დიდი 10 | ხვამლი 17:44 ბათუმი

‘ბათუმმა’ თბილისის ‘ხვამლის’ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა, „ხვამლი არენაზე“ ბონუს ქულით, 44:17 დაამარცხა და „სარბიელის სინი“ ზედიზედ მეხუთედ შეინარჩუნა.

მიჯრით ხუთმა მოგებამ ‘ბათუმი’ ზამთრის შესვენების წინ მესამე ადგილზე აიყვანა. ის ქუთაისის ‘აიას’ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება, ლიდერ ‘ლელოს’ კი ერთი ქულით. ‘ხვამლი’ 25 ქულით მე-7 ადგილზე დარჩა და საფლეიოფო ზონაში მოხვედრას 2024 წელს ეცდება.

მუხიანელებმა სტუმრებს პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი ალექსანდრე მარგიანის ჯარიმით მე-12 წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა მალევე მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა. მოლის შემდეგ ბურთი ლელოში ჩაიხურა, მაგრამ 26-ე წუთზე მასპინძლები დაცვაში ვეღარ გადაეწყვნენ და ვიტალი ირემაძემ ლელო ალამთან გაიტანა. მამუკა ნინიძემ კი გარდასახა.

‘ხვამლმა’ საპასუხოდ კარის წინ დანიშნული შერკინებიდან შეუტია, გიორგი კურტანიძემ მცველი აიყვანა და ძელებსშუა ნაპოლიონი მბეკევა შეუშვა. ტაიმის ბოლოს ზღვისპირელებმა თამაში ისევ ააჩქარეს, ზურა ძნელაძემ ხაზი გაჭრა და ლელო ამჯერად ამირ ჰენდრიქსმა გაიტანა – 10:14.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ბათუმი’ გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლა. მამუკა ნინიძემ ჯერ შორეული ჯარიმით გაზარდა უპირატესობა, მერე მოლი გიორგი მენაბდის ლელოთი დასრულდა, 53-ე წუთზე კი 5 ქულა ანზორ სიჭინავამ მიითვალა და ნინიძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა (10:31).

‘ხვამლმა’ რეზო მახარაძისა და ნიკა ცინცაძის გარდასახვით მალევე უპასუხა, მაგრამ სტუმრებს თამაში ნაპოვნი ქონდათ. ნინიძემ 5 წუთის ინტერვალში ორი ჯარიმა გაიტანა, 69-ე წუთზე კი ვიტალი ირემაძემ ინდივიდუალური, 50-მეტრიანი გარღვევით საკუთარი გუნდის მეხუთე ლელო მიითვალა, რითაც სტუმრებს ბონუსიც მოუპოვა და ნინიძემაც გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 17:44. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კობა ბუჯიაშვილი გახდა.