სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ უცვლელი ჩემპიონია!

‘შავმა ლომმა’ ‘თელავივ ჰითი’ „ავჭალაზე“ 27:17 დაამარცხა და რაგბი ევროპის სუპერ თასის გამარჯვებული ზედიზედ მესამედ გახდა.

სუპერ თასი 2021 წელს დაარსდა, წელს მესამედ გაიმართა, ფინალს კი თბილისმა ზედიზედ მეორედ უმასპინძლა. ‘შავმა ლომმა’ პირველ ფინალში პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ ლისაბონში 17:14 დაამარცხა; შარშან ‘თელავივ ჰითს’ თბილისში 29:17 მოუგო; წელს კი იმავე ‘ჰითს’ 27:17 სძლია.

აღსანიშნავია, რომ უმეტესად სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერებით დაკომპლექტებული ‘ჰითი’ ‘შავი ლომისთვის’ სუპერ თასზე მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა. გუნდებს შორის უკვე 7 შეხვედრა გაიმართა და თუ არ ჩავთვლით პირველ წელს, ყველა მათგანი დაძაბული აღმოჩნდა.

ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდი ‘ჰითს’ კვიპროსში, ლიმასოლში შეხვდა და პირველ ტაიმში 23:6 დაწინაურდა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 2 ქულის სხვაობით იმარჯვა – 29:27. ფინალიც მსგავსი სცენარით წარიმართა. ‘შავმა ლომმა’ პირველ ტაიმში მოპოვებული 17-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ 27:17 იმარჯვა.

დაძაბულობას შეწირული სანახაობა

მიუხედავად იმისა, რომ რაგბი ევროპამ ფინალური მატჩი სამუშაო დღეს, პარასკევს, 15 საათზე დანიშნა, ერთგული ქომაგი ‘შავი ლომის’ საქომაგოდ „ავჭალაზე“ მაინც მრავლად მივიდა. მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორივე გუნდის მოთამაშეებს ეტყობოდა დაძაბულობა, რის გამოც თამაშის სანახაობრივი მხარე დაკნინდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირი იყო ჯარიმები, წაგებული დერეფნები და არაზუსტი გადაცემები, მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას. ‘შავი ლომი’ ტრადიციულად ძლიერი იყო დაცვაში, რითაც მეტოქეს წინსვლის შესაძლებლობას უსპობდა და ისინიც იძულებული ხდებოდნენ ფეხით ეთამაშათ.

მე-7 წუთზე ქართველებმა პირველად შეძლეს მეტოქის 22-ში შესვლა, კარის წინ 15 მეტრში ჯარიმა გამოიმუშავეს და ლუკა მატკავამ ანგარიში გახსნა. ნელ-ნელა შერკინებაში ჩვენი გუნდის უპირატესობა გამოიკვეთა, რასაც ჯარიმა, 5-მეტრიანი დერეფანიდან აგორებული მოლი და გიორგი კერვალიშვილის ლელო მოყვა. მე-20 წუთზე უკვე ხაზზე გაიშალა ბურთი, სადაც სანდრო თოდუამ შეუტია და ბოჭვის მიუხედავად ლელო გაიტანა. მატკავამ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ამის შემდეგ მოედანზე სიტუაცია შეიცვალა. ირლანდიელმა რეფერიმ ენდრიუ ქოულიმ ერთი მეორეს მიყოლებით დაგვაჯარიმა, რამაც ‘ჰითს’ ჩვენს 5-მეტრიანში შემოსვლის შესაძლებლობა მისცა, 26-ე წუთზე აგორებული მოლის შემდეგ კი მსაჯმა საჯარიმო ლელოთი დაგვსაჯა და სანდრო მამამთავრიშვილი სინბინში გაუშვა. მიუხედავად ამისა კაცნაკლულმა ‘შავმა ლომმა’ ინიციატივა დაიბრუნა, რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელა, 37-ე წუთზე დერეფნიდან კარგი კომბინაცია გაითამაშა და ლუკა ივანიშვილმა ჩვენი გუნდის მესამე ლელო გაიტანა, მატკავამ კი რთული პოზიციიდან მეორე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა – 24:7.

არ გვათამაშა

მეორე ტაიმში ქოულიმ ‘შავი ლომის’ საწინააღმდეგოდ იმდენი ჯარიმა თუ უპირატესობა დანიშნა, რომ ფაქტობრივად თამაშის შესაძლებლობა მოგვისპო. 48-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები უტევდნენ, მან გიორგი კერვალიშვილის მხრიდან თავით თავში კონტაქტი დააფიქსირა და მესამეხაზელი წითელი ბარათით გააძევა. ამას ‘ჰითის’ პირველი ხაზის შეცვლა მოყვა და ზორბა ბურჯებმა შერკინებასა და ძალისმიერ თამაშში უპირატესობა მოიპოვეს.

53-ე წუთზე სტუმრების მოლი ნილ რაუტენბახის ლელოთი დასრულდა. მომდევნო 10 წუთში სტუმრების ორი სახიფათო შეტევა კარგი ბოჭვით შევაჩერეთ, თუმცა წაგებული დერეფნები თუ ჯარიმები კვლავ ჩვენს ნახევარზე გვაბრუნებდა და 65-ე წუთზე მოლი უკვე დენი ჰობსის ლელოთი დასრულდა. გარდასახვები არაზუსტი იყო და სხვაობა 7 ქულამდე დავიდა.

ასეთ ფონზე ‘შავმა ლომმა’ აღარ გარისკა და 69-ე წუთზე მატკავამ 30 მეტრიდან გატანილი ჯარიმით მონაგარი 3 ქულით გაზარდა. 74-ე წუთზე მოედანზე 13 კაცის ამარა დავრჩით. რეფერიმ ყვითელი ბარათი ამჯერად ბექა მამრიკიშვილს აჩვენა და ‘ჰითმაც’ ძალისმიერი ლელოს გატანა მორიგ ჯერზე სცადა, მაგრამ ქართველებმა ყველა ჯერზე შეძლეს თავის დაცვა და 27:17 მოგებით, სუპერ თასი ზედიზედ მესამედ შემართეს.

‘შავ ლომს’ კუთვნილი მედლები და თასი რაგბი ევროპის ვიცე-პრეზიდენტმა კრისტიან დულინმა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ გადასცეს.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023

ფინალი. 22 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა. 3000 მაყურებელი

შავი ლომი (საქართველო) – თელავივ ჰითი (ისრაელი) 27:17

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.

3 ლელო: კერვალიშვილი, თოდუა, ივანიშვილი

3 გარდასახვა: მატკავა

2 ჯარიმა: მატკავა