ემზარ სულაქველიძის სამძიმარი

ახლახანს თბილისში, აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი მეომრები გადმოასვენეს, რომელთა შორის დიდი პატრიოტი და ქართული რაგბის თვალსაჩინო მოღვაწე ემზარ სულაქველიძეც („ტაკარაცუკა“) გახლავთ. ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, ემზარ სულაქველიძემ ქართულ საზოგადეობაში წარუშლელი კვალი დატოვა. „ტაკარაცუკას“ (სარაგბო თიკუნი) მოღვაწეობა და თავდადება თაობებისთვის ნათელ მაგალითად და დიდ სტიმულად იქცა.

ემზარ სულაქველიძეს ქართული რაგბის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, თბილისის 172-ე საშუალო სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგმა ნიჭიერი ყმაწვილები შემოიკრიბა და რაგბის კლუბი ‘ივერია’ დაარსა, რომელმაც სათავე დაუდო ვაზისუბანში რაგბის განვითარებასა და შემდგომში დედაქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარაგბო კერის შექმნას.

‘ივერიას’ დამფუძნებლისა და მთავარი მწვრთნელის ემზარ სულაქველიძისა და მისი თანაშემწის ლევან მგელაძის თაოსნობით ოვალური ბურთის არაერთი აღიარებული ოსტატი აღიზარდა (კახა ალანია, ზურა პინაიშვილი, კაკო მაჭუტაძე და სხვები). ისიც აღსანიშნავია, რომ ‘ივერია’ საბჭოეთის ასაკობრივ პირველობებზე წლების მანძილზე წარმატებით გამოდიოდა.

ემზარ სულაქველიძე აფხაზეთის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დამცველ პატრიოტებს შეურთდა და მიღებული მძიმე ჭრილობების მიუხედავად (ექიმები საომარ მოქმედებებში მონაწილეობის გაგრძელებას კატეგორიულად უკრძალავდნენ), ომში ხელმეორედ ჩაება და საკუთარ ქვეყანას სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდა. 1993 წლის 27 სექტემბერს ოჩამჩირის მახლობლად, სოფელ ახალდაბაში უმძიმესი შეტაკების შედეგად ემზარ სულაქველიძე 43 წლის ასაკში დაიღუპა. მაშინ „ტაკარაცუკა“ უგზო-უკვლოდ დაკარგულად იქნა გამოცხადებული და მისი ნეშტის მოძიება და გადმოსვენება 30 წლის შემდეგ მოხერხდა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ემზარ სულაქველიძის სახელი ჯერ კიდევ 2016 წელს უკვდავყო, მას შემდეგ რაც ვაზისუბნის დასახლებაში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი მიანიჭა. 2021 წლის ზაფხულში კი დედაქალაქის საკრებულომ ისნის რაიონში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის პირველ კვარტალში მდებარე რაგბის სათამაშო მოედანს ემზარ სულაქველიძის სახელი მიანიჭა. იმავე წლის 27 სექტემბერს ემზარ სულაქველიძის აღზრდილმა მორაგბეებმა და მისმა მეგობრებმა „ტაკარაცუკას“ ვაზისუბანში, ‘არმაზის’ სარაგბო არენის ზუსტად იმ მონაკვეთში დაუდგეს ძეგლი, სადაც თავის დროზე ემზარ სულაქველიძე სარაგბო არენის აგებას პირადად გეგმავდა.

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს ემზარ სულაქველიძის დაღუპვის გამო, თანაუგრძნობს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

ემზარ სულაქველიძის გასვენების ცერემონიალი, 7 დეკემბერს წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან 14 საათზე დაიწყება.