დიდი 10 | არესი 36:41 ყოჩები

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის მეორე წრე ქუთაისში, ადგილობრივი ‘არესისა’ და ბოლნისის ‘ყოჩების’ თვალსასეირო თამაშით გაიხსნა.

„აია არენაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა საინტერესო ორთაბრძოლა იხილა, რომელმაც გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. გუნდებმა ჯამში 5-5 ლელო გაიტანეს, მატჩის ბედი კი დასკვნით წუთებში ცენტურიონი ლაშა მალაღურაძის ფეხჩუბინობამ გადაწყვიტა.

„ყოჩები’ პირველ ტაიმში სამჯერ დაწინაურდა. ‘არესმა’ წონასწორობა სამივეჯერ აღადგინა და მეორე ტაიმში წინ 10 ქულითაც გავიდა, მაგრამ სტუმრებმა მაინც შეძლეს გარდატეხის შეტანა.

სტუმრები მოლის შემდეგ ლაშა საჯაიას ლელოთი დაწინაურდნენ, რაზეც ‘არესმა’ რატუ ტუმბუნას ლელოთი უპასუხა. ტაიმის შუაში ბოლნისელი ფორვარდების მიძალებას ჟორა მღებრიშვილის ლელო მოყვა. 29-ე წუთზე ნგლენ თაკაუტინმა თავის ნახევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან ჩაჭრა გადაცემა, ფეხი გაშალა, გზად სამ მბოჭავს გვერდი აუარა და ლამაზი, 60-მეტრიანი ლელო გაიტანა. 34-ე წუთზე ქუთაისელები საკუთარ 22-ში შეცდნენ, ზურგი მოაშიშვლეს, რაც მალაღურაძემ შენიშნა, ფეხით მოკლეზე გადაკიდა და მას რანი ფხალაძე მიყვა. მალაღურაძის სამივე და გიორგი თევდორაძის ორივე გარდასახვა ზუსტი იყო – 14:21.

მეორე ტაიმი ‘არესის’ შეტევებით დაიწყო და მალევე ზაალ ცქიფურიშვილმა ლელო გაიტანა. თევდორაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, 47-ე წუთზე კი ჯარიმით მასპინძლები პირველად დააწინაურა. 4 წუთში მორიგი ლამაზი, ფიჯური ლელო გავიდა. თაკაუტინმა ხელდახელ შეტევა თავისი 22-იდან წამოიწყო, ის ტუმბუნამ გააგრძელა და თაკაუტინმა დაასრულა. თევდორაძემ უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდა – 31:21.

‘ყოჩების’ რიგებში ჯაბა ბრეგვაძის გამოჩენის შემდეგ ბოლნისელებმა რამდენჯერმე ააგორეს მოლი და ერთხელ საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს, რასაც თან ზურა ოდიკაძის სინბინიც მოყვა, მერე კი 5 ქულა ჯაბა ბრეგვაძემ მიითვალა და საკუთარ გუნდს ლიდერობა დაუბრუნა. მალაღურაძემ გარდასახა. მერე მოედანზე ჩხუბი ატყდა და ‘არესიდან’ ყვითელი ბარათი ტუმბუნამ, ხოლო ‘ყოჩებიდან’ ბრეგვაძემ და კოტე მარჯანიშვილმა მიიღეს.

სანამ გუნდები მოედანზე 13-13 კაცის ამარა იყვნენ, ‘არესმა’ არსენ მაჩალაძის ლელოთი ლიდერობა ერთხელაც დაიბრუნა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და მალაღურაძემ 75-ე წუთზე, 45 მეტრიდან გატანილი არეკნით ‘ყოჩები’ საბოლოოდ დააწინაურა, ორიოდე წუთში კი ჯარიმით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 36:41.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რანი ფხალაძე გახდა. ‘ყოჩებს’ 31 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მესამე ადგილზეა. ‘არესი’ ნუგეშს დასჯერდა და 24 ქულით მე-5 პოზიციაზეა.