ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | საკლასიფიკაციო ეტაპი დასრულდა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის მიმდინარე გათამაშებამ ფორმატი იცვალა. გასული სეზონის შედეგებმა მხოლოდ პირველი ჯგუფური ეტაპის დაკომპლექტებაზე იმოქმედა. წინა პირველობის მოწინავე რვეული 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა. ჩემპიონატი 2007-2008 წლებში დაბადებული ჭაბუკებით დაკომპლექტებულმა 34-მა კოლექტივმა დაიწყო.

პირველი ეტაპი საკლასიფიკაციო ხასიათს ატარებდა. 2-წრიანი შეჯიბრების შემდეგ ჯგუფებში გამარჯვებულმა გუნდებმა „ოქროს“ ჯგუფი დააკომპლექტეს, ხოლო რეიტინგების მიხედვით კი აღმოსავლეთისა და დასავლეთის 8-8 გუნდა „ვერცხლის“ ჯგუფები ჩამოყალიბდა. მეორე ეტაპიც მიმოსვლით, 2 წრედ გაიმართება, რომელიც საჩემპიონო პლეი ოფის მონაწილე 16 გუნდის ვინაობას გაარკვევს.

„ოქროს“ ჯგუფის მონაწილეებს პლეი ოფში „ვერცხლის“ ჯგუფის ამერ-იმერის 4-4 წარმატებული გუნდი შეუერთდება და ტიტულისთვის ბრძოლა 1/8-ური ეტაპიდან გაგრძელდება. 1-მატჩა პლეი ოფის ყველა ეტაპზე (ფინალის ჩათვლით) წყვილში მასპინძელი უკეთეს-ნომრიანი გუნდი იქნება. გარდა ამისა, მომავალი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე გუნდების განთესვა და შესაბამისად ჯგუფების დაკომპლექტება მიმდინარე პირველობაზე დაკავებული ადგილების მიხედვით განხორციელდება.

პირველი ეტაპის ყველაზე დიდი მოულოდნელობა ვიცე-ჩეპიონ ‘ხვამლის’ ელიტას მიღმა დარჩენა გახლდათ. მუხიანელებმა ‘ბ’ ქვეჯგუფში პირველობა ‘წიქარას’ დაუთმეს და პლეი ოფში მოხვედრას „ვერცხლის“ ჯგუფიდან ეცდებიან. რეზო ქოქოლაძის შეგირდებმა ‘ხვამლს’ პირველ წრეში 8-ქულიანი სხვაობით აჯობეს, მეორე წრეში კი მუხიანში ნათამაშევი ფრით, პირველი ეტაპი დაუმარცხებლად განვლეს და პირველი ადგილიც დაიკავეს.

საკმაოდ საინტერესო გამოდგა ‘ე’ ქვეჯგუფის პირველობისთვის ‘ბათუმისა’ და ფოთის ‘კოლხი რაინდების’ ჭიდილი. ზღვისპირული დერბის პირველი რაუნდი კოლხებმა მშობლიურ „პარკი არენაზე“ დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით მოიგეს და ჯგუფის გამარჯვებული მეტოქეთა საპასუხო შეხვედრამ, დასკვნით ტურში აჭარის დედაქალაქში გაარკვია. გასული სეზონის მე-5 ადგილოსან ‘ბათუმს’ ელიტაში მოსახვედრად სულ მცირე 3 ქულის სხვაობით მოგება მართებდა.

კოლხებმა პირველი ტაიმი 3 ქულით მოიგეს და თან  მასპინძლებზე მეტი, მთლიანობაში 2 ლელო გაიტანეს. აჭარელთა მხრიდან ერთადერთი ლელოს გატანა პირველ ნახევარში მღლეტელმა ანდრო დუმბაძემ მოახერხა, რომელიც ზუსტად გარდასახა მათე მახარაძემ. მასპინძელთა მგეზავმა და კაპიტანმა 4 ჯარიმაც გაიტანა, რამაც მატჩის საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.

შეხვედრის ბოლო წუთზე კოლხების ჰავბეკმა სანდრო აქუბარდიამ შორეული და თან მახვილი კუთხიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა. ‘ბათუმმა’ მატჩის განახლებისთანავე, „გაწითლებულ დროში“ ჯარიმა გამოიმუშავა, რომელიც მოედნის ცენტრიდან მათე მახარაძემ ზუსტად შეასრულა – 19:16. მეტოქეებმა 33-33 საცხრილო ქულა დააგროვეს, პირისპირ ბალანსის ჯამურმა შედეგმა (35:34) კი აჭარლებს მინიმალური უპირატესობა და ქვეჯგუფში პირველი ადგილი არგუნა.

დარჩენილ 6 ქვეჯგუფში კი ფავორიტებმა ყველა შეხვედრა მოიგეს და დამაჯერებლად იპირველეს. მაქსიმალური შედეგი (ყველა მოგება ბონუსით) ჩემპიონმა ‘ლელომ’, ბრინჯაოს მედალოსანმა ‘არმიამ’, ‘აკადემიამ’ და რუსთავის ‘ხარებმა’ დააფიქსირეს. აღსანიშნავია, რომ ლელო’ მონაწილეთა შორის ყველა სამატჩო მაჩვენებლით გამოირჩა და თან ჩემპიონმა 3 შეხვედრა სამნიშნა ციფრით მოიგო. ხსენებულ კვარტეტთან ერთად „ოქროს“ ჯგუფში ასევე ‘აია’-1 (ქუთაისელთა მთავარი გუნდი), ‘ბათუმი’, სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ და ‘წიქარა’ ითამაშებენ.