U14 | ბათუმის 7-კაცას საერთაშორისო ღია ფესტივალი ‘ლომებმა’ მოიგო

ბათუმის რაგბის სტადიონმა 25 ნოემბერს  2009 წელს დაბადებულ მორაგბეთა შორის 7-კაცას ნოემბრის ღია საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.

ერთდღიან სარაგბო ზეიმში 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: ორი ნაკრებით იყო წარმოდგენილი აჭარის რეგიონი; ბათუმში თბილისიდან სამი გუნდი ჩავიდა – ‘ლომები’, ‘რაშები’ და ‘ავჭალა’; შიდა ქართლს წარმოადგენდა ‘გორი’; დასავლეთ საქართველოდან ითამაშეს ქუთაისის ‘აიამ’, ‘სოხუმმა’, ‘ფოთმა’, ‘სამტრედიამ’ და ‘ამარანტებმა’ (ლენტეხი-ამბროლაურის ნაკრები); სპეციალური წვეული გუნდი იყო პოლონეთი, რომელიც ‘ბათუმის’ ყოფილმა მგეზავმა, უკრაინელმა ანტონ შაშერომ ჩამოიყვანა.

ბათუმის ნოემბრის ღია საერთაშორისო ტურნირი საქართველოს რაგბის კავშირის ბათუმის ფილიალისა და ინგლისურ-ქართული სარაგბო გამოცემა Rugby World Georgia-ს ორგანიზებით ჩატარდა. მხარდამჭერები იყვნენ ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს რაგბის კავშირი. სპონსორები: Future Georgia, Future Azerbaijan, ENZY Group.

საწყის ეტაპზე მონაწილეები სამ 4-გუნდა ჯგუფში განაწილდნენ. 3-3 თამაშის შემდეგ ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გავიდნენ, მეორე ოთხეულმა მე-5 ადგილისთვის გააგრძელა ბრძოლა, მესამე ოთხეულმა კი მე-9 პოზიციისთვის.

აღსანიშნავია, რომ პოლონელებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ჯგუფური ეტაპის პირველი ორი თამაში მოიგეს, თუმცა გადამწყვეტი მატჩი ‘რაშებთან’ დათმეს და მე-5 ადგილისთვის გააგრძელეს ბრძოლა.

თასის ნახევარფინალში ‘რაშებმა’ ‘აჭარა’ 3:1 დაამარცხა, ‘ლომებმა’ კი ‘ფოთს’ 3:0 სძლია. დაძაბულ და დრამატულ ფინალში ‘ლომებმა’ ‘რაშებს’ 3:1 სძლია და მთავარი ჯილდოს მსლობელი გახდა. წითელი ფორმით მოთამაშე აჭარამ ფოთს მესამე ადგილისთვის 6:1 მოუგო. მე-5 ადგილი ‘აიას’ ერგო, რომელმაც ‘ავჭალას’ 4:2 აჯობა, მე-7 ადგილისთვის კი პოლონელებმა „თეთრ აჭარას“ 3:0 სძლია. მე-9 ადგილის ფინალში ‘სოხუმმა’ ‘გორი’ დამატებით დროში 3:2 დაამარცხა, მე-11 ადგილი კი ‘სამტრედიას’ ერგო.

7-კაცას წესების თანახმად, პირველადგილოსანი ‘ლომების’ გარდა კუთვნილი თასები ‘აიამ’ (მე-5 ადგილისთვის) და ‘სოხუმმაც’ მიიღეს. სპეციალური პრიზი გადაეცა სტუმარ პოლონეთს. ასევე დაჯილდოვდნენ საუკეთესო მოთამაშე დაჩი ოყროშიძე (რაშები) და საუკეთესო მელელოვე გიორგი ცხვარაძე (აია).

გამარჯვებული გუნდები და ნომინანტები რაგბის კავშირის რეგიონული განვითარების ხელმძღვანელმა გაიოზ მონიავამ, გამგეობის წევრმა გელა ქობულაძემ და ვეტერანმა ბორჯღალოსანმა გიორგი ნემსაძემ დააჯილდოვეს. სპეციალური პრიზი ერგო სტუმარ გუნდ პოლონეთს.

ილია ვერძაძე (საქართველოს რაგბის კავშირის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი): „რაგბის განვითარებისთვის მსგავსი ტრადიციის დამკვიდრება მნიშვნელოვანია, რადგან უნარების გამომუშავება ადრეულ ასაკში ხდება. უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა იმის წინაპირობაა, რომ სამომავლოდ ფესტივალი საერთაშორისოს სტატუსს დაიმკვიდრებს და უცხოური გუნდების მეტი ჩართულობა იქნება“.

„პირველი ფესტივალი სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. ბავშვების შემართება იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ჩვენს ქვეყანაში რაგბს დიდი მომავალი აქვს. სწორედ ამას ემსახურება რაგბის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა და ის გეზი, რომელიც რაგბის კავშირს აქვს აღებული“.

გელა ქობულაძე (სარაგბო კლუბ ‘ბათუმის“ დირექტორი, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი აჭარიდან): „აჭარის მთავრობის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და Rugby World Georgia-ს მხარდაჭერით, სარაგბო კლუბ ბათუმის სტადიონზე ჩატარდა ბათუმის ღია ტურნირი 14-წლამდე მორაგბეთა შორის 7-კაცაში. აჭარა ორი ნაკრებით იყო წარმომადგენილი და აქედან ერთ-ერთმა საპრიზო, მესამე ადგილი დაიკავა, რაც ამ ეტაპისთვის კარგი შედეგია. მორაგბეებს ვპირდები, რომ ფესტივალი ტრადიციული გახდება და მასში უფრო მეტი უცხოური გუნდი ჩაერთვება. ეს ხელს შეუწყობს როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მთელს საქართველოში რაგბის განვითარებას, რაც ყველა ჩვენთაგანის მიზანია“.