის ფასი აქვს იოლად არაფერს დათმობენ. პირველ წრეში ოზურგეთელებმა ‘აკადემიას’ შანსი არ დაუტოვეს და ბონუსით, 75:13 დაამარცხეს.

16 საათზე, „აია არენაზე“ ტურის ცენტრალური თამაში დაიწყება და მასში ‘აია’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ უმასპინძლებს. მასპინძლებმა განვლილი 11 თამაშიდან 8 მოიგეს, ჯამში 39 ქულა მოაგროვეს, მეორე ადგილზე არიან და ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან. 7 მოგებითა და 32 ქულით მე-4 ადგილზეა ‘ყოჩები’.

შესაბამისად, სტუმრებს მოწინავე ორეულში მოხვედრისთვის უშუალო კონკურენტებთან გამარჯვება ჭირდება, თუმცა თავის მხრივ, ‘აიას’ ერთი მდევარის ჩამოცილების კარგი შანსი აქვს და მის გამოყენებას ეცდება. პირველ წრეში ‘ყოჩებმა’ „რაგბო პლატოზე“ 16:8 იმარჯვა და ქუთაისელები საკუთარ მოედანზე რევანშის აღებას ეცდებიან.

კვირას, 28 იანვარს ესტაფეტა აღმოსავლეთ საქართველოში გადმოინაცვლებს. 14 საათზე მოქმედი ჩემპიონი რუსთავის ‘ხარები’ თბილისის ‘ხვამლს’ მასპინძლობს. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე ქომაგი უშეღავათო ბრძოლის მომსწრე უნდა გახდეს. ორივე გუნდი საფლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის, კონკურენტთან აღებული ქულები კი ასეთ დროს განსაკუთრებულად ფასობს.

‘ხარებმა’ 4-თამაშიანი ჩავარდნის შემდეგ, გასული წლის ბოლოს ორი შეხვედრა მოიგო და 27 ქულით მე-5 ადგილზე აღზევდა. არასტაბილური შედეგები ქონდა ‘ხვამლს’ და ის 25 ქულით მე-7 პოზიციაზეა. პირველ წრეში ‘ხვამლმა’ ჩემპიონი „ხვამლი არენაზე“ 20:3 დაამარცხა.

მე-12 ტურის დასკვნითი შეხვედრა 16 საათზე დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ დაიწყება. ‘ლელო-სარასენსმა’ განვლილი 11 თამაშიდან 9 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 2024 წელს 40 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში შეხვდა. 28 იანვარს მისი მეტოქე ქუთაისის ‘არესი’ იქნება, რომელსაც ‘ხვამლის’ მსგავსად 25 ქულა აქვს, თუმცა მას ურთიერთშეხვედრებით ჯობნის და მე-6 პოზიციაზეა.

პირველ წრეში, ქუთაისში, გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. 54-ე წუთისთვის ‘ლელოს’ 5 ლელო ქონდა გატანილი და 24 ქულით იგებდა. ‘არესმა’ დარჩენილ დროში 4 ლელო გაიტანა, მაგრამ მხოლოდ ერთი გარდასახა და ნუგეშ-ქულასღა გამორჩა – 27:29.