დიდი 10 | ლელო 21:14 ყაზბეგი

დიდი 10-ის 2023 წლის დასკვნით შეხვედრაში, მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ‘ლელო-სარასენსმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა – 21:14.

„ლელო არენაზე“ გამართული თამაში სანახაობრივი გამოდგა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში რამდენჯერმე გაჭრეს ხაზი, თუმცა დასკვნით ფაზებში სტუმართა დაცვა თავგანწირვით ირჯებოდა. თავის მხრივ, სტეფანწმინდელებსაც ჰქონდათ რამდენიმე კარგი შესაძლებლობა, მაგრამ ქულები მხოლოდ მატჩის დებიუტში აიღეს.

ეს მე-2 წუთზევე მოხდა, როდესაც დერეფნის შემდეგ ლევან ქუშაშვილმა ხაზი გაჭრა და ბურთი ლელოში დაამიწა, დავით მოძღვრიშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა. ‘ყაზბეგს’ ტაიმის შუაში უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ შემტევმა ფეხით გადაკიდებულ ბურთს ლელოში ვერ მიუსწრო. რადგან ლელოს გატანა ვერ ხერხდებოდა, ტაიმის ბოლოს ‘ლელომ’ ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა და სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა – 3:7.

მეორე ტაიმში მასპინძლებს ბევრი აღარ უფიქრიათ, ჯარიმებიდან ყიასაშვილმა 3 ქულა კიდევ ორჯერ აიღო და მასპინძლები დააწინაურა. მე-60 წუთზე მასპინძლებმა თავისი ნახევრიდან კარგი ფაზური შეტევა წამოიღეს. ბექა მამუკაშვილმა და იოანე მეტრეველმა კარგად იარეს, ლუკა სახელაშვილმა გრძელი გადაცემით ფრთაზე გაგა ქევხიშვილი მოძებნა და მისი ლელოთი ანგარიშში უპირატესობა 7 ქულამდე გაიზარდა.

‘ყაზბეგს’ სულ 4 წუთი დაჭირდა წონასწორობის აღსადგენად. მათ მოლით შეუტიეს და ხანგრძლივი წინააღმდეგობის მიუხედავად ბექა გუგეშაშვილმა ლელო გაიტანა, მოძღვრიშვილმა კი გარდასახა. 74-ე წუთზე მოძღვრიშვილს კარის წინ 30 მეტრიდან სტუმრები უნდა დაეწინაურებინა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა.

‘ლელომ’ საპასუხო შეტევა წამოიღო, მეტოქის 22-მდე იარა, იქ არჩილ აბესაძემ ხაზი გაჭრა და ბურთი ცალი ხელით გიორგი კურტანიძეს გაატანა, რომელმაც ბოჭვის მიუხედავად ლელო გაიტანა. ყიასაშვილმა გარდასახა. თამაში რომ განახლდა მოედანზე ჩხუბი ატყდა და ოთარ ლაშხი და იაგო ხელაძე სინბინით დაისაჯნენ, ანგარიში კი აღარ შეცვლილა და ‘ლელომ’ 21:14 იმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო ჯიღაური გახდა. ‘ლელო’ 2024 წელს 40 ქულით (11 თამაშიდან) და პირველი ადგილით ხვდება. ის მდევრებს – ქუთაისის ‘აიასა’ და ‘ბათუმს’ თითო ქულით უსწრებს. ‘ყაზბეგმა’ მცირედი სხვაობისთვის ნუგეშის ქულა მიიღო და ჯამში 21-ით მე-8 ადგილზეა. საფლეიოფო ზონასთან სტეფანწმინდელებს 4 ქულა აშორებთ.