პირველი სასკოლო რაგბის ფესტივალი გოგონებში

გასულ უქმეებზე „ხვამლი არენაზე“ პირველი სასკოლო ფესტივალი გაიმართა გოგონებს შორის თაგ-რაგბიში (უკონტაქტო).

ფესტივალში მსოფლიო რაგბის სასკოლო პროექტში – Get into Rugby-ში ჩართულმა ექვსმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა: ქართულ-ამერიკული, 175-ე, 192-ე, 22-ე, 21-ე და 59-ე.

„სასკოლო რაგბის პროექტმა გააჩინა რესურსი, რამაც გოგონებისთვის ლამაზი სარაგბო ზეიმის მოწყობის შესაძლებლობა მოგვცა. იდეა რაგბის კავშირის განვითარების დირექტორისგან, რამა ჩანდისგან წამოვიდა მე, როგორც ქალთა მიმართულების ხელმძღვანელს ამ იდეის განხორციელება დამევალა“ – ამბობს ჯაბა მალაღურაძე, 7-ქალას მთავარი მწვრთნელი და განაგრძობს:

„Get into Rugby-ს პროექტში ინსტრუქტორებად ჩართულები არიან 7-ქალა ნაკრების წევრები – სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, ლიკა ხუფენია და ირმა გულიაშვილი. ასევე გვერდში დაგვიდგა კიდევ ერთი ინსტრუქტორი ვახტანგ კავთიძე. გარდა ამია, ქართულ-ამერიკულ სკოლაში სპორტის მასწავლებელია ნაკრების კიდევ ერთი წევრი ანა რურუა, რომელმაც ასევე გამოთქვა გუნდის გამოყვანის სურვილი“.

ფესტივალის მსვლელობაში სრულად იყვნენ ჩართული ზემოთჩამოთვლილი სკოლების სპორტის მასწავლებლები, რაც სამომავლოდ პროექტში მათ ჩართულობას კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის. თამაშები „ხვამლი არენას“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე გაიმართა და მათ თავად ჯაბა მალაღურაძე და ანა ხაბულიანი მსაჯობდნენ.

გოგონათა სასკოლო რაგბის ფესტივალი ტრადიციული, რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული ფესტივალის პარალელურად ჩატარდა, რამაც თამაშებს დამატებითი ხიბლი და სიხალისე შემატა.

„გვინდოდა გოგონებს ქონოდათ მეტი რაგბი და თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ. ვფიქრობ, ორივე მიზანი წარმატებით შესრულდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ თამაშის დასრულება არავის სურდა და ფესტივალი წინასწარ დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. იქვე ჩამოგვართვეს პირობა, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც იქნება, რაზეც თანხმობა ვუთხარით და უახლოეს პერიოდში მსგავსი აქტივობა კიდევ გვექნება. მაქვს იმედი, რომ ფესტივალში ჩართვის სურვილი სხვა სკოლებსაც გაუჩნდებათ. მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და აუცილებლად დავპატიჟებთ“.

„გარდა ამისა, გვსურს დავტოვოთ ღია სივრცე და ნებისმიერ გოგონას, რომელიც ფესტივალს მაყურებლის რანგში დაესწრება, სურვილის შემთხვევაში თამაშში ჩართვის შესაძლებლობა ექნება“ – აღნიშნავს მალაღურაძე.

ფოტო: ანა რეხვიაშვილი