ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | მოწინავე სამეულის შეჩერებას ვერ ახერხებენ

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში, მე-9 ტურიც მოწინავე სამეულმა მოგებით განვლო, თუმცა ლიდერმა ‘ბათუმმა’ ამ ჯერზე პრემიალური ქულის აღება ვერ შეძლო, რამაც აჭარლებს მდევარი ‘აია’ ცხრილში 2 ქულამდე მიუახლოვა. ჩემპიონი ‘ლელო’ რიონისპირელებს ასევე 2 ქულით ჩამორჩება. სეზონში მიჯრით მესამე მარცხის მიუხედავად ‘არმია’ ზედა კვარტეტში რჩება, თუმცა „არმიელები“ ჩემპიონს უკვე 18 ქულით დაშორდნენ.

‘ყოჩებმა’ მოპოვებული ნუგეშითა და 17 საცხრილო ქულით მეხუთე პოზიცია გაიმყარა და ‘არმიას’ 2 ქულით ჩამორჩება. ‘აკადემიამ’ 6-მატჩიანი მარცხიანი სერია დაასრულა და 14 ქულით მე-6 ადგილზე, პლეი ოფის ზონაში აინაცვლა. ‘ხარები’ კი გასავარდნ, მე-7 ადგილზე დაქვეითდა და „მხატვრებს“ 3 ქულით ჩამორჩა. მართალია, ‘აია’-1-მა ჩემპიონატში პირველი სამატჩო ქულები აიღო, თუმცა საცხრილო ქულების გარეშე მყოფი ღრმა აუტსაიდერი „ვერცხლის“ ლიგაში დაბრუნებას დიდი ალბათობით ვერ გადაურჩება.

ნუცუბიძის ფერდობზე მდებარე „რაგბი პლატომ“ მიჯრით 2 შეხვედრას უმასპინძლა. თავდაპირველად ბოლნისის ‘ყოჩები’ ლიდერ ‘ბათუმს’ დაუპირისპირდა. პირველ ნახევარში უკეთ ქვემო ქართლელები გამოიყურებოდნენ. დაცვაში საიმედო თამაშითა და მორკინალთა აქტიურობით გამორჩეული ‘ყოჩები’ შესვენებაზე 14 ქულიანი უპირატესობით წავიდა. ‘ყოჩთა’ პირველხაზელების ოთო გალდავასა და მათე ღურწკაიას გატანილი ძალისმიერი ლელოები ფრთა დაჩი ექიზაშვილმა გარდასახა.

მეორე ნახევარში თენგიზ გოგიბერიძის ბიჭები გააქტიურდნენ. აჭარლებმა თამაში დაალაგეს, მასპინძლებს მწვავედ უტიეს და ზედიზედ 4 ლელოს (მარბიელი და კაპიტანი გიორგი ირემაძე, ფრთები: ნიკა დუმბაძე და მათე თავდგირიძე, მგეზავი გიორგი ბერაძე, ვინაც 3 გარდასახვაც გამოიყენა) გატანაც მოახერხეს. ‘ყოჩები’ ბოლომდე იბრძოდა და მატჩის მიწურულს დავით ღვალაძის გატანილი კიდევ ერთი ძალისმიერი ლელოთი ნუგეშს გამორჩა. ‘ბათუმმა’ მატჩი 26:21 მოიგო.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’-აია’-1-ის შეხვედრა კი „მხატვართა“ სრული უპირატესობით წარიმართა. ბესიკ ჩინჩალაძის შეგირდებმა აუტსაიდერს 10 ლელო დაუდეს. ‘აკადემიას’ ფრთა თორნიკე აფციაური „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა. „მხატვართა“ ბურჯმა დავით აქუბარდიამ კი „დუბლი“ გაიფორმა და თან შეხვედრის პირველი და ბოლო ლელოს ავტორად იქცა. მეორე ტაიმში ბურჯ ლუკა ჯავახაძის გატანილი ლელოთი რიონისპირელთა მეორე გუნდმა ნავსი გატეხა და მიმდინარე ჩემპიონატში „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი პირველად დააღწია – 54:5.

„ხარები არენაზე“, ადგილობრივმა ‘ხარებმა’ ქუთაისის ‘აიასთან’ პირველი ტაიმის დიდი ნაწილი ტოლ-სწორ ბრძოლაში გაატარა. შუამარბ დავით მაკოევის დადებულ ლელო მასპინძელთა ფულბეკმა გიორგი სვანიძემ გარდასახა, რასაც წყვილი გატანილი ჯარიმაც წაუმატა და ‘ხარები’ პირველი ტაიმის შუაწელს ანგარიშში მინიმალური სხვაობით დაწინაურდა. დარჩენილ დროში კი მასპინძლებმა სამატჩო ქულების აღება ვეღარ შეძლეს, საკუთრივ კი 8 ლელოს თანხლებით 38 ქულა მიიღეს.

‘აიამ’ ორგანიზებული თამაშისა და სტატიკის ხარჯზე შეიტანა გარდატეხა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რიონისპირელთა კვაჭ ილია ჯანგავაძის თამაში. კარგად შეკრული მოლით ილია ჯანგავაძემ ქვემო ქართლელებს ტაიმებში 2-2 ლელო დაუდო და მატჩი პრესტიჟული „პოკერის“ თანხლებით ჩაამთავრა. ‘აიას’ სეზონის მე-8 გამარჯვება ბოლო წუთებზე მგეზავ ბაჩო ძოძუაშვილის გატანილმა ლელომ დააფიქსირა – 50:13.

ტურის დასკვნითი შეხვედრა „რაგბი ჭალაში“ გაიმართა, სადაც ‘არმია’ დედაქალაქურ დერბიში ‘ლელოს’ დაუხვდა. ჩემპიონმა უძლიერეს შემადგენლობას ევროპირველობის შემდეგ თავი პირველად მოუყარა, რაც მატჩის მსვლელობასა და საბოლოო შედეგზე ნათლად აისახა. ზურა ხორბალაძის შეგირდები განუზომელ უპირატესობას ფლობდნენ და ფავორიტისთვის შეხვედრამ რეალურად ვარჯიშის ხასიათი მიიღო.

ჩემპიონმა 16 უპასუხო ლელო გაიტანა და სეზონში სამნიშნა ციფრით მე-3 შეხვედრა მოიგო – 106:0. ‘ლელოს’ მხტომელმა მიშო შიოშვილმა „პენტა-თრიკი“ (5 ლელო) შეასრულა, მისმა 4-მა თანაგუნდელმა (მიხეილ ხახუბია, მარბიელი ანდრო დვალი, ფრთები: გოჩა ხურციძე და კაპიტანი თორნიკე ნავროზაშვილი) კი „დუბლი“ გაიფორმა.