დიდი 10 | ხარები 49:43 არწივები

საქართველოს ჩემპიონმა რუსთავის ‘ხარებმა’, მატჩის დებიუტში 19-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ოზურგეთის ‘არწივებს’ 49:43 სძლია და სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

რუსთაველებს 22 ქულა მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე აღზევდნენ. ‘არწივებს’ თავგანწირული თამაში ნუგეშ-ქულად დაუფასდა, ჯამში 7 გაუხდა და კვლავ ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზეა.

მასპინძლებმა მატჩის დებიუტში შეცდომები დაუშვეს და სტუმრებმა 17 წუთში სამი ლელო გაიტანეს. თავი სამივე ჯერზე ოზურგეთელთა ლეგიონერებმა გამოიჩინეს. მე-2 წუთზე ხაზი საკიუსა მბასეისეიმ გაჭრა და ანგარიში რიჩარდ ნდერელანგიმ გახსნა. სამ წუთში მასპინძლები ფეხით თამაშისას ისევ შეცდნენ, სტუმრებმა თითქოს მომენტი ხელიდან გაუშვეს, თუმცა ჯაბულანი მკულვანმა მაინც მოახერხა ლელოს გატანა. მე-17 წუთზე ნდამურ რანგატა პენიასიმ სისწრაფეზე ხაზი 40-მეტრიან წყვეტილთან გაჭრა, ცრუმოძრაობაზე მასპინძელთა სამი მცველი წამოიკიდა და ლამაზი ინდივიდულური ლელო გაიტანა. ბახვა კობახიძემ ორი გარდასახა – 0:19.

ამის შემდეგ მოედანზე სურათი რადიკალურად შეიცვალა. ‘ხარები’ სრულ უპირატესობას დაეუფლა, განსაკუთრებით ძალისმიერ თამაშში. ‘არწივები’ დისციპლინამაც დააღალატა, რის გამოც სამი მოთამაშე ყვითელი ბარათით (კოტე გაზაშვილი, რატი ქურასბედიანი, საკიუსა მბასეისეი) დაკარგა და ერთი ხანობა მოედანზე 12 კაცის ამარა დარჩა. ამ პერიოდში რუსთაველებმა ორჯერ გამოიმუშავეს საჯარიმო ლელო, თითო ლელო ირაკლი ლუარსაბიშვილმა და ვაჟა ხუციშვილმა მიითვალეს, გიორგი ელოშვილმა კი ორივე გარდასახა – 28:19.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘არწივებმა’ კიდევ ერთხელ შეძლო კარგი შეტევის ორგანიზება, მარჯვენა ფრთაზე მეტობა გამოიყენა და ნიკა გრძელიძის ლელო ბახვა კობახიძემ გარდასახა. ‘ხარებმა’ საქმე აღარ გადადო, გააქტიურდა და სანდრო ილურიძისა და სანდრო სვანიძის ლელოების შემდეგ, რომელთაგან ერთი გიორგი ელოშვილმა გარდასახა, 16 ქულით დაწინაურდა.

ტაიმის შუაში მარვინ ფრედერიქსმა თავის ნახევარზე გაჭრა ხაზი, მას კარგად მიყვა ჯაბულანი მკულვანი და თავისი მეორე ლელო მიითვალა. 5 წუთში დუბლი უკვე ხუციშვილმა შეასრულა და სტატუსქვო აღადგინა, თუმცა ოზურგეთელებს გარჯა დაუფასდათ და უქულოდ არ დარჩნენ. 76-ე წუთზე გიგი გიგინეიშვილმა ლელო მარჯვენა ალამთან გაიტანა. ფრედერიქსმა რთული პოზიციიდან ზუსტად გარდასახა, რამაც გაწითლებულ დროზე ჯარიმით სხვაობის 66 ქულამდე დაყვანის შესაძლებლობა მისცა – 43:49.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხარების’ მეორეხაზელი გიორგი შარვაშიძე გახდა.