18 წ. | ზედიზედ მეხუთედ – საქართველო ევროპის ჩემპიონია!

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია 19:3 დაამარცხა და ტიტული ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა.

2015 წლის შემდეგ, საქართველოსთვის ეს ზედიზედ მერვე ფინალი იყო, 2018 წელს საფრანგეთთან 8:3 გამარჯვების შემდეგ კი, ჩვენს 18-წლამდელებს ტურნირზე თამაში არ წაუგიათ. პორტუგალიას ფინალში ზედიზედ მესამედ ვერკინეთ და წინა შემთხვევების მსგავსად გამარჯვება მოვიპოვეთ – 27:0 (2021 წელს), 34:10 (2022) და 19:3 (2023).

წინა წლებთან შედარებით წელს სხვაობა მცირე იყო, თუმცა მატჩის მსვლელობისას გამარჯვებულის ვინაობა ეჭვქვეშ ერთხელაც არ დამდგარა. ზურაბ ამონაშვილის შეგირდები მთელი 70 წუთის განმავლობაში დომინირებდნენ და მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. საქართველომ ბურთზე კონტროლი დაამყარა, ფორვარდებმა 22-ში ფაზები აკინძეს, მერე ოვალი ხაზზე გავიდა და ტატო ბურთიკაშვილი ლელოში ალამთან შევიდა. რთული პოზიციის მიუხედავად გიგი სირბილაძის გარდასახვა ზუსტი იყო. ტაიმის შუაში ფაზები კიდევ ერთხელ ავკინძეთ, პორტუგალიის დაცვა ამჯერადაც გატყდა და გუნდის კაპიტანმა ანდრო დვალმა მეორე ლელო გაიტანა. სირბილაძე ამჯერადაც ზუსტი იყო – 14:0.

ამის შემდეგ ინიციატივას პორტუგალია დაეუფლა, თუმცა ბორჯღალოსნები დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და მეორე ტაიმის მე-10 წუთზე მეტოქემ ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა. ამის შემდეგ ორივე გუნდს თითო ჯარიმა გაუცუდდა. მერე საქართველომ საკუთარი 22-იდან კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც მეტოქემ სახიფათო ბოჭვით შეაჩერა და სინბინით დაისაჯა.

დასკვნითმა წუთებმა უმცროსი ბორჯღალოსნების შეტევებში ჩაიარა. მიხეილ შიოშვილმა ოთხ მცველს გადაუარა, მაგრამ ლელოში ბურთი ჩაიხურა. საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე, მორკინალებმა ფაზები მორიგ ჯერზე აკინძეს, გიორგი სპანდერაშვილმა რაქიდან თავად შეუტია და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 19:3!

2023 წლის რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი
18 ნოემბერი. ფინალი
ჩეხეთი. პრაღა. „მარკეტა სთედიუმი“
საქართველო – პორტუგალია 19:3 (14:0)
საქართველო

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 14. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. სანდრო სესიაშვილი (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (სქარბოროუ, ინგლისი), 9. გიორგი ჯაში (არმია);

შერკინება: 1. გიორგი მესხიძე (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. ნიკა ქუმარიტოვი (ლოკომოტივი), 4. კახა შეყილაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.).

მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ძაგანია (სტად ნისუა, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. მიხეილ შიოშვილი (ლელო), 20. დავით ლაგვილავა (გრენობლი, საფრანგეთი), 21. გიორგი სპანდერაშვილი (ლელო), 22. ბუბა ნოზაძე (ბათუმი), 23. დავით ბარბაქაძე (არმია), 24. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 25. ნუგი ქევხიშვილი (ლელო), 26. თემო წულუკიძე (იუნკერები).

3 ლელო: ბურთიკაშვილი, დვალი, სპანდერაშვილი

2 გარდასახვა: სირბილაძე