რეგიონული ლიგა | ‘წიქარამ’ აღმოსავლეთში ჯგუფურ ეტაპზე იპირველა

რეგიონული ლიგის მე-5 ტური დასავლეთში არასრული გამოდგა. სამტრედიაში, ჯგუფის ლიდერების, ადგილობრივი ‘ფენიქსისა’ და ფოთის ‘კოლხი რაინდების’ შეხვედრა მე-14 წუთზე შეწყდა და აღარ განახლებულა. ‘ფენიქსმა’ მატჩის დებიუტში გატანილი ჯარიმითა და ლელოთი 8 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მასპინძლებს გარდასახვის შესრულება აღარ დასცალდათ, რადგან მათ 5-მეტრიანში მეტოქეთა რამდენიმე მორაგბის წაკინკლავება ლიანგურ ჩხუბში გადაიზარდა და მოედანზე ვითარება უკონტროლო გახდა.

მატჩის მთავარი არბიტრი დავით ბალუაშვილი, ვინაც კვალიფიციურად და დამაჯერებლად უძღვებოდა შეხვედრას, იძულებული გახდა მატჩი შეეწყვიტა და სათანადო მოხსენებითი ბარათი სრკ-ს სადისციპლინო კომიტეტისთვის წარედგინა. კავშირის ტრიბუნალი მომხდარზე უახლოესს მომავალში იმსჯელებს და შესაბამისი ვერდიქტიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

პირველი წრის თავს კოლხებს ცხრილში 17 ქულით ‘ჯანი’ გაუტოლდა, თუმცა უკეთესი პირისპირ ბალანსის მქონე ფოთელები პირველ ადგილს ინარჩუნებენ. ლიდერთა დუეტს 2 ქულით ‘ფენიქსი’ ჩამორჩება. ‘აიეტი’ კი 10 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა.

ბეჟან ხურციძის სახელობის სარაგბო არენაზე, პლეი ოფის საგზურისათვის მებრძოლი გუნდების ვანის ‘აიეტისა’ და ჩოხატაურის ‘ჯანის’ შეხვედრა უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა. მარბიელ დუტა დოღონაძის „დუბლითა“ და მთლიანობაში 3 გატანილი ლელოს წყალობით ‘აიეტი’ მატჩის დასკვნითი მონაკვეთის წინ 4 ქულიან უპირატესობას ფლობდა.

გურულებმა მატჩის შემოტრიალება შუამარბ გიორგი ბარამიძის შესრულებული „ჰეთ-თრიკით“ მოახერხეს. ბოლო წუთებზე 1 ქულით ჩამორჩენილმა ვანელებმა მახვილი კუთხიდან აუტი მეტოქის 5 მეტრიანში ვერ გადაიტანეს (მოედანს გადააცილეს) და ‘ჯანმა’ სწრაფი კონტრიერიში მგეზავ საბა გოლიაძის გარდასახული ლელოთი დააგვირგვინა, რამაც მასპინძლები საერთოდ სამატჩო ქულის გარეშე დატოვა – 32:24.

აღმოსავლეთში კი პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა. ყველა მატჩის ბონუსით მომგებმა ‘წიქარამ’ პირველ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი ვადამდე დაიბევა. მართალია, ლიდერს შესაძლოა თეორიულად ‘რუსთავი’ გაუტოლდეს, თუმცა პაატა რიკაძის ბიჭები ქვემო ქართლელებს პირისპირ ბალანსით აღემატებიან. ‘პატარძეულმა’ 30 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიბევა.

23 ქულით მეოთხე ადგილზე ‘სოხუმმა’ აინაცვლა, რომელმაც ‘ჭადარს’ 2 ქულით გადაასწრო. ‘ბორჯომს’ 20 ქულა დარჩა, რამაც თორელები მოწინავე კვინტეტს მიღმა და თან ურთულეს მდგომარეობაში დატოვა. დასკვნით ტურში ‘ბორჯომს’ კონკურენტებისგან განსხვავებით, ‘რუსთავის’ სახით ყველაზე რთული მეტოქე ეყოლება. შეგახსენებთ, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე აღმოსავლეთიდან პლეი ოფის 2 საგზურისთვის ბრძოლას 5 მოწინავე გუნდი განაგრძობს.

