დიდი 10 | ლელო 34:34 ხვამლი

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის 50-ე შეხვედრაში პირველი ფრე დაფიქსირდა. ‘ლელო-სარასენსმა’ და ‘ხვამლმა’, დიდ დიღომში გამართულ თვალსასეირო დედაქალაქურ დერბიში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს – 34:34.

თამაში მაღალ ტემპში წარიმართა და კარგი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდს ახლდა გულშემატკივართა გუნდი, რამაც შეხვედრას დამატებითი ხიბლი შესძინა. მასპინძელი ‘ლელო’ დროის უმეტესი პერიოდი ლიდერობდა, თუმცა მუხიანელები არ დანებდნენ. სულ ბოლოს მასპინძლებს მაინც შეეძლოთ მოგება, მაგრამ ირაკლი ყიასაშვილის 45 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა მიზანს ასცდა და ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა.

თამაში ‘ხვამლის’ შეტევებით დაიწყო და ზურა ქობელაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. მე-9 წუთზე ოთარ ლაშხმა საკუთარი 22-იდან ფეხით ბურთი მეტოქის 22-ში გადაიტანა, იქიდან აგორებულ მოლს სანდრო ჯიღაური მოწყდა, სივრცეში შეუტია და შებოჭილმა ლუკა სახელაშვილს ოფლოუდი გაუხერხა, რომელმაც ლამაზი იერიში ლელოთი დააგვირგვინა. პირველ ლამაზ ლელოს მე-15 წუთზე მეორე მოყვა. შალვა აფციაურმა მარჯვენა ფრთაზე, 10-მეტრიან წყვეტილთან მიიღო ბურთი, ჯერ ცერად იარა და საჭირო ადგილას ხაზი გაჭრა, მერე მეორე ეშელონი ბრძოლით გაიარა და ბურთი ლელოში დაამიწა. ყიასაშვილმა ორივე გარდასახა და ტაიმის შუაში ჯარიმაც გაიტანა.

ასეთმა ლელოებმა თამაშის იშტაზე სტუმრებიც მოიყვანა. 25-ე წუთზე უკვე საბა არაგველმა გაჭრა ხაზი სისწრაფეში, დაახლოებით 30 მეტრი ირბინა და ხელუკუღმა ბურთი ლუკა ცხვედიანს ამოუგდო, რომელსაც ძელებსშუა ლელოს გატანა აღარ გაჭირვებია. თამაში რომ განახლდა ‘ხვამლი’ საკუთარ 22-ში შეცდა, ‘ლელომ’ შერკინებიდან შეუტია, სახელაშვილის შეცურებულ ბურთს ყიასაშვილი მიყვა და თავისივე ლელო გარდასახა. შესვენებამდე ‘ხვამლს’ ჯარიმით ორჯერ შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ ლელოზე თამაში არჩია და რომ არა აფციაურის თავგანწირული ბოჭვა, გიორგი კურტანიძე მიზანს მიაღწევდა – 24:10.

მეორე ტაიმის დასაწყისშიც პირველი ქულები ‘ხვამლმა’ აიღო. ფორვარდებით რამდენიმე მიძალების შემდეგ, კურტანიძემ ჰამლეტ გოგიას ამოუგდო ბურთი და მისი ლელო ალექსანდრე მარგიანმა გარდასახა. მერე ყიასაშვილმა და მარგიანმა ჯარიმები გაცვალეს, 55-ე წუთზე კი ‘ლელომ’ თითქოს გამარჯვებისკენ გაიწია – თამაში რომ განახლდა ბექა მამუკაშვილმა მეტოქის 22-ში პირველი ბურთი მოხსნა და წამში ლელოში დაამიწა. ყიასაშვილმა 14-ქულიანი სხვაობა აღადგინა.

სტუმრებმა კვლავ მოუმატეს და მალე ისევ თამაშში დაბრუნდნენ. თორნიკე აქუბარდიამ ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ხაზი გაჭრა, სიჩქარე აკრიფა, ბოლო მცველი აიყვანა და ლელოში მიხეილ თაყაიშვილს შეაყოლა. მარგიანმა გარდასახა. თამაშის მიწურულს საკუთარ 22-ში უკვე ‘ლელო’ შეცდა, რამაც ‘ხვამლს’ 5-მეტრიანი შერკინება მოუპოვა, იქიდან კურტანიძემ მოკლე ფრთაზე შეუტია და ბოჭვის მიუხედავად ლელო გაიტანა. მარგიანმა რთული პოზიციიდან გარდასახა და წონასწორობა აღადგინა – 34:34.

გაწითლებულ დროზე კარის წინ 45 მეტრში ‘ხვამლი’ შეტევაში დაჯარიმდა, მაგრამ რაგბის განგებამ წასაგებად არცერთი გუნდი გაწირა.

განვლილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლუკა ცხვედიანი გახდა. ‘ლელოს’ 10 თამაშის შემდეგ 36 ქულა მოუგროვდა და პირველ ადგილზე დაბრუნდა, თუმცა მდევრებს მხოლოდ 1 (აია) და 2 (ბათუმი) ქულით უსწრებს. ‘ხვამლი’ 25 ქულით მე-5 პოზიციაზეა და ერთით სჯობნის ‘არესს’, ხოლო რუსთავის ‘ხარებს’ სამით.