დიდი 10 | ხარები 14:7 ხვამლი

მოქმედმა ჩემპიონმა რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘ხვამლი’ დაძაბულ ბრძოლაში 14:7 დაამარცხა და საფლეიოფო ექვსეულში პოზიცია გაიმყარა.

რუსთავის „ხარები არენაზე“ გამართული თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა. ქარსა და ყინვაში ორივე გუნდი ბევრს სცოდავდა. მასპინძლებმა კარში დარტყმები უკეთ შეასრულეს და გამარჯვებისთვის 4 ქულა მიიღეს, რითაც მე-5 პოზიციაზე გამაგრდნენ (31 ქულა). ‘ხვამლს’ ნუგეში ერგო, ჯამში 26 გაუხდა, მე-7 პოზიცია შეინარჩუნა და ‘არესს’ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩება.

მასპინძლები მატჩში მე-12 წუთზე მოლის შემდეგ ირაკლი ქვათაძის მიერ გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ. ‘ხვამლმა’ საპასუხოდ ჯერ ჯარიმა ააცილა, მერე ლისალა ნასეგემ გაჭრა ხაზი და 5-მეტრიანში ბურთი ბესიკ თაყნიაშვილს გაატანა, მაგრამ ის სანდრო ილურიძემ ისე შებოჭა, ოვალი ხელიდან გააგდებინა და საკუთარი გუნდი აშკარა ლელოსგან იხსნა. 25-ე წუთზე ‘ხარებმა’ საკუთარი დერეფნის შემდეგ ბურთი დაკარგა, ის ირაკლი სულეიმანაშვილმა აიტაცა და მარცხენა ალამთან ლელო გაიტანა. ზურა ქობელაშვილმა ‘ხვამლი’ გარდასახვით დააწინაურა, თუმცა იქვე გიორგი პეტრიაშვილმა ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 8:7 დასრულდა.

არადა ‘ხვამლს’ წინ გასვლის და ტაიმის მოგების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ორჯერ კარის წინ 40-50 მეტრიდან ჯარიმები ვერ გაიტანა. სამაგიეროდ მეორე ტაიმის დებიუტში ჯარიმა პეტრიაშვილმა გაიტანა და თავისიანების უპირატესობა გაზარდა, 65-ე წუთზე კი კიდევ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა და ამით საბოლოო შედეგი დაფიქსირდა – 14:7.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ‘ხარების’ მეორეხაზელი გაგა არაბული დასახელდა.