დიდი 10 | არწივები 69:10 აკადემია

ოზურგეთის ‘არწივებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 11 ლელო გაუტანა, ბონუსით, 69:10 დაამარცხა და გასავარდნ ბოლო ადგილს 16 ქულით დაშორდა.

დიდი 10-ის დებიუტანტისთვის ეს მესამე გამარჯვება იყო და აქედან ორი, ორივე ბონუსით, სწორედ „მხატვრებთან“ მოიპოვა. შედეგად, ის 16 ქულით მე-9 ადგილზეა, ‘აკადემია’ კი კვლავაც უქულოდაა და ლიგაში დარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს.

ფოთის „პარკი არენაზე“ ‘არწივებმა’ პირველ ტაიმში 6 ლელო გაიტანა. მარვინ ფრედერიქსმა დუბლი შეასრულა, გიგი გიგინეიშვილმა, ვანო გელაშვილმა და ზურაბ გოთაძემ კი 5-5 ქულა მიითვალეს. მამუკა ჩანჩიბაძემ ორი გარდასახვა შეასრულა, კიდევ 7 ქულა კი მასპინძლებს საჯარიმო ლელოთი ერგოთ. სტუმრებმა ერეკლე თათარაშვილის ჯარიმით უპასუხეს – 36:3.

მეორე ტაიმშიც 6 ლელო გავიდა, ოღონდ ერთი, საჯარიმო ლელო ‘აკადემიის’ ანგარიშზეა. ოზურგეთელებიდან შესვენების შემდეგ თავისი მეორე ლელო გიგინეიშვილმა გაიტანა, ჯოსატეკი სერუმ 5 ქულა მიითვალა, კონსტანტინე გაზაშვილმა კი თავი სამჯერ გამოიჩინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მარვინ ფრედერიქსმა ოთხი გარდასახვა შეასრულა.