‘წიქარა’, მატჩის ნომინალურ მასპინძელ ‘ბორჯომს’ „ავჭალა არენაზე“ ესტუმრა და თორელები მგეზავ ირაკლი გოდერძიშვილის დადებულ ეულ ლელოს დააჯერა. საკუთრივ კი ლიდერმა 10 ლელო გაიტანა და მატჩი 67:7 მოიგო. ‘წიქარას’ რიგებში შესრულებული „ჰეთ-თრიკითა“ და 4 გარდასახვით ფულბეკი ნიკოლოზ ნოქარაშვილი გამოირჩა.

უქულოდ მყოფმა აუტსაიდერმა ‘ივერიელმა’ ‘რუსთავს’ ვაზისუბანში უმასპინძლა და „მშრალი“ ანგარიშით თავის დაღწევა პირველი ტაიმის მიწურულს ბურჯ ბექა არჩვაძის გატანილი ლელოთი მოახერხა. რუსთაველებმა კი 12 ლელო გაიტანეს და მათმა ფრთა გიორგი ძნელაძემ „პოკერი“ გაიფორმა – 78:5.

‘ლაშარი’-‘სოხუმის’ პრინციპულ დაპირისპირებას „ხვამლი არენამ“ უმასპინძლა. გამარჯვების შემთხვევაში ‘ლაშარი’ ზედა ხუთეულში მოხვედრის გარკვეულ შანსს ინარჩუნებდა, ‘სოხუმს’ კი თავის მხრივ მოგება გზას სანუკვარი კვინტეტისკენ უხსნიდა. პირველი ტაიმის სოლიდურმა დრომ თანაბარ ბრძოლაში განვლო, რის შემდგომ ‘სოხუმის’ უპირატესობა მეთოდურად გამოიკვეთა. ‘სოხუმმა’ მეტოქეს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა (კვაჭი ცოტნე სხილაძე, მგეზავი ფრიდონ ბაღაშვილი, მარბიელი ნიკოლოზ ბურდილაძე), ‘ლაშარი’ კი მეორე ტაიმში მარქაფადან ჩართული მარბიელის გიორგი ხუციშვილის ეულ ლელოს დააჯერა. პრემიალური ქულის მომტანი ლელო სოხუმელთა მხტომელ გაგა მაქაძის ანგარიშსზეა – 25:5.

„კავკასიონი არენაზე“, ‘ჭადარი’-‘პატარძეულის’ კახურმა დერბიმ კი მოლოდინი არ გაამართლა. შედარებით დაძაბული მხოლოდ პირველი ტაიმი გამოდგა. გარე კახელთა ჰავბეკის შმაგი სუხაშვილის, მღლეტელ ლაშა ბრეგვაძისა და მხტომელ ოთარ ლაფერიშვილის გარდაუსახავ ლელოებს, თელაველებმა ბურჯ თორნიკე კევლიშვილის დადებული ლელოთი და  შუამარბ ლუკა ნაყეურის გატანილი ჯარიმით უპასუხეს. ‘პატარძეული’ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ნახევარი კი გარე კახელთა სრული უპირატესობით წარიმართა, რაც სტუმართა გატანილ 6 უპასუხო ლელოში აისახა. ისიც აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ‘ჭადარმა’ სამატჩო ქულათა მონაგარს ვერაფერი შემატა. ოთარ ლაფერიშვილთან ერთად, მარბიელმა ლაშა მუჩიაშვილმა და შუამარბმა გიორგი ჭინჭარაძემ „დუბლი“ შეასრულეს. ‘პატარძეულმა’ დერბი დამაჯერებლად მოიგო – 57:8.