ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | მოწინავე სამეულმა ბონუსით მოიგო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფში მეორე წრე დაიწყო. მე-8 ტურის შემდეგ ლიდერთა შორის მდგომარეობა უცვლელი დარჩა. მოწინავე სამეულის ბინადრებმა ბონუსით იმარჯვეს. 8-ვე მატჩის მომგები ‘ბათუმი’ 37 ქულით ცხრილის სათავეში რჩება და მდევარ ‘აიას’ 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონი ‘ლელო’ კი ჯერჯერობით მესამე პოზიციას იკავებს და ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება.

‘არმია’ 19 ქულით მეოთხე ადგილს ინარჩუნებს და მიჯრით მე-3 მოგებით, მეხუთე პოზიციაზე დამკვიდრებულ ‘ყოჩებს’ 3 ქულით უსწრებს. პლეი ოფის დასკვნით, მე-6 ადგილს 11 ქულით რუსთავის ‘ხარები’ ინარჩუნებს, რომელიც მდევარ ‘აკადემიას’ 2 ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის 2 სადებიუტო მოგების შემდეგ „მხატვრებმა“ მიჯრით მე-6  შეხვედრა დათმეს. პირველობის ღრმა აუტსაიდერი ‘აია’-1 კი თავისივე ანტირეკორდის გაღმავებას აგრძელებს. რიონისპირელთა მეორე გუნდი როგორც საცხრილო, ასევე სამატჩო ქულების გარეშე იმყოფება.

პირველობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ‘ბათუმმა’ მეორე წრე რუსთავის ‘ხარებთან‘’ საშინაო შეხვედრით დაიწყო. აჭარლები უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდნენ და პირველ ნახევარში 26 უპასუხო ქულა დააგროვეს. მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა გაიღრმავეს და ქვემო ქართლელებს მთლიანობაში 8 ლელო დაუდეს, რომელთა ნახევარი ბათუმელთა მარბიელი კაპიტანის გიორგი ირემაძის ანგარიშსზეა.

სწორედ ირემაძის გატანილმა ლელომ დაუდო მასპინძელთა წარმატებას სათავე. მეორე ტაიმში მონაგარს ბათუმელთა კაპიტანმა კიდევ 3 ლელო შემატა და „პოკერიც“ გაიფორმა. აჭარელთა ფრთა მათე თავდგირიძემ „დუბლი“ შეასრულა, ხოლო მგეზავმა გიორგი ბერიძემ 7 გარდასახვა გამოიყენა. ‘ხარებმა’ ბოლომდე იბრძოლა, ბურჯ საბა კილაძისა და შუამარბ დათო მაკოევის გარდასახული ლელოებით მატჩის მიწურულს ანგარიშში სხვაობის მცირედით შემცირებაც მოახერხა – 54:14.

„აია არენაზე“, ‘არმია’ ადგილობრივ ‘აიასთან’ შეხვედრაში გარდატეხის შეტანას არაერთგზის ეცადა, თუმცა რიონისპირელთა მწყობრ და ხისტ დაცვას ვერაფერი მოუხერხა და მატჩის ბოლო წუთზე მარქაფადან ჩართული კვაჭის ბუკა კუმელაშვილის გატანილ პრესტიჟის ლელოს დაჯერდა.

‘აიამ’ სოლიდური უპირატესობა ჯერ კიდევ შესვენებამდე მოიპოვა. ბურჯ ბაჩუკი ბარათაშვილის, ფრთა ლუკა ბუხრაშვილისა და შუამარბ ლუკა ჩხაბერიძის გატანილი ლელოებით მასპინძლებმა 19 უპასუხო ქულა მიითვალეს. მეორე ტაიმში რიონისპირელთა უპირატესობა მარქაფადან ჩართული ბურჯის საბა სოსიაშვილის დადებულმა ლელომ გაამყარა. საბოლოოდ მატჩი ‘აიამ’ პრემიალური ქულის თანხლებით მოიგო – 24:5.

მიჯრით 2 განცდილი მარცხის შემდეგ ‘ლელომ’ ჯავრი ‘აია’-1-ზე იყარა. ჩემპიონი რიონისპირელთა მეორე გუნდს მესამე მასივში დაუხვდა და პირველი წრის მსგავსად აუტსაიდერი ამჯერზეც სამნიშნა ციფრით დაამარცხა – 108:0. ჩემპიონმა 18 უპასუხო ლელო გაიტანა. ‘ლელოს’ ბურჯმა დათა ღარიბაშვილმა „პოკერი“ გაახერხა, ფრთა გოჩა ხურციძემ კი „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა.

ტურის დასკვნით შეხვედრაში, „რაგბი პლატოზე“ ერთმანეთს ‘აკადემია’ და ბოლნისის ‘ყოჩები’ დაუპირისპირდნენ. „მხატვრებმა“ რიხიანად დაიწყეს შეხვედრა, რომლის დებიუტში ფრთა გიორგი კორძაძის გარდაუსახავი ლელოსა და მგეზავ ზურა დემეტრაძის გატანილი ჯარიმით 8 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

‘ყოჩებმა’ უპირატესობა ხელთა პირველივე ტაიმში იგდეს და შესვენების წინ 6 ქულით დაწინაურდნენ. ქვემო ქართელებმა მეორე ტაიმში მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და მთლიანობაში „მხატვრებს“ 5 ლელო დაუდეს. ბოლნისელთა ფრთა დაჩი ექიზაშვილმა 5-ივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ‘ყოჩთა’ მარბიელმა არჩილ ნოზაძემ „დუბლი“ გაახერხა და სწორედ მისმა გატანილმა მეორე ლელომ ქვემო ქართლელებს მატჩი პრემიალური ქულის თანხლებით მოაგებინა – 35:13.

„ვერცხლის“ ჯგუფიდან კი საჩემპიონო პლეი ოფში მონაწილეთა ვინაობა ვადამდე გაირკვა. მიმდინარე სეზონში „ვერცხლის“ ჯგუფში შეჯიბრება მხოლოდ აღმოსავლეთში ტარდება, რომლის 5-გუნდა პირველობაზე ‘ხვამლი’ და ‘ლოკომოტივი’ მდევართათვის ამთავითვე მიუწვდომელნი შეიქნენ. ‘ხვამლმა’ თან კალენდარული წელი მაქსიმალური შედეგით დაასრულა (სეზონის 6-ივე შეხვედრა პრემიალური ქულით მოიგო), პირველი ადგილიც დაიბევა და „ოქროს“ პლეი ოფში „რკინიგზელებზე“ უკეთესი  საკლასიფიკაციო ნომრით ითამაშებს.