18 წ. | შვეიცარიასთან დიდი სხვაობით

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ მატჩში, დებიუტანტი შვეიცარია დიდი სხვაობით – 86:10 დაამარცხეს და თასის ნახევარფინალში ნიდერლანდებს შეხვდებიან.

ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ ოთხგზის გამარჯვებული საქართველო, ტურნირის დებიუტანტ შვეიცარიასთან რა თქმა უნდა ფავორიტი იყო, მაგრამ გუნდს მატჩის დებიუტში შეუთამაშებლობა ეტყობოდა. შეცდომები მერეც მრავლად იყო, რაც გარკვეულწილად ცუდმა სათამაშო პირობებმაც განაპირობა (წვიმა და სიცივე), თუმცა 1/4-ფინალში ამას პრობლემები არ შეუქმნია.

საქართველომ შვეიცარიას სულ 13 ლელო გაუტანა, საიდანაც 3-3 ლუკა საღინაძისა და მიხეილ შიოშვილის ანგარიშზეა, თითო-თითო კი გიორგი ჯაშმა, მიხეილ ხახუბიამ, გიორგი მესხიძემ, გიორგი ხაინდრავამ, სანდრო სესიაშვილმა, გიორგი სპანდერაშვილმა და შოთა ხელაძემ მიითვალეს.

თამაშის დასალაგებლად უმცროს ბორჯღალოსნებს გარკვეული დრო დასჭირდათ, რითაც მეტოქემ ისარგებლა, მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა და გარდასახული ლელოთი დაწინაურდა. ამან ზურაბ ამონაშვილის შეგირდებზე დადებითი ეფექტი იქონია, ორიოდე წუთში გიორგი ხაინდრავამ ხაზი გაჭრა, გიორგი ჯაშმა თამაში გაამწვავა და რაქიდან ლელო ლუკა საღინაძემ გაიტანა. გარდასახვა მიზანს ასცდა.

მე-12 წუთზე ქართველების მოლი საღინაძის მეორე ლელოთი დასრულდა და ამჯერად ბუბა ნოზაძის გარდასახვაც ზუსტი იყო. 22-ე წუთზე საღინაძის ძალისმიერ გარღვევას უკვე ჯაშის ლელო მოყვა, მერე მიხეილ ხახუბიამ დაიფრინა მეტოქის 22-ში მცველები და მე-4 ლელო გაიტანა, ბოლოს კი ნოზაძემ გაჭრა კარგად ხაზი, მას საღინაძე მიყვა და თავისი მესამე ლელო პირველსავე ტაიმში გაიტანა – 33:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში, პირველის მსგავსად, პირველი ქულები შვეიცარიელებმა აიღეს. მათ დებიუტშივე ჯარიმა გაიტანეს, რაზეც თამაშის განახლებისთანავე მიხეილ შიოშვილმა უპასუხა. მან ბურთი ლელოდან დაახლოებით 35 მეტრში მოიხელთა, დაიძრა, გზა ბრძოლით გაიკვლია და საოცარი ინდივიდუალური ლელო გაიტანა.

ამის შემდეგ მეტოქე საბოლოოდ გატყდა. გიორგი მესხიძემ ლელო მოლის შემდეგ გაიტანა, რომელშიც შვეიცარია არ შემოვიდა. მერე გიორგი ხაინდრავამ სუფთად გაჭრა ხაზი. მორიგ ხელდახელ შეტევას სანდრო სესიაშვილის 5 ქულა მოყვა. შიოშვილმა მცველები 5-მეტრიანში ერთხელაც ააწიოკა და დუბლი მიითვალა, მალე კი მესამე ლელო გაიტანა.

დასკვნით წუთებში გიორგი სპანდერაშვილმა შერკინების შემდეგ სუფთად გაჭრა ხაზი და 5 ქულა მიითვალა, ბოლოს კი ფრთაზე შოთა ხელაძე გაიჭრა და ლელო ძელებსშუა გაიტანა – 86:10.

14 ნოემბერს თასის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ნიდერლანდები იქნება, რომელმაც 1/4-ფინალში ბელგია 34:6 დაამარცხა. კიდევ ერთ შეხვედრაში პორტუგალიამ რუმინეთს 22:15 სძლია, ესპანეთისა და ჩეხეთის მატჩი კი გვიან დასრულდება.

2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი
ჩეხეთი. პრაღა. 1/4-ფინალი.
საქართველო – შვეიცარია 86:10 (33:7)
საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. დავით ბარბაქაძე (არმია), 13. სანდრო სესიაშვილი (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 9. გიორგი ჯაში (არმია);

შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. თემო წულუკიძე (იუნკერები), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 20. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი); 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 23. ლუკა კეშელავა (არმია), 24. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 25. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 26. მიხეილ შიოშვილი (ლელო).