თბილისის მერიის უპრეცედენტო საჩუქარი საფესტივალო გუნდებს

საფესტივალო ასაკის 20 თბილისური გუნდი ახალ წელს ახალი სპორტული შემართებით ხვდება – თბილისის მერიისა და რაგბის კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მათ გრანდიოზული საჩუქრები: მაღალხარისხიანი სპორტული ინვენტარი თბილისის მერიამ გადასცა.

მანამდე, ოთხივე საფესტივალო ასაკის თბილისის ყველა გუნდმა „შევარდენზე“ თაგ-რაგბის ფესტივალი გამართა. მსოფლიო რაგბის მიერ შემუშავებულ უკონტაქტო თაგ-რაგბიში ამჟამად 150 საჯარო სკოლის მოსწავლეები ვარჯიშობენ. პროგრამა “ჩაერთე რაგბიში” მთავრობისა და რაგბის კავშირის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება და კიდევ 120 სკოლა გამოთქვამს მასში ჩართვის სურვილს. ამ პროგრამით უსაფრთხო რაგბის ილეთებით გოგონებიც და ბიჭებიც გუნდურობას, სტრატეგიულ აზროვნებას, დისციპლინას სწავლობენ, – იკაჟებენ ჯანმრთელობას.

„ჩვენ დიდ იმედს ვამყარებთ ამ პროგრამაზე, მოველით რომ ათასობით ბავშვი გადაწყვეტს პროფესიულ დონეზე გაჰყვეს ამ სპორტს შემდგომშიც, რაც ქართული რაგბის განვითრების უმთავრესი ფაქტორია. დიდი მადლობა პირადად კახი კალაძეს, ანდრია ბასილაიას და ირაკლი გვილავას, რომლებმაც მერიის სამსახურებთან ერთად დიდი შრომა გასწიეს მომავალი მორაგბეებისთვის წინასაახალწლო სპორტული შემართების შესაქმნელად. ათასობით ბურთი, სხვა პროფესიული ინვენტარი ბავშვებს რაგბის უკეთ შესწავლის საშუალებასაც მისცემს და ამ სპორტისადმი მათ ინტერესს კიდევ უფრო გააღვივებს“ – თქვა თორნიკე გოგებაშვილმა, რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელმაც მომავალ მორაგბე გოგო-ბიჭებს კავშირის პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძისგანაც გადასცა საჩუქრები და მადლობის სიგელები.