ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | დროებით ‘აია’ გალიდერდა

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მე-10 ტური არასრული გამოდგა. აჭარის დედაქალაქში, ‘ბათუმს’ სათამაშოდ ‘აკადემია’ არ გამოუცხადდა. „მხატვართა“ ბათუმში ჩაუსვლელობაზე სრკ-ს სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს. ტრიბუნალის გადაწყვეტილებამდე კი ყველა შეხვედრის მომგები ‘ბათუმი’ ცხრილში დროებით მესამე პოზიციამდე დაქვეითდა.

სატურნირო ცხრილს სათავეში ქუთაისის ‘აია’ ჩაუდგა. რიონისპირელებმა მე-9 მატჩი მოიგეს, 44 ქულა დააგროვეს და აჭარლებს 3 ქულით გადაასწრეს. ‘აიას’ 2 ქულით ‘ლელო’ ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონმა სამნიშნა ციფრით მიჯრით მესამე შეხვედრა მოიგო.  ‘არმიამ’ 5-მატჩა მარცხიანი სერია დაასრულა და 24 ქულით მოწინავე კვარტეტში პოზიცია გაიმყარა.

ქვედა ოთხეულის მდგომარეობა ცხრილში უცვლელი დარჩა. მეხუთე პოზიციაზე 17 ქულით ბოლნისის ‘ყოჩები’ იმყოფება და მეექვსე ადგილოსან ‘აკადემიას’ 3 ქულით უსწრებს.  რუსთავის ‘ხარები’ 11 ქულით ცხრილის ბოლოსწინა, მე-7 საფეხურს იკავებს. საცხრილო ქულის გარეშე მყოფი ‘აია’-1 კი სატურნირო რეესტრის ფსკერზე მყარადაა განთავსებული.

„აია არენაზე“, ‘აია’-‘ყოჩების’ პირველმა ნახევარმა დაძაბულ ბრძოლაში განვლო. ‘ყოჩთა’ მარბიელ აჩი ნოზაძის გარდასახულ ლელოს, რიონისპირელებმა ფრთა რომა ქაშიბაძისა და მღლეტელ საბა ლაღაძის გატანილი ლელოები დაუპირისპირეს, რამაც მასპინძლებს შესვენების წინ ანგარიშში 5-ქულიანი უპირატესობა მოუპოვა.

მეორე ნახევარში ‘აიამ’ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და თან დაცვაში თამაში კიდევ უფრო გაამკაცრა. რიონისპირელები ტრადიციულად აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და მორკინალთა პროდუქტიული გარჯის შედეგად გამოთავისუფლებულ სივრცესაც კარგად ითვისებდნენ. ‘აიამ’ მეორე ტაიმში ქვემო ქართლელებს 3 უპასუხო ლელო დაუდო და დაგეგმილი ბონუსიც უპრობლემოდ აიღო. მარქაფადან ჩართული ფულბეკის გიორგი ბარდალიანის გატანილი ლელოს კვალ, ტრავმით გამოწვეული იძულებითი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება რომა ქაშიბაძემ შესრულებული „დუბლით“ აღნიშნა. მატჩის მიწურულს კი საკუთარ 5-მეტრიანთან, მასპინძელთა სწრაფი იერიშის განზრახ ჯარიმის ფასად შეჩერება ქვემო ქართლელებს საჯარიმო ლელოს მიღების ფასად დაუჯდათ – 29:7.

მესამე მასივში, ‘ლელო’-რუსთავის ‘ხარების’ შეხვედრამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაიარა. ზურა ხორბალაძის შეგირდებმა განუზომელი უპირატესობა შესვენებამდე 66 აღებულ ქულაში ასახეს, ქვემო ქართლელები კი ფულბეკ გიორგი სვანიძის გატანილი ეული ჯარიმის ამარა დატოვეს.

მეორე ნახევარში მატჩის სურათი არ შეცვლილა. ჩემპიონს კომბინაციურ სტილში ლელოთა სეტყვა არ შეუწყვეტია (მატჩში 19 გატანილი ლელო) და დიდ დიღმელებს 1 შეხვედრაში სამატჩო ქულათა მონაგარით სეზონის ახალი რეკორდის დასამყარებლად სულ 6 ქულა დააკლდათ. ‘ლელოს’ კვაჭმა მიხეილ ხახუბიამ „პოკერი“ გაიფორმა, ფულბეკმა ნიკა ხალვაშმა კი „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. ჩემპიონის მგეზავმა ამირან ბიწკინაშვილმა დადებულ ლელოს, 12 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო. ‘ხარების’ მხრიდან კი ერთადერთი პრესტიჟის ლელოს გატანა კვაჭმა გიგა ქართლელიშვილმა მოახერხა – 123:10.

ტურის დასკვნით შეხვედრაში, ‘აია’-1-მა ‘არმიას’ „აია არენაზე“ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ რიონისპირელთა მეორე გუნდმა სტუმრებს პირველ ტაიმში ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია და ფავორიტი კვაჭ თეიმურაზ რუხაიას გარდაუსახავ ლელოს დააჯერა. მეორე ნახევარში კი „არმიელთა“ უპირატესობა გამოიკვეთა, რაც სტუმართა გატანილ 5 უპასუხო ლელოში აისახა. ‘არმიას’ ერთ-ერთი ლიდერი რაულ ჩორგოლაშვილი ამჯერზე შუამარბის პოზიციაზე ირჯებოდა და „დუბლის“ შესრულებაც მოახერხა. მატჩის საბოლოო ანგარიში ჩორგოლაშვილის გატანილი მეორე ლელოთი დაფიქსირდა – 32:0.