სუპერ თასი | ფინალამდე სარეკორდო სხვაობით

‘შავმა ლომმა’ 2023 წლის რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში ესპანურ ‘იბერიანსს’ სარეკორდო სხვაობით, 41:0 სძლია და ფინალში ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

ქართულმა ფრენჩაიზმა სუპერ თასის პირველი გათამაშება პორტუგალიური ‘ლუზიტანუშის’ ძლევით მოიგო: შარშან ფინალში ისრაელის ‘ჰითი’ დაამარცხა და მესამე ტიტულისთვისაც სამხრეთ აფრიკელი და კუნძულელი მორაგბეებით დაკომპლექტებულ „ხვატს“ ეთამაშება.

ესპანურ ფრენჩაიზს ‘შავი ლომი’ მეოთხედ ერკინა და სარეკორდო სხვაობით, 41:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ‘იბერიანსს’ ყველა ჯერზე „ავჭალაზე“ დავუხვდით და პირველ ორ შემთხვევაში წლევანდელის მსგავსად ნახევარფინალში, ერთი თვის წინ კი ჯგუფურ ეტაპზე მოვუგეთ.

სრული დომინაციით

‘შავმა ლომმა’ მთელი თამაში სრული დომინაციით ჩაატარა. ‘იბერიანსს’ ქულის აღების თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები ჰქონდა, ისიც ჩვენი შეცდომების ხარჯზე, თუმცა მასპინძლებმა დაზღვევაზე დაცვაში კარგად ითამაშეს.

ანგარიში პირველივე შეტევის შედეგად გაიხსნა. ‘შავმა ლომმა’ ფაზები აკინძა, ფორვარდებს მოთმინებამ არ უმტყუნა, მერე ბურთი მარჯვენა ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა და მეტობა აკა ტაბუცაძიემ ‘შავი ლომის’ მაისურით თავის მე-20 ლელოდ აქცია. ლუკა მატკავამ გარდასახვის შემდეგ კარის წინიდან მარტივი 3 ქულაც აიღო.

თამაში რომ განახლდა ტაბუცაძემ ფეხით მეტოქე თავის ლელოში დააბრუნა, თავისუფალი დარტყმის შემდეგ კი ხაზი ლუკა ივანიშვილმა გაგლიჯა, მეორე მცველს გვერდი აუარა, შეტევა მარცხენა ფრთაზე გაგრძელდა და ალექსანდრე თოდუას ლელოთი დასრულდა. გარკვეული დროით სტუმრები ჩვენს ნახევარზე დამკვიდრდნენ, მაგრამ განსაკუთრებული ხიფათის გარეშე, ტაიმის დასკვნით 10 წუთში კი ილია სპანდერაშვილმა გაიბრწყინა. დერეფნიდან სანდრო მამამთავრიშვილმა ილიასთან კარგი კომბინაცია გაითამაშა, ის სივრცეში შეუშვა და ბოჭვის მიუხედავად ლელო გავიდა; შესვენების წინ სპანდერაშვილმა მცველი ფიზიკურ კონტაქტში თავის ნახევარზე დაჩაგრა და 55-მეტრიანი რეიდი ლამაზი, ინდივიდუალური ლელოთი დაასრულა – 27:0.

მეორე ტაიმში თამაში შედარებით დამშვიდდა. მის დებიუტში მატკავამ კარის წინ გაჭრა ხაზი, ლელო გარდასახა და უპირატესობა გაზარდა, 71-ე წუთზე კი მოლი ბექა მამრიკიშვილის ლელოთი დასრულდა და მატკავამ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 41:0.

მატჩის შემდეგ

ლევან მაისაშვილი (‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი): „მოწინააღმდეგეს უდაოდ ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. მე მომწონს ‘იბერიანსის’ ფორმატი, ისინი აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებენ და დარწმუნებული ვარ შემდგომ წლებში უფრო სახიფათო მოწინააღმდეგე იქნება. მესამედ გავედით ფინალში, თუმცა ჯერ ამ თამაშზე არ ვფიქრობთ. 22 დეკემბრამდე ჩელენჯ თასის თამაშები გველის და ახლა აქცენტი ამ ტურნირზე კეთდება“.

„ეს თამაში გარკვეულწილად ‘გლოსთერთან’ მატჩის მოსამზადებელ ეტაპად განიხილებოდა. ყველამ იცის, რომ წინ სულ სხვა დონის და ინტენსივობის თამაში გველის. ამ დონის გუნდი საქართველოში იშვიათად ჩამოდის და ვეცდებით ღირსეულად წარვსდგეთ მის წინააღმდეგ. დაგვაკლდებიან ის  მოთამაშეები, რომელთაც გრძელვადიანი ტრავმები აქვთ. შეიძლება დაგვიბრუნდეს მირიან მოდებაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი“.

„EPCR-ის ტურნირები იგივეა, რაც ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა. ამაზე მაღალი დონის ფორმატი საკლუბო რაგბიში არ არსებობს. ის, რომ ამ დონის თამაშს საქართველოში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გავმართავთ ჩვენთვის ამაღელვებელია. გულშემატკივარმა კარგად იცის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქართული რაგბისთვის გულშემატკივარი. ვიმედოვნებ, უმაღლესი დონის თამაში სავსე ტრიბუნების წინაშე გვექნება“.

მერაბ შარიქაძე (‘შავი ლომის’ კაპიტანი): „ნამდვილი გამოწვევები ახლა იწყება. ერთ კვირაში ‘გლოსტერთან’გვიწევს შეხვედრა და ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია ბოლომდე ვიბრძოლოთ. თავისთავად მეტოქე ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ვეცდებით გულშემატკივრის თვალები და გულები გავახაროთ. იმდენი ხანია ჩელენჯ თასზე მოხვედრას ვითხოვთ, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია მეტოქეს სავსე ტრიბუნებით დავხვდეთ. ჩვენის მხრივ გპირდებით, რომ მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ“.

„სუპერ თასის ფინალში ობიექტურად ფავორიტები ვართ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენოთ ჩვენი ჩელენჯ თასში მონაწილეობა“.

რაგბი ევროპის სუპერ თასი 2023
ნახევარფინალი. 2 დეკემბერი. თბილისი. ავჭალა
შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი) 41:0
შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. ნიკა ხატიაშვილი 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ნიკა პატარაია, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. თენგიზ პერანიძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. თორნიკე კახოიძე.

6 ლელო: ტაბუცაძე, თოდუა, სპანდერაშვილი (2), მატკავა, მამრიკიშვილი

4 გარდასახვა: მატკავა

1 ჯარიმა: მატკავა